დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის გამარჯვებულები ცნობილია
ForSet-ის, Zinc Network-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ყველაზე საინტერესო და თანამედროვე სასწავლო დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი — ბუთქემფი ჩატარდა.
ბუთქემფი არის ერთადერთი და უნიკალური პლატფორმა, რომლის მიზანია, მედიის და აკადემიის წარმომადგენლებს, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლებლობა მისცეს, უფრო ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები.
დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების ინოვაციური ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად.
ბუთქემფის შესახებ
ბუთქემფში, რომელმაც სტარტი სექტემბრის თვეში აიღო, შერჩევის ეტაპზე მონაწილეობის სურვილი 200-მდე ადამიანმა გამოთქვა, რომელთაგან 54 საუკეთესო ჟურნალისტი, მკვლევარი და მონაცემთა ბაზების დამუშავების ანალიტიკოსი შეირჩა. პროექტის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დასწრებოდნენ წამყვანი მენტორების (ISFED, GRASS, DFRLab, GMC, IFACT-დან) სამუშაო შეხვედრებს და მათი დახმარებით, გამოეყენებინათ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც შექმნეს ისეთმა ინოვაციურმა კომპანიებმა როგორიცაა: Pulsar.ai, MettaMine და Wavetech. Ai.
სწორედ ამ ტექნოლოგიების დახმარებით ბუთქემფის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ტექნიკებს თუ როგორ დაეინტრეგინებინათ ინოვაციური ტექნოლოგიები კვლევის და გამოძიების პროცესში, შეექმნათ საინტერესო მასალები და ამისთვის მიეღოთ ჯილდო.
პროექტის განმავლობაში მოსწავლეებმა მიიღეს მრავალმხრივი ცოდნა:
- როგორ მოახდინონ დეზინფორმაციის ნაკადების და ტენდენციების პროგნოზირება;
- როგორ გამოიყენონ ღია წყაროები გამოძიებისთვის;
- როგორ გამოავლინონ კოორდინირებული ორგანიზებული სოციალური ქსელები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული საკითხების მიღწევა სწორედ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი, რომელსაც ბუთქემფის მონაწილეები დაეუფლნენ. ესენია:
- Datavision — ხელსაწყო, რომელიც კვლევისა და გამოძიებისთვის აგროვებს საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს ღია საჯარო წყაროებიდან, ავლენს კავშირებს ადამიანებს, კომპანიებს, პოლიტიკურ პარტიებს შორის, გვაძლევს ინფორმაციას საკვლევი ობიექტის შესახებ რეალურ დროში და ახდენს ინფორმაციის და მონაცემთა ვიზუალიზაციას;
- MediaSpeech — ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ვიდეო ან აუდიო კონტენტის ქართულ ენაზე ტრანსკრიფციას. მისი სიზუსტე Google-ის ანალოგიური ხელსაწყოს სიზუსტეს 10-ჯერ აღემატება.
- IBEX — ტექნოლოგია, რომელიც მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებით, ახდენს სოციალურ მედიაში მონაცემთა კონსოლიდაციას, აანალიზებს ინფორმაციის ნაკადების ტენდენციებს და ავლენს სოციალურ მედიაში ქცევას.
ბუთქემფის დასკვნითი ეტაპის შესახებ
ბუთქემფის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები ცხრა სხვადასხვა ჯგუფად გაერთიანდნენ. გუნდებმა სამუშაოდ ისეთი საკონკურსო თემები შეარჩიეს, როგორებიცაა:
- რუსული პროპაგანდის გავლენა ემიგრანტებზე;
- TikTok-ის გამოყენება დეზინფორმაციის მასშტაბის და ეფექტის გასაზრდელად;
- დეზინფორმაციის აქტორები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
- რუსულ-ჩინური პროპაგანდა საქართველოში და სხვ.
გამარჯვებულთა დაჯილდოება
DataFest Tbilisi-ის ფარგლებში, 11 ნოემბერს 6 დარგის სპეციალისტისგან შემდგარმა ჟიურიმ მონაწილე 9 გუნდს შორის 2 გამარჯვებული გამოავლინა. თითოეულ გუნდს 3000-ლარიანი ჯილდო გადაეცა, რათა მათ საქართველოში პირველად TikTok-ის პლატფორმაზე დეზინფორმაციის გზავნილების გამოძიება და ახალგაზრდების, კონკრეტულად კი Gen Z-ის მიმართ, პოლარიზაციისა და პოლიტიკური მანიპულაციების თემის ანალიზი შეძლონ.
ბუთქემფის უპირატესობის შესახებ
გამარჯვებული გუნდები თანხმდებიან, რომ ბუთქემფი მათთვის იყო უნიკალური გამოცდილება, მიეღოთ ინფორმაცია უახლესი თემების, ხელსაწყოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.
"ბუთქემფის მთავარი ღირსება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდა იყო და ერთი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად ჩატარებულმა კომპლექსურმა კვლევამ ჟიურის სიმპათიაც დაიმსახურა. ისეთი ინოვაციური ხელსაწყოები, როგორებიცაა: IBEX და MediaSpeech ფართო მასშტაბით გამოყენებას იმსახურებენ, ვინაიდან ვირტუალურ გარემოში, სადაც ყოველდღიურად გვიწევს ყალბ ინფორმაციებთან შეჭიდება, მნიშვნელოვანია, სწრაფად ხდებოდეს მისი მონიტორინგიც. ჩვენს საზოგადოებაში მედიაწიგნიერებაზე საუბარი ახალი დაწყებული გვაქვს, თუმცა მისი მომავალი დიდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ბუთქემფში მიღებული პრაქტიკული ცოდნა და კავშირები ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებთან მომავალში სასარგებლო შესაძლებლობებისა და ცვლილებების მომტანი იქნება," — ამბობს მარიამ კილასონია, ბუთქემფის ერთ-ერთი გამარჯვებული.
ბუთქემფის თანაორგანიზატორი, ForSet-ის წარმომადგენელი ჯუბო ბერიძიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ შესაძლებლობაზე, რომელიც ბანაკმა მისცა როგორც მონაწილეებს, ასევე ქვეყანას.
"ეს არის უნიკალური პროექტი, სადაც ჩვენ Zinc Network-თან ერთად შევძელით ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა კვლევა და თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად მივიღეთ პროექტები, სადაც მონაცემთა ანალიტიკოსები და ჟურნალისტები იყენებენ თანამედროვე ხელსაწყოებს და დროის უმოკლეს მონაკვეთში ამხელენ დეზინფორმაციის გამავრცელებლებს, ავრცელებენ მათ კონტენტს და ადამიანს, ვისკენაც დეზინფორმაციაა მიმართული. ამგვარ მონაცემებზე დამყარებული კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას, გამოვლინდეს დეზინფორმაციის აქტორების მთავარი და ფარული მიზნები", — აცხადებს ბერიძიშვილი.
ბუთქემფის ორგანიზატორი Zinc Network უკვე მეორე წელია, აქტიურად მუშაობს დეზინფორმაციის თემებზე მომუშავე მხარეების გაერთიანებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტურობაზე.
"ამგვარი წამოწყებები გვეხმარება, გავაერთიანოთ სხვადასხვა მხარეთა ძალისხმევა და მოვამზადოთ ახალგაზრდები დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, რადგან დეზინფორმაციის ნაკადი AI ეპოქაში მუდმივად მზარდია. შეძენილი ცოდნით თითოეული მონაწილე შეძლებს, უფრო სიღრმისეულად წამოწიოს და გაშალოს დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები, დანერგოს ახალი თავიანთ საქმიანობაში ტექნოლოგიები და მეტად მობილიზდნენ დეზინფორმაციის ირგვლივ, რაც ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულება გახდა ჩვენი ევროპული მომავლისთვის", — ამბობს ანა, აბზიანიძე, Zinc Network-ის ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
გამარჯვებული გუნდები და მათი თემები:
პირველი გუნდი თაობა Z: აღნიშნულმა გუნდმა IBEX-ის გამოყენებით გაანალიზა მარტის თვეში რუსულ კანონთან დაკავშირებული პროტესტის ფარგლებში სტუდენტებში დეზინფორმაციის ნაკადების გავრცელება და პოლარიზაციის ზრდა. თაობა Z კვლევის გაგრძელებას სტუდენტებთან ბმაში გეგმავს, რათა გამოავლინონ, როგორ აისახება დეზინფორმაცია მათ ქცევაზე.
მეორე გუნდი TikTok-ის გამოყენება დეზინფორმაციისთვის: ვინაიდან უსწრაფესად მზარდი სოციალური ქსელის TikTok-ის ძირითადი აუდიტორია ახალგაზრდები არიან, პლატფორმა მათთვის დეზინფორმაციის მიწოდების საშუალებად იქცა. გუნდმა სწორედ TikTok-ზე არსებული ნაკადები გამოიკვლია, აღმოაჩინა ანტიდასავლური აქტორები და ის, თუ რა ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ ისინი ახალგაზრდებში. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი აგრძელებს კვლევას, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
მესამე და მეოთხე გუნდები: ამ გუნდებმა დამატებით მიიღეს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებული ჯილდო ისეთ საკითხებზე სამუშაოდ როგორებიცაა: დეზინფორმაციის გავლენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩინური დეზინფორმაცია საქართველოში.
კომენტარები