ვების ტელესკოპმა აქამდე ცნობილთაგან უშორესი "აინშტაინის რგოლი" დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა დააფიქსირა "აინშტაინის რგოლი", რომელიც აქამდე ჩვენთვის ცნობილ მსგავს ობიექტებს შორის ყველაზე შორეულია. კერძოდ, ის დედამიწისგან 21 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა განლაგებული.
ესაა გრავიტაციულად ლინზირებული ობიექტი, რომლის გამოსახულებაც ჩვენი პერსპექტივიდან მის წინ მდებარე მასიური გალაქტიკის გარშემო გამრუდებული სინათლის რგოლის სახით ვლინდება. პირველად მსგავსი ფენომენის არსებობა სწორედ აინშტაინის ფარდობის ზოგადმა თეორიამ იწინასწარმეტყველა.
გრავიტაციული ლინზირება მაშინ იჩენს თავს, როცა წინა ფონზე მდებარე მასიური ობიექტი, როგორიც, მაგალითად, გალაქტიკათა შეჯგუფება ან შავი ხვრელია, გარშემო დრო-სივრცეს ამრუდებს. შესაბამისად, მის უკან მდებარე გალაქტიკებისა თუ ზეახალი ვარსკვლავების სინათლეც ამ გამრუდებულ ტრაექტორიას მიჰყვება და დამახინჯებულად ჩნდება.
ფაქტობრივად, ეს ერთგვარი კოსმოსური გამადიდებელი შუშაა, რომელიც შორეული ობიექტების შესწავლის საშუალებას გვაძლევს. ისინი ზოგჯერ თაღის ფორმას იღებს, ზოგჯერ კი მთლიან რგოლს ქმნის, როგორც უკანასკნელ შემთხვევაში. მსგავსი რამ მაშინ ხდება, როცა წინა და უკანა ფონზე არსებული ობიექტები დედამიწიდან დაკვირვებისას ერთ ხაზზე იდეალურადაა განლაგებული.
მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული ასეთი რგოლი JWST-ER1-ის სახელითაა ცნობილი. ის მოიცავს JWST-ER1g-ს, რომელიც შედარებით ახლო გალაქტიკაა 17 მილიარდი სინათლის წლის დისტანციაზე, JWST-ER1r კი გრავიტაციულად ლინზირებული შორეული გალაქტიკაა. მათ შორის 4 მილიარდი სინათლის წელია.
გამადიდებელი შუშის ეფექტზე დაკვირვებით დადგინდა, რომ JWST-ER1g-ს დაახლოებით 650 მილიარდი მზის მასა აქვს, ანუ ზომასთან შედარებით ძალიან მკვრივია. ეს შესაძლოა, ბნელი მატერიით აიხსნას, რომელიც სამყაროში ჩვეულებრივ მატერიაზე მეტია და "ზედმეტ" მასაზეა პასუხისმგებელი. საინტერესოა, რომ ამგვარი ლინზირებისთვის მაინც დამატებითი მასაა საჭირო, რომლის წყაროც ჯერჯერობით უცნობია.
აქამდე სხვა ამგვარი მკვრივი გალაქტიკებიცაა აღმოჩენილი, რაც მიანიშნებს, რომ ისინი რაღაც საერთო მექანიზმის წყალობითაა ასეთი მასიური. არაა გამორიცხული, თითოეული მათგანი მოსალოდნელზე მეტ ბნელ მატერიას შეიცავდეს ან იქ უფრო მეტი მცირე ზომის ვარსკვლავი გვხვდებოდეს, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა გალაქტიკებში. ამის გასარკვევად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდება.
კომენტარები