სიმსივნე, რომელსაც კბილები აქვს — რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ეგვიპტურ სამარხში
მეცნიერებმა 3 300-ზე მეტი წლის წინ დაღუპული ეგვიპტელი ქალის სამარხის კვლევისას მისი მენჯის მიმდებარედ არსებული სიმსივნური წარმონაქმნი აღმოაჩინეს, რომელსაც კბილები აქვს. ესაა ტერატომა, რომელშიც შესაძლოა, ძვალი, თმა და კუნთებიც ჩამოყალიბდეს.
21 წელზე მეტი ასაკის ქალის ნაშთებს არქეოლოგებმა ქალაქ ამარნაში არსებულ სასაფლაოზე მიაკვლიეს, რომელიც მაღალი ფენის წარმომადგენლებისთვის არ იყო. ამის მიუხედავად, ზემოხსენებულ სამარხში ძვირფას ნივთებს მიაგნეს, მათ შორის ყელსაბამს, ოქროს ბეჭედს, საყურეებს ეგვიპტურ ღვთაება ბესის გამოსახულებით და ა.შ.
ყველაზე საინტერესო მაინც მენჯის ღრუში აღმოჩენილი უჩვეულო გაქვავებული მასაა, რომელზეც ორი კბილია გაზრდილი. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს საშვილოსნოს ტერატომაა, ერთგვარი კისტა, რომელიც ემბრიონული უჯრედებისგან წარმოიქმნება. ასეთ სიმსივნეს სხვადასხვაგვარი ქსოვილების ჩამოყალიბება ახასიათებს, უმეტესად სწორედ კბილებისა და თმის, მაგრამ ზოგჯერ თვალის ნაწილებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისაც.
ტერატომა ბერძნული სიტყვიდან "ტერას" მომდინარეობს, რომელიც ურჩხულს ნიშნავს. მსგავს სიმსივნეს ეს სახელი შეესაბამება, რადგან ის ძალიან უსიამოვნო შესახედია. სამაგიეროდ, ძირითადად, სიცოცხლისთვის საშიში არაა, თუმცა ზოგჯერ ძალიან იზრდება და დაზიანებას ან ინფექციას იწვევს. იყო თუ არა ის ეგვიპტელი ქალის დაღუპვის მიზეზი, უცნობია.
ეს ძველ ნაშთებში ტერატომის მიკვლევის მეხუთე შემთხვევაა, თუმცა აფრიკის ფარგლებში პირველია, მსოფლიოში კი უძველესი.
სპეციალისტთა მონაცემებით, ტერატომის მქონე ქალების 11 პროცენტი უნაყოფოა. ვარაუდობენ, რომ ეს ქალიც მსგავსი პრობლემის წინაშე უნდა ყოფილიყო, რაზეც ღვთაება ბესის გამოსახულებები მიანიშნებს. ის დედების, ბავშვებისა და ორსულების დამცველად მიიჩნეოდა.
"ბეჭედი მარცხენა ხელზე, რომელიც მარცხენა თეძოსთან, ტერატომასთან ახლოს, იყო განლაგებული, მიზანმიმართულად შეიძლება ყოფილიყო გაკეთებული", — აცხადებენ ავტორები, რომელთა თქმითაც, ბეჭდები და სხვა სამკაულები მეტწილად სწორედ მარცხენა ხელზე კეთდებოდა, მაგრამ ეს ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას არ ეწინააღმდეგება
ახალი ნაშრომი გამოცემაში International Journal of Paleopathology გამოქვეყნდა.
კომენტარები