რატომ დავტოვე "იმედი"? — რუსა შელიას ოპ-ედი
2023 წლის 1-ელ დეკემბერს, ტელეკომპანია "იმედი" ოფიციალურად დავტოვე. ოფიციალურად-მეთქი, ვამბობ, იმიტომ, რომ ტელევიზიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება უფრო ადრე მივიღე. გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დირექტორის სახელზე კი, ერთი თვით ადრე გადავაგზავნე — ისე, როგორც ამას შესაბამისი პროცედურა მოითხოვდა...
რატომ დავტოვე "იმედი"? მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი ისედაც ცხადი მგონია, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ამ ტელევიზიასთან ურთიერთობის თითქმის ორწლიანი ურთიერთობის ტექნიკურ ქრონოლოგიაზე ვისაუბრო (აქვე ვიტყვი, რომ არც წინა წლებთან დაკავშირებულ კითხვებს გავურბივარ):
უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას ვაშუქებდი, როდესაც მივიღე ზარი, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მზად იყო და შეერთებულ შტატებში “იმედის” ბიუროს აღსადგენად მივემგზავრებოდი.
2022 წლის 13 აპრილს, ვაშინგტონში ჩამოვედი განწყობით, რომ მთელი მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, როგორც ქართველ ჟურნალისტს, აქტიურად მემუშავა და პოლიტიკური დედაქალაქიდან მაყურებლისთვის ინფორმაცია მაქსიმალურად ინტენსიურად მიმეწოდებინა.
ორმაგი პასუხისმგებლობაა შეერთებულ შტატებში ჟურნალისტად მუშაობა — გაახმოვანო შენი ქვეყნის ინტერესები იქ, სადაც გლობალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი წყდება.
იმის მიუხედავად, რომ ვაშინგტონში ჩამოსვლისას, არცერთ ისეთ ოფიციალურ პირს, პოლიტიკოსს, თუ ექსპერტს არ ვიცნობდი, რომელიც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის განვითარების დინამიკას წლებია, აკვირდება, ვფიქრობ, ბიუროს მუშაობის პირველი ეტაპი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. ვხვდებოდი და ვწერდი ინტერვიუებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებთან, ექსპერტებთან, ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ვაშინგტონს სტუმრობდნენ.
პირველ ეტაპზე, ჩემ მიერ გაგზავნილ ინტერვიუებზე, კომენტარებსა თუ ბრიფინგის ან სიახლის გაშუქებაზე, ტელეკომპანია “იმედისგან” უარი არ მიმიღია.
ინტერვიუების ე.წ. თაროზე შემოდება და ასევე, კონკრეტული მოთხოვნები, ნელ-ნელა, ეტაპობრივად და ახლა რომ ვიხსენებ, საკმაოდ ფრთხილად და შეფარვით დაიწყო.
არაერთხელ მქონდა საუბარი ჩემს მაშინდელ უშუალო ხელმძღვანელთან, რომ მსგავსი მოთხოვნები იყო მიუღებელი, სრულიად ანტიდასავლური კონტენტის შემცველი და მსგავს მასალებს არ მოვამზადებდი. არ მიჭირს იმის აღიარებაც, რომ უფრო დიდი მიზნისთვის (არ დამეკარგა ვაშინგტონში ქართველი ჟურნალისტის ხმა) კომპრომისზე წავსულვარ იქ, სადაც ჩემს პრინციპებთან წინააღმდეგობა არ მიგრძნია.
2023 წლის იანვარში, საკმაოდ კონკრეტული საუბარი მქონდა ტელევიზიის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან და ძალიან გულწრფელად, მშვიდად და მეგობრულად ვკითხე, ჩვენი საქმიანი ურთიერთობების პირობებში, როგორ გააგრძელებდა ბიურო მუშაობას, ან გააგრძელებდა თუ არა საერთოდ?! მივიღე პასუხი, რომ მინიმუმ, კიდევ ერთი წლით, ანუ 2024 წლის აპრილამდე კონტრაქტი გამიგრძელდებოდა, თუმცა, რეალურად, 2024 წლის დეკემბრამდე ვაშინგტონში უნდა დავრჩენილიყავი და ისევ აქტიურად გამეგრძელებინა მუშაობა იმ თემებსა და მიმართულებებზე, რაც შეერთებული შტატების დისკრედიტირებას კი არა, ჩვენთვის, ჩვენი რეგიონისთვის ინფორმაციულად მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. გამომიგზავნეს შესაბამისი ოფიციალური ხელმოწერილი დოკუმენტიც, რომელსაც ახლა უკვე სათუთად ვინახავ. სრულად დამიფინანსეს გერმანიაში ვიზის გაგრძელების ხარჯებიც.
სწორედ ამის შემდეგ იყო, აპრილში, ე.წ. აგენტების კანონზე ჩემთვის სრულიად მიუღებელი პროცესი და საჯარო პოზიციაც. პოსტის გამოქვეყნებისთანავე არაერთი ზარი მივიღე ტელევიზიიდან, ისტერიული ტექსტებით. ამასვე მოჰყვა თბილისში დაბრუნების მოთხოვნა. მეც მქონდა მათთან მოთხოვნა და მთავარი შეკითხვა — რა მიზეზით მიცვლიდა ტელევიზია სულ ცოტა ხნის წინ დადებულ ოფიციალურ პირობას? ბუნებრივია, კონკრეტული პასუხი ვერ მოვისმინე, თუმცა, რა თქმა უნდა, სრულიად გასაგები იყო, რომ მომავალ ორწლიან მუშაობაზე გათვლილ ბიუროს, ერთ თვეში, ჩემი საჯარო პოსტის გამო ხურავდნენ. ბევრი ტექნიკური დეტალის გათვალისწინებით და საკმაოდ მძიმე საუბრის შემდეგ, მაშინ შევთანხმდით, რომ ერთმანეთს დეკემბერში დავემშვიდობებოდით.
თუ კიდევ ვინმეს შეკითხვა დარჩება ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ან ეცდება არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს, აბსოლუტურად მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში ამომწურავი პასუხები გავცე. უმძიმესი პროცესია ეს ჩემთვის, მაგრამ სუფთა მაქვს სინდისი და სათქმელს ეს განცდა მიმარტივებს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ძალიან მალე, ახალი ვებ-პლატფორმა ჩაეშვება, რომლის მთავარი მიზანი იქნება დაზუსტებული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება. ვებ-პლატფორმა იქნება ორენოვანი (ქართული და ინგლისური) და ჩვენი ჯგუფი იმუშავებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებში. მჯერა, რომ ორივე ოფისის თანამშრომლობა შესაძლებლობას მოგვცემს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არამხოლოდ ლოკალურ, მიმდინარე პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებზე, არამედ იმაზეც, როგორ აღიქმება საქართველო, როგორც საერთაშორისო, გლობალური პოლიტიკის ნაწილი. ვებ-პლატფორმაზე სიახლეები, ინტერვიუები და კომენტარები განთავსდება როგორც წერილობით, ასევე, ვიდეო-ინტერვიუების სახით. სულ ცოტა ხანში მზად ვიქნები, ვებ-პლატფორმაზე მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ.
და რატომ გადავწყვიტე ქართულ მედიაში დარჩენა? პირველ რიგში, საკუთარ თავთან უდიდესი პასუხისმგებლობის განცდის გამო! ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს ეტაპზეა, წინ ასევე უმნიშვნელოვანესი წელია და მჯერა, რომ ახლა, ამ პროცესისგან გაქცევის, ან — თავის არიდების უფლება არცერთ მოქალაქეს და მითუმეტეს, მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს.
კომენტარები