რა არის სტივის ფენომენი და რით განსხვავდება ის პოლარული ციალისგან
5 ნოემბერს დედამიწას გეომაგნიტური შტორმი დაატყდა თავს, რომელმაც ჩრდილოეთის ციალი ისეთ რეგიონებში წარმოქმნა, სადაც, როგორც წესი, არ ფიქსირდება ხოლმე. მათ შორისაა ბულგარეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, უკრაინა და რუმინეთი. რაც მთავარია, შთამბეჭდავი მოწითალო ნათება გამოჩნდა საქართველოშიც, კერძოდ რაჭაში, სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.
იხილეთ: რა არის პოლარული ციალი და ვიხილეთ თუ არა ის საქართველოშიც?
მსოფლიოს მასშტაბით გამოვლინდა კიდევ ერთი ფენომენიც, რომელსაც სტივი (STEVE), ანუ მძლავრი თერმული ემისიის აჩქარება ეწოდება. ის სხვადასხვა არეალში იხილეს, მაგალითად, ჩვენს მეზობელ თურქეთში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში.
ერთი შეხედვით, სტივი შესაძლოა, პოლარულ ნათებაში აგვერიოს, რადგან მსგავსი ელვარება ახასიათებს, მაგრამ, რეალურად, სულ სხვა მოვლენაა. ის 2015-16 წლებს შორის აღმოაჩინეს, რაც მოყვარული მეცნიერების დამსახურებაა, მის შესახებ პირველი მეცნიერული კვლევა კი 2018 წელს გამოქვეყნდა.
ადრინდელი მონაცემების ანალიზისას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ის 1890-იანი და 1910-იანი წლებიც ჩანაწერებშიც იყო აღწერილი, მაგრამ მაშინ არ იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე.
მაშ, რა არის სტივი, როდის ჩნდება და რით განსხვავდება ჩრდილოეთის ციალისგან?
ესაა მოწითალო-მოიისფრო ნათება, რომელიც ჩრდილოეთის ციალს, იგივე ავრორა ბორეალისს, მოგვაგონებს. ისინი ერთსა და იმავე პერიოდში ჩნდება, რადგან საერთო გამომწვევი მიზეზი აქვს — მზის ამოფრქვევები.
როდესაც ჩვენი ვარსკვლავიდან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკები დედამიწამდე აღწევს, მის გარშემო არსებულ მაგნიტური გელის ხაზებს მიუყვება, ჩქარდება და ატმოსფეროში ჩაედინება. ეს პოლუსების მიმდებარედ ხდება, რომლის თავზეც, იონოსფეროში, მსგავსი ნაკადები აირებს ეჯახება, იქნება ეს აზოტი, ჟანგბადი თუ სხვა.
შედეგად ენერგია ფოტონების, სინათლის ელემენტარული ნაწილაკების, სახით გამოიყოფა. სწორედ ასეთი ნათებაა ავრორაც, რომლის ფერებიც შეჯახების გამო გააქტიურებული ქიმიური ელემენტების მიხედვით განსხვავებულია.
ამის პარალელურად, ატმოსფეროს ზედა ფენაში შემოჭრილი დამუხტული ნაკადების ნაწილი სტივს წარმოქმნის, ანუ ცხელ, მოკაშკაშე აირებს. ის ციალისგან მარტივად გასამიჯნია, რადგან ელვარე სარტყლის სახით ვლინდება, რომელიც დიდი ზომის კომეტის კვალს შეგვიძლია შევადაროთ.
ეს ფენომენი შედარებით იშვიათია და ყოველთვის ჩრდილოეთის ციალთან ერთად ჩნდება, მაგრამ ნაკლები სიხშირით. თუ ავრორა, ძირითადად, პოლუსების მიმდებარედ ფორმირდება, სტივი უფრო ქვედა განედებზე ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ ის სამხრეთითაც იჩენს ხოლმე თავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძლიერი გეომაგნიტური შტორმებია. სწორედ ამგვარი შტორმი იყო 5 ნოემბერს, რამაც სტივი წარმოქმნა.
მისი ხილვის შანსი შემოდგომასა და გაზაფხულზე იზრდება. ის მეტწილად შუაღამისას წარმოიქმნება, მაშინ, როცა პლაზმა ატმოსფერულ ნეიტრალურ აირებს დაახლოებით 100-200 კილომეტრ სიმაღლეზე ეჯახება და აცხელებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ავრორას მკვლევრები უფრო ციალის ე.წ. ოვალს, ანუ გავრცელების არეალს აკვირდებიან (რომელიც პოლუსიდან 2 500 კილომეტრ რადიუსზე ვრცელდება), ეკვატორისკენ არსებული სტივი ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. სამაგიეროდ, ასეთ არეალებს ხშირად სტუმრობენ მოყვარული ასტროფოტოგრაფები, რომლებიც ამ ფენომენს აფიქსირებენ.
როგორც წესი, ის წარმოიქმნება კანადისა და ალასკის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ევროპაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. ამის მიუხედავად, თუ ატმოსფეროში შემოჭრილი ემისია მძლავრია, როგორც 5 ნოემბრის შემთხვევაში, მოწითალო ნათება სხვა მხარეებშიც დაკვირვებადია.
მეცნიერების თქმით, სტივი ციალს იმიტომ ემთხვევა, რომ ეს უკანასკნელი ენერგიას მაღალი განედებიდან დაბლა უბიძგებს და იქ აირის გაცხელებას ედება საფუძვლად. ყველაზე ხშირად მსგავსი რამ მძლავრი გეომაგნიტური შტორმებისას ხდება, როცა ავრორა გამორჩეულად კაშკაშაა. ზოგჯერ სტივის მახლობლად მომწვანო ელვარებაც შეინიშნება, რასაც დიფუზიურ ავრორას უწოდებენ.
გარკვეულწილად, სტივი პროგნოზირებადია. ის ე.წ. ქვეშტორმებს უკავშირდება, ანუ გეომაგნიტური აქტივობისას მაგნიტოსფეროში მძლავრი ენერგიის გამოყოფის პროცესს. ამ დროს ზემოხსენებული ფენომენის ფორმირების შანსი იმატებს, მაგრამ ის ყოველი ქვეშტორმისას არ ვლინდება.
ავრორასგან განსხვავებით, სტივი ნაკლებადაა შესწავლილი, რაც ნიშნავს, რომ მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, რატომ იჩენს თავს მხოლოდ ზოგიერთი ქვეშტორმისას, რატომაა ციალთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული და ა.შ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ სტივზე მეტს გაიგებენ, ეს კი იმის უკეთ გაგებაშიც დაგვეხმარება, როგორ აისახება მზით განპირობებული კოსმოსური ამინდი ჩვენს პლანეტაზე.
კომენტარები