რა მნიშვნელობა აქვს პროდუქტის დიზაინს პლასტმასის ნარჩენების მართვაში
ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე, გლობალური ეკონომიკური ზრდის შედეგად, რესურსების ჭარბი მოპოვება, გარემოს დაბინძურება და ბიომრავალფეროვნების კარგვა უწყვეტ პროცესად იქცა. არსებული წრფივი ეკონომიკური სისტემები, რომლებიც "მოიპოვე-დაამზადე-გადააგდე" მოდელს ეფუძნება, შეზღუდული რესურსების არამდგრად მართვასთან ერთად, უამრავი ნარჩენის წარმოქმნას იწვევს, რაც ნახშირორჟანგის ემისიების ერთ-ერთი უდიდესი წყაროცაა.
"მოიპოვე-დაამზადე-გადააგდე" მოდელის პირობებში, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ნედლი რესურსების მოპოვება, მათი პროდუქტად ქცევა და, გამოყენების შემდეგ, ნარჩენად ქცევა იგულისხმება. დღეს მოხმარებული მასალების მხოლოდ 7.2% გადამუშავდება, დანარჩენი კი ნაგავსაყრელზე ხვდება და მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს. მაგალითად, მხოლოდ ევროკავშირი წელიწადში 2.5 მილიარდ ტონა ნარჩენს წარმოქმნის. 2023 წლის Circularity Gap Report-ის მიხედვით, გასულ 5 წელში მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მასალების რაოდენობა, რომლებიც მეორადი გამოყენების შემდეგ ისევ გადამუშავდება. ექსპერტების თქმით, ახლა იმ რაოდენობაზე 60%-ით მეტ რესურსს ვიყენებთ, რისი მომარაგებაც დედამიწას ყოველწლიურად შეუძლია.
ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად დროთა განმავლობაში შეიმუშავეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელი, რომელიც ერთ კონკრეტულ თარიღს ან ავტორს არ უკავშირდება. მან განსაკუთრებული პოპულარობა 2010-იანი წლების დასაწყისში მოიპოვა. ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, ცირკულარული ეკონომიკა რესურსების დაზოგვას, ნარჩენის შემცირებას და პროდუქტის იმდენჯერ გადამუშავებასა და ხელახლა გამოყენებას გვთავაზობს, რამდენჯერაც შესაძლებელია. ეს მოდელი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ მას სარგებლის მოტანა შეუძლია როგორც გარემოსთვის, ასევე ბიზნესისთვისაც.
ცირკულარული ეკონომიკის პირობებში რესურსების დაზოგვა და ნარჩენების შემცირება გათვალისწინებულია პროდუქტის დამზადებისა და მოხმარების ეტაპებზეც. ეს გულისხმობს როგორც ხელახლა გამოყენებას, ასევე შეკეთებას, გადამუშავებას და დიზაინის შეცვლას, რათა რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ეს რესურსი სისტემაში და მაქსიმალურად მოხდებს მისი ათვისება. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ბოლოს კი, მასალა ისევ ნარჩუნდება და, მისი პოტენციალიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციით გამოიყენება.
აღნიშნულ მოდელზე გადასვლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პრინციპების გათვალისწინება არამხოლოდ გადამუშავების ფაზაზე, არამედ მისი დამზადების პროცესში, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, თუ საბოლოოდ რა ბედი ეწევა პროდუქტს.
მაგალითად, წრფივ ეკონომიკურ მოდელში პროდუქტის დიზაინი მარტივი და იაფი უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მასალები გამოიყენება მის დასამზადებლად და ბოლოს სად ამოყოფს იგი თავს, მთავარი მოგების გაზრდაა. ცირკულარული ეკონომიკა კი, მოგებაზე მეტად, მდგრად განვითარებაზე აკეთებს აქცენტს და წარმოების ეტაპზევე უზრუნველყოფს იმას, რომ შესაძლებელი იყოს პროდუქტის გადამუშავება, შეკეთება და ხელახლა გამოყენება, ან მისი რესურსების აღდგენა და ახალი ნედლეულის შექმნა. ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც ნაკლები ნედლი მასალის მოხმარებას, ასევე მარტივად შეკეთებადი ან ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლის მქონე დიზაინის შექმნას. პროდუქტის შემუშავების შემდეგ მისი დიზაინის შეცვლა მარტივი არაა. როგორც წიგნში Frugal Innovation არის აღნიშნული, დიზაინის შემუშავების დროს განისაზღვრება იმ გავლენის 70%, რასაც შემდგომ ესა თუ ის ნივთი გარემოზე მოახდენს.
ცირკულარული დიზაინი გულისხმობს ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების ინტეგრაციას პროდუქტის დიზაინის შექმნის ყველა ეტაპზე, რათა მაქსიმალურად შეამციროს ზიანი გარემოზე და ხელი შეუწყოს ბუნების აღდგენას. ეს მოიცავს წარმოებისას აღდგენილი ან გადამუშავებული მასალების გამოყენებას, განახლებად ენერგიაზე გადასვლას, მაღალი ხარისხის და გარემოს მიმართ მეგობრული ნივთების გამოყენებას.
დიზაინის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნივთის მიმართ მომხმარებლის მოპყრობა, — პირველადი დიზაინით შესაძლებელი უნდა იყოს მოხმარების შემდეგ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რასაც პროდუქტი გადამუშავებამდე უნდა აკმაყოფილებდეს.
მომხმარებლის საჭიროებების ცვლილებაზე საპასუხოდ, მუდმივად ახალი მოდელების წარმოების ნაცვლად, ცირკულარული ეკონომიკა ითვალისწინებს ადვილად შეკეთებადი ნივთის შექმნას, რომლის გასაუმჯობესებლად ცალკეული ნაწილების ჩანაცვლებაც საკმარისი იქნება. გარდა ამისა, იმაზე დაფიქრებაც ღირს, როგორ შეიძლება დიზაინის გამოყენება ისეთ გამოწვევებთან გასამკლავებლად, როგორიც კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნების კარგვაა.
პლასტმასის წყლის ბოთლის დიზაინი განვიხილოთ. ზოგადად, ამ ინდუსტრიაში პროდუქტის 80% ნაგავსაყრელზე, დიდი ნაწილი კი, პირდაპირ ბუნებაში ხვდება, რაც მოიპოვე-დაამზადე-გადააგდე მოდელის მკაფიო მაგალითია. პლასტმასის ბოთლის სასიცოცხლო ციკლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის მოპოვებით იწყება, რომლებიც ნახშირწყალბადს შეიცავს. სითბოში მოხვედრისას ეს ნივთიერებები მონომერებად იშლება, რომლებიც, გაერთიანების შემდეგ, ნახშირწყალბადის პოლიმერებად ყალიბდებიან და ქმნიან პლასტმასას. მიღებულ მასალისგან კი ბოთლებს ასხამენ, ან ჯერ გადამუშავებულ პლასტმასს ურევენ და შემდეგ ქმნიან პროდუქტს.
მოხმარების შემდეგ, მისგან ახალი პლასტმასის ბოთლის, ან სხვა ნივთის დამზადება და ამ პროცესის უამრავჯერ გამეორებაა შესაძლებელი. გადამუშავებამდე კი ბოთლმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროს. პირველი შეგროვებაა, რის შემდეგაც ბოთლებს ძლიერი წნევით დიდ პლასტმასის ბლოკებად კუმშავენ და გადამამუშავებელ ქარხნებში მიაქვთ. ბლოკებს ჯერ დანადგარში ამსხვრევენ, რა დროსაც მას სხვა მასალებისგან თუ სხვა ტიპის პლასტმასისგან ათავისუფლებენ, შემდეგ კი ძალიან პატარა ნაწილებად შლიან. შემდგომ, ნაწილაკებს რეცხავენ, აშრობენ, გადაადნობენ, აგრილებენ და ისევ ნაწილებად შლიან. ამ ეტაპის შემდეგ კი მისგან ხელახლა იწყებენ ბოთლების დამზადებას.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ტიპის პლასტმასის ბოთლი ერთნაირად არ მუშავდება. მაგალითად, თეთრი, წითელი, ყვითელი და შავი პლასტმასის ბოთლები, სავარაუდოდ, გადამუშავების ნაცვლად ნაგავსაყრელზე ამოყოფს თავს, ვინაიდან მათ ოდნავ განსხვავებული შემადეგენლობა აქვთ და ამ მასალამ, შესაძლოა, გადამამუშავებელი დანადგარები დააზიანოს. დამატებით პრობლემას წარმოადგენს ბოთლები, რომლებიც მთლიანად თხელი პლასტმასითაა შეფუთული. შესაფუთი პლასტმასა ასევე ძნელი გადასამუშავებელია და პროდუქტიდან ძნელი მოსაცილებელიც. დამატებით, ის ბოთლები, რომლებსაც იარლიყი გარეცხვის შემდეგაც არ ეცლება, ხშირად პირდაპირ ნაგავსაყრელზე ხვდება.
შესაბამისად, პლასტმასის ბოთლების დიზაინის შეცვლით, რაც მოიცავს მარტივად მოშორებადი იარლიყების გამოყენებას, ბოთლის მარტივად გადამუშავებადი პლასტმასისგან დამზადებას და არასაჭირო შეფუთვისგან თავის არიდებას, უდიდესი რაოდენობის მატერიალური რესურსის, ენერგიის, ასევე შრომის დაზოგვა და ნარჩენების შემცირება შეგვიძლია.
დამატებით, დიზაინის შეცვლა, სათბური აირების ემისიის შემცირებით, კლიმატის მიზნების მიღწევაშიც დაგვეხმარება, რაც ნაკლები ენერგიის ხარჯვით და ნედლი რესურსების მოპოვების შემცირებით მიიღწევა.
რაც მთავარია, XXI საუკუნეში არაერთი ტექნოლოგიური გადაწყვეტა გვაქვს, რაც შეიძლება მდგრადი დიზაინის შესამუშავებლად გამოგვადგეს. მაგალითად, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი მიწოდების კომპლექსური ჯაჭვის შესწავლასა და პროდუქტისთვის შესაბამისი დიზაინის შექმნაში დაგვეხმარება; ციფრული ბიზნეს მოდელები კი ახალი რესურსების მოპოვების გარეშე პასუხობს ჩვენს საჭიროებებს. ეს და მრავალი სხვა ტექ გადაწყვეტები ცირკულარული ეკონომიკური მოდელის პირობებში გვაძლევს საშუალებას, ვიმოქმედოთ ბუნებასთან სიმბიოზში და არა მის წინააღმდეგ.
ბოლოს კი გიზიარებთ მარტივ რჩევებს, თუ როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება და გადავიდეთ უფრო მდგრადი მოხმარების ნივთებზე:
სტატია მომზადებულია პროექტის "საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში", რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
კომენტარები