აზერბაიჯანი ირანის გავლით ნახიჩევანში დერეფნის მშენებლობას იწყებს
აზერბაიჯანმა და ირანმა სატრანზიტო მარშრუტს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ირანის გავლით, აზერბაიჯანს მის ექსკლავთან, ნახიჩევანთან დააკავშირებს.
6 ოქტომბერს აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა, შაჰინ მუსტაფაევმა და ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰრდად ბაზრაფშმა მონაწილეობა მიიღეს მდინარე არასზე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი ხიდის საძირკვლის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში.
ბაზრაფშმა გამოაცხადა, რომ იმ ადგილას, სადაც ირანის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრები ხვდებიან ერთმანეთს, დააფუძნებენ ახალ სასაზღვრო პუნქტს, მიტოვებული ქალაქის, აღბანდის მახლობლად. მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დროს, ქალაქი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა.
დერეფნის მშენებლობას ირანის მეთვალყურეობით აზერბაიჯანი აფინანსებს და ის ავტომაგისტრალსა და რკინიგზას მოიცავს. პროექტზე საუბარი 2022 წლის მარტში დაიწყო, როცა ორმა ქვეყანამ ერთობლივი ეკონომიკური კომისია შექმნა, რომელიც მშენებლობას აკონტროლებს.
"ამ პროექტში აზერბაიჯანი პასუხისმგებელია ხიდის მშენებლობაზე, ხოლო ირანი პასუხისმგებელია მაგისტრალის მშენებლობაზე" — თქვა ბაზრაფშმა.
"ასევე მიღწეულია შეთანხმება ხიდისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე. ის ხორციელდება აზერბაიჯანისა და ამ ქვეყნის ინვესტიციით".
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანი სულ უფრო მეტად ცდილობდა დერეფნის შექმნას რათა ნახიჩევანი ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან დაეკავშირებინა. სწორედ ეს გამოიხატებოდა "ზანგეზურის დერეფნის" შექმნის გეგმაში, სომხეთის სამხრეთ სიუნიკის პროვინციაში.
შემოთავაზებული დერეფანი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კვლავ სამშვიდობო მოლაპარაკებების საკამათო საკითხად რჩება.
6 ოქტომბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინისტრი ბაზრაფში მიიღო და ეკონომიკური და კომერციული კავშირების გაღრმავება განიხილეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ასევე განიხილეს სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის საკითხი სომხეთთან.
მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ირანსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა გაიზარდა. გასულ წელს, თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოში შეიარაღებული კაცი შეიჭრა, რომელმაც დაცვის უფროსი მოკლა და ორი ადამიანი დაჭრა.
აზერბაიჯანის საზღვარზე ირანმა სულ მცირე ორი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. თეირანის ოფიციალური პირები ხშირად მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
ირანის ღია კრიტიკოსი და აზერბაიჯანის დეპუტატი, ფაზილ მუსტაფა მიესალმა დერეფნის მშენებლობის დაწყებას. ცოტა ხნის წინ, უცნობმა პირმა თავდასხმისას მუსტაფას ესროლა. რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ირიბად ირანს მიაწერა.
ტელეკომპანია Meydan-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ როდესაც აზერბაიჯანმა "აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა" მთიან ყარაბაღში, ახლა უკვე არსებობს იმედი რომ ირანთან ურთიერთობები დათბეს.
"ყარაბაღის სომხების ან სომხეთის მხარდაჭერის პოლიტიკა უკვე უაზრო გახდა, არ არსებობს რაიმე საბაბი იმისა, რომ ბაქო-თეირანს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდეს" — განაცხადა მუსტაფამ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები