ვების ტელესკოპმა მეორე ყველაზე ხნიერი გალაქტიკა დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებში მეცნიერებმა ჩვენთვის ცნობილი მეორე და მეოთხე ყველაზე ხნიერი გალაქტიკა აღმოაჩინეს. ისინი მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ 33 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, გალაქტიკათა შეჯგუფებაში Abell 2744 დააფიქსირა.
ასტრონომები ამბობენ, რომ გალაქტიკები UNCOVER z-13 და UNCOVER z-12 იმავე დისტანციაზე დაკვირვებად სხვა მსგავს სისტემებს ზომით ბევრად აღემატება. ისინი ამბობენ, რომ აქამდე ასეთ დიდ მანძილზე არსებული მხოლოდ სამი გალაქტიკა იყო გამოვლენილი. ახალი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადრეული სამყაროს შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის.
კერძოდ, ეს ორი გალაქტიკა გვიჩვენებს, როგორი იყო კოსმოსი დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 330 მილიონ წელში. მათგან წამოსულ სინათლეს ვების ტელესკოპამდე მოსაღწევად 13.4 მილიარდი სინათლის წელი დასჭირდა, რაც მათსა და ჩვენ შორის დისტანციას ჩამოუვარდება. ეს იმიტომ, რომ სამყაროს გაფართოების პარალელურად, თითოეული მათგანი სწორედ 33 მილიარდი სინათლის წლით ჩამოგვშორდა.
"ამ გალაქტიკების სინათლე ძალიან ძველია, დედამიწაზე დაახლოებით სამჯერ ხნიერი. ისინი შუქურებს მოგვაგონებს, რომელთა ელვარებამაც ადრეული სამყაროს შემადგენელ წყალბადის თხელ აირში გაიარა. სწორედ მათი სინათლის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ, როგორი უჩვეულო ფიზიკა მოქმედებდა გალაქტიკაში კოსმოსური აისისას", — აცხადებენ მკვლევრები.
ზემოხსენებული გალაქტიკების დაფიქსირებას, ვების შესაძლებლობების გარდა, მათ ზომას უნდა ვუმადლოდეთ. მაგალითად, ერთი მათგანი დანარჩენ სამ შორეულ სისტემაზე დაახლოებით ექვსჯერ დიდია და თითქმის 2000 სინათლის წლის მანძილზე ვრცელდება, ეს მაჩვენებელი კი ადრეულის სამყაროს კვალობაზე უზარმაზარია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ახალი გალაქტიკები, სხვებთან შედარებით, კაშკაშა წერტილებად არ მოჩანს, არამედ ერთი წაგრძელებული ფორმისაა, ხოლო მეორე გაბერილ ბურთს მოგვაგონებს. ზომაში ასეთი სხვაობის მიზეზი შესაძლოა, მათში ვარსკვლავთა ფორმირების პროცესს, ან მნათობთა შემდგომ განვითარებას უკავშირდებოდეს. ასეა თუ ისე, უძველესი გალაქტიკების ამგვარი ცვალებადი მახასიათებლები საინტერესოა, რადგან, წესით, ისინი ერთგვარი მატერიისგან უნდა გაჩენილიყო, თუმცა სხვადასხვაგვარია.
მათ გამოსახულებებს სპეციალისტებმა ვების მიერ 2022 წელს მოპოვებულ მონაცემებში მიაკვლიეს. ამ რეგიონზე დაკვირვება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ იქ გრავიტაციული ლინზირების ეფექტი იქმნება, ანუ ერთგვარ გამადიდებენ შუშას ვიღებთ. ეს უფრო შორს, დიდი აფეთქებიდან ასობით მილიონი წლის კოსმოსში, "გახედვის" საშუალებას გვაძლევს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები