მართლა პოლიტიკურია ევროვიზია?
"მეტისმეტად პოლიტიკური ნუ გახდები" — 2019 წლის ევროვიზიის ერთ-ერთ საკონკურსო სიმღერაში გამოყენებული ეს ფრაზა ძალიან ირონიულად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ კონკურსს ყველაზე ხშირად სწორედ პოლიტიზაციაში ადანაშაულებენ.
რამდენად პოლიტიზებულია ევროვიზია? ამ შეკითხვას საქართველოში კიდევ უფრო ხშირად სვამენ. ამის საფუძველი შეიძლება ისიცაა, რომ კონკურსზე მაინცდამაინც წარმატებული მონაწილეობის ისტორია არ გვაქვს: 15 მცდელობიდან ფინალში მხოლოდ 7-ჯერ მოვხვდით, 3-ჯერ დავიკავეთ ბოლო ადგილი, საუკეთესო ათეულში კი უკანასკნელად 2011 წელს აღმოვჩნდით. ყოველი მომდევნო ფიასკოს შემდეგ კი ქართველი ევროფანებისთვის კარგად ნაცნობი სცენარი ვითარდება: დაუსრულებელი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ღირსეულად წარვდექით, ევროპა კი, უბრალოდ, გვჩაგრავს.
ვითომ ასეა მართლა? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ სათაურში გამოტანილ შეკითხვაზე პასუხი ასე ადვილად გასაცემი ნამდვილად არ გახლავთ.
მეზობლობა და მეგობრობა
მე ასე ვიტყოდი: ევროვიზიას პოლიტიკური ხასიათი ნამდვილად აქვს, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. აქ ვერც "ჩაწყობით" გაიმარჯვებ და არც შენი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციის გამო ჩარჩები ნახევარფინალში. სამაგიეროდ, სულ ადვილად შეიძლება უმაღლესი 12 ქულა მხოლოდ იმიტომ გერგოს, რომ ვიღაც მეგობრად გთვლის.
უფრო ზუსტად რომ გითხრათ, რაზე ვსაუბრობ: ევროფესტივალზე არაერთი ქვეყანაა შემჩნეული ქულების მიმოცვლაში. ეს, ძირითადად, ის ქვეყნებია, რომლებიც ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულით გამოირჩევიან. მაგალითისთვის, როცა კონკურსზე კვიპროსის ხმები ცხადდება ხოლმე, დარბაზი ერთხმად ყვირის "საბერძნეთს", რადგან ეს უკანასკნელი კვიპროსისგან თითქმის ყოველთვის 12 ქულას იღებს. სანაცვლოდ, საბერძნეთიც თითქმის ყოველთვის კვიპროსს უწერს უმაღლეს შეფასებას. ქულების მსგავს ტრადიციულ მიმოცვლას დარბაზში მყოფი მაყურებლისგან უკმაყოფილების შეძახილებიც მოჰყვება ხოლმე.
გამონაკლისი არც საქართველო გახლავთ; ჩვენი ქვეყანა მაღალ შეფასებებს უმეტესად მეზობელი ან იმ სახელმწიფოებისგან იღებს, რომლებთანაც მჭიდრო პოლიტიკური კავშირი გვაქვს: სომხეთისგან, ლიეტუვისგან, აზერბაიჯანისგან... ამიტომ, ევროფანებს ყოველთვის გულს გვიხარებს, როცა რომელიმე ეს ქვეყანა ნახევარფინალში ჩვენთან ერთად ხვდება ხოლმე.
მაღალი ქულების მიმოცვლა ევროვიზიაზე წინათ ასევე ახასიათებდათ თურქეთ-აზერბაიჯანს, სკანდინავიის ქვეყნებს და ბალკანეთის სახელმწიფოებს.
ევროვიზიის კიდევ ერთი პოლიტიკური ასპექტი კი დიასპორის გავლენაა. გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, საქართველო ხშირად იღებს ქულებს იტალიისგან, საბერძნეთისგან, ისრაელისგან — იმ სახელმწიფოებისგან, სადაც ბევრი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მეტიც, წინასაკონკურსო კამპანია ყოველთვის მოიცავს ემიგრანტებისთვის მოწოდებას, მხარი დაუჭირონ სამშობლოს.
მუსიკა, პოლიტიკა და დრამები
რის ნაკლებობასაც ევროვიზიაზე არ ვუჩივით, ეს — დრამებია, ხოლო ამ დრამების ნაწილს მართლაც აქვს პოლიტიკური სარჩული. ეს არცაა გასაკვირი: ევროვიზია კი სიმღერის კონკურსია, მაგრამ ერთმანეთს ხომ ქვეყნები ეჯიბრებიან, დარბაზში კი სახელმწიფო დროშები ფრიალებს.
კი ვთქვი, ევროვიზიაზე პოლიტიკური მიზეზით არ დაიჩაგრები-მეთქი, მაგრამ არსებობს რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, ამ ორ ქვეყანას ერთიმეორისთვის ქულა თითქმის არასდროს დაუწერია (მხოლოდ 2009 წელს დაუწერა სომხეთმა აზერბაიჯანს 1 ქულა). ამასთან, როცა 2012 წელს ევროფესტივალს ბაქო მასპინძლობდა, სომხეთმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. ასევე, გავრცელებული ცნობით, 2009 წელს სომხეთისთვის ხმის მიცემის გამო აზერბაიჯანში მოქალაქეები პოლიციამ დაკითხა.
2022 წლამდე — მანამდე, სანამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა და ევროვიზიის ორგანიზატორები რუსეთს განუსაზღვრელი ვადით გააძევებდნენ — ამ ორ ქვეყანასაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასის ომის შემდეგ, უკრაინა ევროვიზიას ერთი წლით გამოეთიშა, 2016 წელს კი წარმოშობით ყირიმელი თათარი მომღერალი ჯამალა წარადგინა, რომელმაც საკონკურსო სიმღერით 1944 სტალინის მმართველობის პერიოდში თავისი ხალხის მასობრივ დეპორტაციაზე მოჰყვა. მაშინ რუსეთი კონკურსზე სიმღერის დაშვების წინააღმდეგი იყო — დუმის დეპუტატებმა ის "რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ გზავნილადაც" შეაფასეს. თუმცა, საბოლოოდ ჯამალამ ევროფესტივალი მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის ოქტომბერში მომღერალი, მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, რუსეთში ძებნილად გამოცხადდა.
უკვე 2017 წელს, როცა ევროვიზიას უკრაინა მასპინძლობდა, რუსეთმა, ბევრი ევროფანის აზრით, მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყო: წარადგინა მომღერალი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ იმყოფებოდა. რადგან ასეთი პირის ქვეყანაში მიღებას უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს, რუს მონაწილეს კონკურსში დისტანციურად ჩართვა შესთავაზეს. თუმცა, რუსეთმა ამაზე უარი თქვა და იმის დაპირებით, რომ მომდევნო წლისთვის წარმომადგენელს არ შეცვლიდა, კონკურსი დატოვა. სპოილერი: მომდევნო წელს რუსეთი ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ჩარჩა ნახევარფინალში.
უკრაინას ევროვიზიაზე კიდევ ორ პოლიტიკურ ამბავთან აქვს კავშირი: 2019 წელს, შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად გამოვლენილ წარმომადგენელს, MARUV-ს, ულტიმატუმი წაუყენეს და კონკურსზე დაშვების სანაცვლოდ რუსეთში კონცერტების გაუქმება მოსთხოვეს. შედეგად, ევროვიზიას ჯერ მომღერალი, შემდეგ კი ქვეყანაც გამოეთიშა. მსგავსი ისტორია განმეორდა 2022 წელსაც, როცა შიდაშესარჩევი კონკურსის გამარჯვებული მომღერალი ალინა პაში, ოკუპირებულ ყირიმში უკანონოდ მოგზაურობის ბრალდების გამო, კონკურსიდან მოიხსნა.
ევროვიზიაზე მონაწილეობის დრამატული ისტორია აქვს ისრაელსაც, რომელიც, მართალია, ევროპის კონტინენტზე არაა, მაგრამ კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრია და უკვე ნახევარი საუკუნეა, ევროფესტივალზე ასპარეზობს. ამას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ არაბული ქვეყნები, სადაც ევროვიზიის ტრანსლაცია 1970-იანებში ხორციელდებოდა. თუმცა, ისრაელის სცენაზე გამოსვლისას, მაუწყებლები სარეკლამო ჭრაზე გადიოდნენ ხოლმე. 1978 წელს კი, როცა ცხადი გახდა, რომ კონკურსზე ისრაელი იმარჯვებდა, იორდანიის ტელევიზიამ ტრანსლაცია "ტექნიკური ხარვეზის" გამო შეწყვიტა და ყვავილების ფოტოების ჩვენება დაიწყო. მეორე დღეს იორდანიის მაუწყებელმა ისრაელის გამარჯვება დამალა და ტრიუმფატორად მეორეადგილოსანი ბელგია გამოაცხადა. ამასთან, ერთადერთი არაბული სახელმწიფო, მაროკო, ევროვიზიაზე პირველად და უკანასკნელად 1980 წელს გამოჩნდა, როცა ისრაელი კონკურსს ფინანსური პრობლემების გამო გამოეთიშა. მუდმივი პროტესტისა და ბოიკოტით მუქარების მიუხედავად კი, ისრაელმა ევროვიზია უკვე ოთხჯერ მოიგო.
პოლიტიკური გზავნილები ევროვიზიის სცენიდან
ევროვიზიის წესები კრძალავს კონკურსის ფარგლებში პოლიტიკური ხასიათის განცხადებების გაკეთებას — როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრე აუდიტორიის მხრიდან. სწორედ ამიტომ, 2016 წლიდან შოუზე კოსოვოს, მთიანი ყარაბაღის, ბასკეთის, ყირიმისა და პალესტინის დროშების აფრიალება იკრძალება. თუმცა, წესებს ყველა როდი ემორჩილება. მაგალითად, 2016 წელს სომხეთის წარმომადგენელმა "მწვანე ოთახში" კამერას მთიანი ყარაბაღის დროშა აჩვენა, 2019 წელს კი, ისრაელში გამართული ევროვიზიის ფინალში, ისლანდიის წარმომადგენელმა ჯგუფმა პალესტინის დროშა გაშალა. ორივე შემთხვევაში მაუწყებელთა კავშირმა ქვეყნების დელეგაციები დაასანქცირა.
პოლიტიკურ გზავნილად შეფასდა ჩვენი საკონკურსო სიმღერაც 2009 წელს. მოსკოვში დაგეგმილ კონკურსზე საქართველო მაშინ შიდაშესარჩევი კონკურსის შედეგად გამოვლენილ ჯგუფს, სტეფანე და 3G-ს, უნდა წარედგინა. რადგან სიმღერაში We Don't Wanna Put In რუსეთის იმჟამინდელი პრემიერმინისტრის, ვლადიმირ პუტინის, გვარის მსგავსი ფრაზა ჟღერდა, მაუწყებელთა კავშირმა დაჟინებით მოითხოვა, სიმღერის ტექსტი შეცვლილიყო. მოთხოვნაზე საქართველომ უარი განაცხადა და კონკურსს გამოეთიშა.
სამაგიეროდ, 2015 წელს ნინა სუბლატმა შეძლო, საკუთარი სიმღერით Warrior ("მეომარი") სათქმელი წესების დაცვით, მაგრამ მაინც ღიად ეთქვა. "ჩემი ქვეყანა იბრძვის, რომ იყოს თავისუფალი და იყოს ევროპა", — განაცხადა მაშინ 20 წლის მუსიკოსმა პრესკონფერენციაზე. ოთხი წლის შემდეგ კი სუბლატმა პირდაპირ თქვა, რომ სიმღერით რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ილაშქრებდა.
სტეფანე და 3G-ის ერთ-ერთი წევრი თაკო გაჩეჩილაძე კი ევროვიზიაზე 2017 წელს დაბრუნდა. შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალში, გაჩეჩილაძის გამოსვლისას, ეკრანზე მცირე ხნით გამოჩნდა სტატია სათაურით "რუსეთი საქართველოში შეიჭრა". რუსულ პრესას ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩენია და სულ მალე დაწერეს, რომ "ქართველი მომღერალი ევროვიზიაზე ანტირუსულ პროვოკაციას ამზადებდა".
მაუწყებელთა კავშირი — არა, მაგრამ ზოგიერთი აწ უკვე ყოფილი მონაწილე ქვეყანა მიიჩნევს, რომ ევროვიზიის ლგბტქ-მეგობრული დამოკიდებულება პოლიტიკური განაცხადია, თანაც — არასასურველი. მაგალითად, თურქეთი, რომელიც კონკურსზე 2012 წლის შემდეგ აღარ გამოჩენილა, აცხადებს, რომ ევროვიზიაზე მანამდე არ დაბრუნდება, სანამ ფესტივალი "გეი-პროპაგანდის" იარაღად გამოიყენება. არაოფიციალური ინფორმაციით, მსგავსი მიზეზით გამოეთიშა 2019 წელს კონკურსს უნგრეთიც, რომელსაც ღიად პრორუსი და ჰომოფობი ვიქტორ ორბანი მართავს.
და მაინც — რა სურს ევროპას?
გასაგებია, რომ ევროვიზიაზე პოლიტიკა გარკვეული დოზით ურევია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, არაგონივრულად მიმაჩნია, მუსიკალურ კონკურსზე წარუმატებლობა პოლიტიკურ ფაქტორს და მთავრობების გავლენას დააბრალო. ამის დასტური კი გაერთიანებული სამეფოა — 2010-იან წლებში ბრიტანეთს კონკურსზე არცთუ სახარბიელო შედეგები ჰქონდა: 10-დან ექვსი მცდელობა ბოლო ხუთეულში ყოფნით დასრულდა, საუკეთესო ათეულში კი ვერც ერთხელ მოხვდნენ. რა აღარ ცადეს — წარადგინეს პოპულარული ბოიბენდი Blue, ლეგენდარული მომღერლები ენგელბერტ ჰამპერდინკი და ბონი ტაილერიც კი. ამის გამო, ბევრი საუბრობდა, რომ ბრიტანეთის წარუმატებლობა პოლიტიკის ბრალი იყო, განსაკუთრებით, ბრექსიტის შემდეგ. თუმცა, სწორედაც რომ ბრექსიტის შემდეგ, 2022 წელს, გაერთიანებულმა სამეფომ ევროვიზიაზე მსოფლიოსთვის ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი სემ რაიდერი წარადგინა, რომელმაც თავის სამშობლოს 1998 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი, მეორე ადგილი, მოუტანა.
ეს ამბავი კიდევ ერთ რამეზე მიუთითებს — ევროვიზიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სიმღერაა; სიმღერა თუ კარგია, არ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიო ლეგენდა ასრულებს თუ დამწყები მომღერალი. აი, "კარგი სიმღერის" განმარტება კი ევროვიზიაზე, ისევე, როგორც ზოგადად, არ არსებობს.
ხშირად ამბობენ ხოლმე, ესა თუ ის სიმღერა ევროვიზიის "ფორმატში" ჯდება ან ვერ ჯდებაო. მაგრამ საქმეც ისაა, რომ არანაირი ფორმატი და ჩარჩო არ არსებობს; კონკურსზე ტენდენციები მუდმივად იცვლება, ერთი და იგივე მიდგომა კი მიყოლებით ვერასდროს ამართლებს. ერთ წელს შეიძლება დენს-პოპ სიმღერამ ლამის რეკორდული ხმებით მოიგოს (შვედეთი 2012), მეორე წელს კი — მსგავსი კომპოზიცია საუკეთესო ოცეულშიც ვერ მოხვდეს (გერმანია 2013). ერთ წელს შეიძლება ჯაზ-ბალადამ სადა გაფორმებით გაგამარჯვებინოს (პორტუგალია 2017), მეორე წელს კი — პირველი ადგილი ენერგიულმა ელექტრო-პოპმა დაიკავოს (ისრაელი 2018).
ვერავინ გეტყვის, რა სურს ევროვიზიის მაყურებელს კონკრეტულ წელს. თუმცა, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ მთავარი სცენოგრაფია ან ჩაცმულობა კი არა, სიმღერაა. ამის დასტურია 2010 წლის გამარჯვებული გერმანია. მართალია, იმ წელს ჩვენც დღემდე საუკეთესო შედეგი (მე-9 ადგილი) მივიღეთ, მაგრამ ამისთვისაც კი ძალიან დავიხარჯეთ — სცენოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, ქართველი კონკურსანტის სასცენო ჩაცმულობად Dolce & Gabbana-ის კაბა შეირჩა. თუმცა, გამარჯვება მაინც სულ მთლად დამწყებ მომღერალს, გერმანელ ლენა მაიერ-ლანდრუტს ხვდა წილად. მინიმალური სცენოგრაფიით და უბრალო შავი კაბით 19 წლის მომღერალმა თავის ქვეყანას 1982 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანა. მიზეზი იყო მელოდიური, ადვილად დასამახსოვრებელი საკონკურსო სიმღერა Satellite, რომელიც მოგვიანებით 10 ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანაწერი გახდა ევროვიზიის იუთუბ არხზე.
ასე აქცია ბევრის მიერ პოლიტიკურად მონათლულმა ევროვიზიამ ახალგაზრდა გერმანელი მომღერალი ნამდვილ პოპვარსკვლავად. ლენა ერთადერთი არაა — ევროვიზია კიდევ უამრავი საქვეყნოდ ცნობილი მუსიკოსისთვის გახდა კარიერის საწყისი წერტილი ან ტრამპლინი: ფრანს გალი, ABBA, სელინ დიონი...
რა თქმა უნდა, პოლიტიკური ელფერი აუცილებლად ექნება შოუს, რომელიც 1956 წელს ერთადერთი მიზნით, ომისშემდგომი კონტინენტის გასაერთიანებლად შეიქმნა. ასე რომ, საბოლოო ჯამში, ევროვიზია უფრო მეტად აერთიანებს, ვიდრე — ყოფს. აერთიანებს ქვეყნებს, სხვადასხვა მიმართულების მუსიკოსებს, განსხვავებული გემოვნების, წარმომავლობისა და იდენტობის მქონე მელომანებს. როგორც ეს 2019 წლის კონკურსზე იყო ნათქვამი, "ევროვიზია მხოლოდ სიმღერები და შოუ არაა — ესაა ჰუმანურობის, სოლიდარობისა და მრავალფეროვნების ზეიმი".
კომენტარები