NASA-მ მეტალის ასტეროიდისკენ მისია წარმატებით გაუშვა
13 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:20 საათზე, NASA-მ ძვირფასი ლითონებით მდიდარ ასტეროიდ Psyche-სკენ იმავე სახელწოდების მისია გაუშვა.
25 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრი სიგანის ზონდი აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტით Falcon Heavy გაგზავნა. ის ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. მისია ჯერ 5 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. ასე მოხდა 12 ოქტომბერსაც, რისი მიზეზი უამინდობა იყო.
16 Psyche რიგით 16-ე ასტეროიდია, რომელიც კაცობრიობამ აღმოაჩინა. ის 1852 წელს იტალიელმა ასტრონომმა, ანიბალე დე გასპარისმა დააფიქსირა და ბერძნული ღვთაების სახელი უწოდა.
ეს ობიექტი მზის სისტემაში არსებულ ასტეროიდებს შორის მასით 11-ე ადგილზეა. სხვა ასტრონომიული სხეულებისგან განსხვავებით, ის არა აირისგან ან კლდოვანი წარმონაქმნებისგან, არამედ, მეტწილად, მეტალებისგან შედგება. მისი 95% ნიკელი და რკინაა. სწორედ ასეთი შემცველობა აქვს დედამიწის ბირთვსაც.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, 225 კილომეტრი სიგანის 16 Psyche ადრეულ მზის სისტემაში მდებარე პროტოპლანეტის ნაწილი იყოს. სპეციალისტების აზრით, არაა გამორიცხული, ამ ციური სხეულის კლდოვანი მანტია და მეტალის ბირთვი მძლავრი შეჯახების შედეგად განცალკევებულიყო, რის შედეგადაც ზემოხსენებული ასტეროიდი წარმოიქმნა.
მართებულია თუ არა ეს ჰიპოთეზა, ამაზე ინფორმაციას სწორედ მისია Psyche-ს მეშვეობით მოვიპოვებთ.
ზონდი რამდენიმე ხელსაწყოთია აღჭურვილი. მათ შორისაა მაღალი გარჩევადობის მქონე 2 კამერა და სპექტრომეტრი, რომლითაც ობიექტის შემადგენლობას შეისწავლიან. ასევე, მაგნიტომეტრი, რომლის მეშვეობითაც დაადგენენ, აქვს თუ არა 16 Psyche-ს შენარჩუნებული მაგნიტური ველი. გაზომავენ მის გრავიტაციულ ველსაც და ლაზერულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ საკომუნიკაციო სისტემას გამოცდიან.
ზონდი დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მარსს ჩაუვლის და მის გრავიტაციას ასაჩქარებლად გამოიყენებს. ასტეროიდს ის 2029 წლისთვის, 3.5 მილიარდი კილომეტრის გავლის შემდეგ, მიუახლოვდება და მას 21 თვის განმავლობაში გამოიკვლევს.
"ჩვენს მზის სისტემაში ჯერ კიდევ გამოუკვლეველი ტიპის ბევრი ობიექტი არაა, რომლის შესწავლაც შეგვიძლია. აქამდე ქვისგან, აირისგან და ყინულისგან შემდგარ ციურ სხეულებს ან ჩვენ ვეწვიეთ, ან იქ რობოტები გავგზავნეთ, მაგრამ ესაა პირველი შემთხვევა, როცა მეტალის ზედაპირის მქონე ასტეროიდზე მისია გავუშვით", — აცხადებენ NASA-ში.
კომენტარები