როგორ იყენებენ TikTok-ს დეზინფორმაციის გასავრცელებლად?
დეზინფორმაციის ტალღები ნებისმიერი სოციალური ქსელისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს — პოლიტიკურად დაძაბულ პერიოდში დამახინჯებული ინფორმაციის რაოდენობა მკვეთრად იზრდება, რადგან ახალი ამბების იმ ნაკადში, რომელსაც რიგითი მომხმარებელი იღებს, ვალიდური წყაროების არასანდოებისაგან გარჩევა გამოცდილი თვალისთვისაც კი ძალიან რთულია. დეზინფორმაციის გავრცელება უცხო ჩვენთვის ნაცნობი არც ერთი ქსელისთვისაა, თუმცა მათ შორის ყველაზე სწრაფად მზარდი და მოზარდებზე გავლენის მქონე, ერთმნიშვნელოვნად, TikTok-ია. სტატიაში სწორედ ამ პლატფორმაზე "ფეიქ ნიუსების" უკონტროლო გავრცელებას შევეხებით.
TikTok vs Google
2022 წლის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როცა TikTok-ის მომხმარებელი აპლიკაციის საძიებო ველს ახალი ამბების გასაგებად იყენებს, მოძიებული ინფორმაციის დაახლოებით 20% დეზინფორმაციას შეიცავს.
NewsGuard-ის მკვლევრებმა ერთმანეთს უკრაინის ომის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებისა და აბორტის შესახებ TikTok-სა და Google-ში არსებული ინფორმაცია შეადარეს. როგორც აღმოჩნდა, TikTok, რომლის მომხმარებლებიც უმეტესად მოზარდები და ახალგაზრდები არიან, ძიების პირველ 20 შედეგში მუდმივად გვაწვდის მცდარ ინფორმაციას. ზოგჯერ დეზინფორმაციას პირველ 5 შედეგშიც კი ვხვდებით. ამის საპირისპიროდ, Google ბევრად ხარისხიან და ნაკლებად მიკერძოებულ შედეგებს გვთავაზობს. მკვლევრებმა 540 TikTok ვიდეო გააანალიზეს, რომელთაგან 105, ანუ დაახლოებით 19,4% არასწორ, ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას შეიცავდა.
სიტუაციას უფრო საგანგაშოდ ჩინეთთან დაკავშირებული სოციალური ქსელის მომხმარებელთა საშუალო ასაკი აქცევს — ახალი კვლევის მიხედვით, TikTok-ის იუზერების დაახლოებით 25% 10 წლიდან 19 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. ამ ადამიანებისათვის სოციალური ქსელი არ არის მხოლოდ გართობის საშუალება, ის თანდათან ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდაც იქცა. The New York Times გასულ წელს ამტკიცებდა, რომ ჯენზისათვის TikTok ახალი საძიებო ქსელია.
რუსული დეზინფორმაცია TikTok-ზე
დეზინფორმაციის გავრცელების საქმეში TikTok-ის შესაძლებლობების შესახებ, რა თქმა უნდა, კრემლის მიერ დაფინანსებულ მედიასაშუალებებსაც მოეხსენებათ. მეტიც, რუსული მედიასაშუალებების გამომწერთა რაოდენობა უფრო და უფრო მზარდი და შემაშფოთებელია.
ASD-ის კვლევამ კრემლის მიერ დაფინანსებულ გამოცემებთან დაკავშირებული 78 TikTok ანგარიშისაგან შედგენილი ქსელი გამოავლინა, რომელიც დეზინფორმაციასა და პრორუსულ პროპაგანდას აქტიურად ავრცელებს. ტრენდი განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა, რაც მსოფლიოს ირგვლივ მილიონობით ადამიანის შეხედულებებზე ზემოქმედებას და სამხედრო აგრესიის გამართლებას ემსახურება.
იდენტიფიცირებული 78 ანგარიშიდან 44 მათგანი 2023 წლის განმავლობაში მაღალი აქტივობით გამოირჩევა, 22 მათგანი კი TikTok-ის მიერ "რუსულ სახელმწიფო მედიადაა" კლასიფიცირებული. ამ 22 ანგარიშს ჯამში 6 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.
ამ კლასიფიკაციის მიუხედავად, რაც ნიშნავს, რომ ეს კონკრეტული არხი პოტენციურად მიკერძოებული შეიძლება იყოს, მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია, რაც ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციაა. მაგალითად, Russia Today-ის (RT) ესპანურენოვან ანგარიშს სხვა დამოუკიდებელ ესპანურ გამოცემებზე ბევრად მეტი გამომწერი ჰყავს.
ფაქტი, რომ რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი და მისი პროპაგანდის გამტარებელი არხების პოპულარობა ძალიან მაღალია, მიუთითებს იმაზე, რომ TikTok ამის საწინააღმდეგოდ ბევრს არაფერს აკეთებს. ASD-მა შეძლო Sputnik-ის 13 ანგარიშის იდენტიფიცირება, რომელიც სახელმწიფო ანგარიშად პლატფორმას არ მოუნიშნავს. ასევე, მარტივია გვერდის ავლა კლასიფიკაციისთვისაც — დეზინფორმატორი უბრალოდ ყოველ ჯერზე ახალ არხს ქმნის იგივე კონტენტით.
ფაქტია, TikTok-ის მენეჯმენტი საკმარის ენერგიას არ ხარჯავს პლატფორმიდან რუსული დეზინფორმაციის გაქრობაზე, რაც იმის მტკიცების ფონზე, რომ აპლიკაცია ჩინეთის მთავრობისგან დამოუკიდებელია, უცნაურია.
დეზინფორმაციის გავრცელების მეთოდები
მოკლე ვიდეოების ფორმატი, რომელიც TikTok-მა დანერგა, იმდენად კარგად მუშაობს და მომხმარებელს ისე მოსწონს, რომ თამაშში დასარჩენად ის საკუთარ პლატფორმებში Meta-მ (Facebook, Instagram) და YouTube-მაც ჩააშენეს. რაც უფრო დიდია მსგავსი ვიდეოების რაოდენობა, ბუნებრივია, დეზინფორმაციის გავრცელების შანსიც უფრო მაღალია. სოციალური ქსელები, როგორც წესი, ებრძვიან მცდარი, საფრთხისშემცველი და შეცდომაში შემყვანი კონტენტის გავრცელებას, თუმცა ინტერნეტსივრცეში ყოველდღიურად გამოქვეყნებული მსგავსი ვიდეოების რაოდენობა ყველა დარღვევის გამოვლენას შეუძლებელს ხდის.
სოცმედია კომპანიები პრობლემურ კონტენტთან საბრძოლველად ე.წ "რივიუებისა" და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს საკმაოდ დიდი ხანია იყენებენ. მაგალითად, ყოფილ Twitter-ს, ამჟამად X-ს, აქვს პროექტი Birdwatch, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, რომ დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტვიტები ამხილოს. მიუხედავად ამისა, ხმის, გამოსახულებისა და ტექსტების ერთ მოკლე ვიდეოში მოქცევა, რის საშუალებასაც TikTok იძლევა, კონტენტის შემოწმებას და მის ამოცნობას ძალიან ართულებს.
მოკლე ვიდეო კონკრეტული ისტორიის მხოლოდ ნაწილს გვიყვება და ადამიანებს მისი ისე შეცვლა შეუძლიათ, რომ მნიშვნელოვანი კონტექსტი დამალული დარჩეს.
Poynter Institute-ის პროექტ MediaWise-ის დირექტორი, ალექს მაჰადევანი გვირჩევს, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას ემოციები აუცილებლად ვაკონტროლოთ და კრიტიკული ვიყოთ იმის მიმართ, რასაც ვხედავთ.
"როცა ინტერნეტში რაღაც ძალიან გაგაკვირვებთ, სავარაუდოდ, დიდია შანსი იმისა, რომ ეს 100%-ით მართალი არ არის", — აცხადებს მაჰადევანი.
გასული წლის აგვისტოში TikTok-ზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას, 40-წამიანი ვიდეო გავრცელდა, სადაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა გავავრცელოთ დეზინფორმაცია და კონსპირაციები და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, ხსენებული ვიდეო შექმნილი იყო მისი საჯარო გამოსვლის კონტექსტის დამახინჯებით, სტენფორდის უნივერსიტეტში. სინამდვილეში ობამა საუბრობდა იმაზე, თუ რა ტაქტიკებს იყენებენ რუსეთი და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოები დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მსგავსი ვიდეოს შექმნას კი სულაც არ სჭირდება დიდი ტექნიკური ცოდნა — საკმარისია ვიდეო სულ ოდნავ დავამახინჯოთ და მისი კონტექსტი გავაქროთ.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ტექსტთან და აუდიო მასალასთან შედარებით, ადამიანები ვიდეოჩანაწერის სახით მიწოდებულ დეზინფორმაციას უფრო მარტივად იჯერებენ. როგორც ჩანს, თვალით აღქმული ინფორმაცია ადამიანისთვის უფრო სარწმუნოა.
ვიდეოებისა, ადამიანების ხმისა თუ ვიზუალის გასაყალბებლად პროფესიონალები Deepfake ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ. ზოგჯერ სიმართლის სიცრუისაგან გარჩევა მართლაც თითქმის შეუძლებელია, თუმცა სულაც არ არის აუცილებელი, დეზინფორმატორი ტექნოლოგიურად ძალიან განსწავლული იყოს — ხშირად აუდიომანიპულაციისთვის საკმარისი ადამიანის საუბრის შენელებაც კია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში მოსახლეობაში შიშის დასათესად, პრორუსულად განწყობილი ანგარიშები უბრალო ვიდეოებს ფონად აფეთქებების ხმას ადებდნენ, რათა სიტუაცია იმაზე მძიმედ წარმოეჩინათ, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.
დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი ყოველთვის პოლიტიკური ან იდეოლოგიური სულაც არ არის. TikTok-ზე სახელმწიფო აქტორებზე არანაკლები რაოდენობის მომხმარებელი მსგავს მეთოდებს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნითაც იყენებს, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ პლატფორმაზე ვიღებთ, სანდო წყაროებში უნდა გადავამოწმოთ.
სოციალური ქსელების მომხმარებლების რაოდენობა მუდმივად იზრდება, რაც იქ განთავსებული კონტენტის საგულდაგულოდ შემოწმებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ TikTok-ის პოლიტიკა კითხვებს მუდმივად იწვევდა და დღემდე იწვევს. ასეთ პირობებში კი ერთადერთი გამოსავალი დეზინფორმაციის ტექნიკებზე ცნობიერების ზრდა შეიძლება იყოს.
მასალა შექმნილია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია EU4IM-ის ბენეფიციარი On.ge. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
კომენტარები