ათწლეულების შემდეგ პირველად, დედამიწას იდუმალი "კომეტა ეშმაკი" უახლოვდება
ე.წ. კომეტა ეშმაკი დედამიწას უახლოვდება, მზის გარშემო ბრუნვის პარალელურად კი მასზე ამოფრქვევები მიმდინარეობს. ეშმაკი მას უცნაური "რქების" ქონის გამო შეარქვეს. მართალია, კომეტა უზარმაზარი და უჩვეულოა, თუმცა ჩვენს პლანეტას მისი მოახლოება არანაირ საფრთხეს არ უქმნის.
მეცნიერები კომეტას 12P/Pons-Brooks-ის სახელით იცნობენ. დედამიწის ცაზე იგი ბოლოს დაახლოებით 70 წლის წინ გამოჩნდა. ასტრონომებმა მისი სიკაშკაშის მიხედვით გამოიანგარიშეს, რომ კომეტის მყარი ნაწილი, ანუ მისი ბირთვი, თითქმის 20 კილომეტრი სიგანისაა — მთა ევერესტის სიმაღლეზე დაახლოებით ორჯერ მეტი.
როგორც წესი, კომეტების დიამეტრი დაახლოებით ერთიდან სამ კილომეტრამდე მერყეობს. ამას ტედი კარეტა, ლოუელის ობსერვატორიის (ფლაგსტაფი) მკვლევარი, აცხადებს.
სავარაუდოდ, დედამიწიდან ყველაზე ხილვადი კომეტა მომდევნო წლის გაზაფხულზე იქნება. მაშინაც კი, როდესაც იგი პლანეტასთან ყველაზე ახლოს მოვა, იგი დაახლოებით 1.5 ასტრონომიული ერთეულით იქნება დაშორებული — სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენგან იმაზე შორს იქნება, ვიდრე მზეა.
"შესაძლოა საკმარისად კაშკაშა იყოს, რომ შიშველი თვალით ან ბინოკლით დაინახოთ, თუმცა ეს იმიტომ არაა, რომ ძალიან ახლოს იქნება", — განმარტავს კარეტა — "ეს იმიტომ, რომ იგი ზოგადად ძალიან კაშკაშაა".
სიკაშკაშის გარდა, კომეტა სხვა მხრივაც უჩვეულოა. მისი "რქები" სინამდვილეში აირისა და მტვრის კუდებია, რომლებიც მეცნიერთათვის ჯერაც გაურკვეველი დიდი ამოფრქვევების შედეგად შეიქმნა. ორი ასეთი ამოფრქვევა ამ წელს ვიხილეთ: პირველი — ივლისში, ხოლო მეორე კი — თვის დასაწყისში.
როგორც კარეტა განმარტავს, ამოფრქვევა მოვლენაა, როდესაც კომეტა მოულოდნელად ძალიან აქტიურდება და მოკლე დროში ტონობით აირსა და მტვერს გამოყოფს. ამ დროს კომეტა ძალიან სწრაფად ნათდება, შემდეგ კი ნელ-ნელა უბრუნდება თავდაპირველ სიკაშკაშეს. მეცნიერთათვის Pons-Brooks კომეტა სწორედ იმიტომაა ამაღელვებელი, რომ აღნიშნული ამოფრქვევები მართლაც ძალიან მასშტაბური და კაშკაშაა.
მათში განსაკუთრებით საინტერესო მათივე სიხშირე და განვითარების ადგილია. ერთი თეორიის თანახმად, კომეტები გარკვეული ტიპის ყინულს შეიცავს, რომელიც მზის სითბოზე პირველად მოხვედრისას მასშტაბურ აფეთქებას იწვევს. მეორე მხრივ, ასეთი აფეთქებები, როგორც წესი, მზესთან ახლოს ფიქსირდება და არც ხშირია — ხუთ წელში დაახლოებით ორჯერ თუ ხდება.
Pons-Brooks კომეტა, მეორე მხრივ, შედარებით ხშირად ფეთქდება და თანაც მზისგან საკმაოდ შორს — კარეტას თქმით, ამჟამად იგი მარსზე შორსაა, სადაც ასე ნამდვილად არ თბილა. თავის მხრივ, ეს შემდეგ კითხვას აჩენს: საიდან მოდის ენერგია, რომლის მეშვეობითაც ამ მასშტაბის ამოფრქვევები ხდება, თანაც ასე ხშირად?
ასეა თუ ისე, არსებული პროგნოზით, კომეტა ბრწყინვალების პიკს 2024 წლის შუა აპრილში მიაღწევს. შესაბამისად, მისი ხილვის მსურველებიც სწორედ ამ დროს უნდა ველოდოთ.
კომენტარები