"კოსმოსური აისის" პერიოდის გალაქტიკაში მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემების მეშვეობით შეისწავლეს გალაქტიკა, რომელიც დიდი აფეთქებიდან 350 მილიონ წელში უკვე არსებობდა. მათ იქ მოულოდნელი მეტალურობა გამოავლინეს, რაც ნიშნავს, რომ ამ სისტემაში წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტების უჩვეულო სიმრავლეა.
საქმე ისაა, რომ სამყაროს განვითარების ასეთ ადრეულ ეტაპზე კოსმოსში მეტწილად წყალბადი და ჰელიუმი, ასევე მცირე ოდენობის ბერილიუმი და ლითიუმი გვხვდებოდა. მათზე მძიმე ელემენტების ფორმირება ვარსკვლავებთანაა დაკავშირებული, რომელთა პოპულაციების ევოლუციის პარალელურადაც მეტალურობაც იმატებდა. ამის გარეშე დედამიწის მსგავსი მყარი ციური სხეულები და სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა, ამიტომ ეს საკითხი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.
მის შესასწავლად ადრეულ სამყაროზე დაკვირვებაა საჭირო, რაშიც სწორედ ვების ტელესკოპი გვეხმარება. მან ზემოხსენებულ გალაქტიკაში ნახშირბადი დააფიქსირა, ვარსკვლავთაშორის ან გალაქტიკის გარშემო არსებულ სივრცეში. ასევე, მიაგნეს ჟანგბადისა და ნეონის პოტენციურ კვალსაც, რომლებიც წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმეა, ამიტომ ასტრონომიაში "მეტალებად" მიიჩნევა.
სპეციალისტებს ასეთ შორეულ კოსმოსში მეტალურობა აქამდე არ გამოვლენიათ. ეს ნიშნავს, რომ გამოწვევის წინაშე დადგა თეორია ვარსკვლავთა პირველი პოპულაციისა და მათი ქიმიური სიმარტივის შესახებ. წესით, "კოსმოსური აისის" პერიოდში მათში მსგავსი შემადგენლობა არ უნდა ყოფილიყო
მძიმე ელემენტების არსებობა შესაძლოა, ამ გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელით აიხსნას, რომელიც მატერიით აქტიურად იკვებება, რა დროსაც "მეტალები" წარმოიქმნება. სხვა ჰიპოთეზა ე.წ. ასიმპტოტურ გიგანტ ვარსკვლავებს უკავშირდება, რომლებიც პოტენციური ზეახალი მნათობებისგან განსხვავდება და მძიმე ელემენტებსაც უფრო ნელა წარმოქმნის. ამის მიუხედავად, ასეთ ობიექტად ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, 350 მილიონ წელზე მეტი.
საბოლოოდ, ავტორები ამბობენ, რომ, არაა გამორიცხული, გალაქტიკაში დაფიქსირებული ნახშირბადი ვარსკვლავთა პირველი პოპულაციის ზეახალი მნათობებიდან მომდინარეობდეს. უნდა ითქვას, რომ ვებმა ეს ინფორმაცია 65-საათიანი დაკვირვებების შედეგად მოიპოვა. იმედოვნებენ, რომ მომავალში ღირებულ მონაცემებს უფრო მცირე დროში შეაგროვებენ და აღნიშნული საკითხის შესახებ მეტს გაიგებენ.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები