ასტრონომებმა ახალი ტიპის კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს
ახალი აფეთქება იმდენად ძლიერია, რომ მან ასობით მილიარდი მზის სიკაშკაშე წარმოქმნა.
კოსმოსი უკიდეგანოა და მისი შესწავლა დაუსრულებელ პროცესს ჰგავს. იქ, სადღაც მუდმივად იმალება რაღაც, რაც არ ვიცით, რაც ჯერ არ აღმოგვიჩენია.
და აი ახლა, მეცნიერებმა უჩვეულო ტიპის კოსმოსური აფეთქება აღმოჩინეს, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშაა. მსგავსი მასშტაბის აფეთქებას ზეახალი ვარსკვლავების უმეტესობაც კი ვერ იწვევს.
ცნობისთვის, ზეახალი კაშკაშა ვარსკვლავური აფეთქებაა, რომელიც მასიური ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლის ბოლო ეტაპებზე ხდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგეტიკული მოვლენა სამყაროში. მსგავსი აფეთქებისას ვარსკვლავი მთელ გალაქტიკას ანათებს და ის წამში იმდენ ენერგიას გამოტყორცნის, რამდენსაც მზე მთელი თავისი არსებობის განმავლობაში.
გასაოცარია, მაგრამ ახალი აფეთქება იმდენად ძლიერია, რომ მან ასობით მილიარდი მზის სიკაშკაშე წარმოქმნა.
ბელფასტის უნივერსიტეტის ასტრონომები აცხადებენ, რომ ეს ვარსკვლავური აფეთქება, შესაძლოა, კოსმოსური მოვლენების სრულიად ახალ კლასს წარმოადგენდეს.
"ჩვენ ათწლეულზე მეტია რაც ყველაზე მძლავრ კოსმოსურ აფეთქებებზე ვნადირობთ და ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ასეთი მოვლენაა, რაც კი ოდესმე გვინახავს", — თქვა მეტ ნიკოლმა, ასტრონომმა, რომელიც დაკვირვებებს აწარმოებდა.
ყველაზე ნათელი კოსმოსური მოვლენის აღმოჩენა
ATLAS-ის ტელესკოპების ქსელი, რომელიც განაწილებულია ჰავაიზე, ჩილესა და სამხრეთ აფრიკაში, იყო პირველი, რომელმაც ეს აფეთქება (AT2022aedm) აღმოაჩინა.
პირველადი აღმოჩენიდან მალევე, გუნდმა დამატებითი დაკვირვებები ჩაატარა. შედეგად დაადასტურა, რომ ეს აფეთქება საკმაოდ უნიკალურია სხვა ცნობილი ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებებისგან.
აღსანიშნავია, რომ აფეთქების კვალი მოსალოდნელზე უფრო სწრაფად გაქრა.
ნიკოლის თქმით, აფეთქება "ფაქტობრივად გაქრა". ასევე მოულოდნელი იყო ლოკაცია, რომელშიც ეს აფეთქება დაფიქსირდა.
"მონაცემები აჩვენებს, რომ მოვლენა მოხდა მასიურ, წითელ გალაქტიკაში ორი მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. კონკრეტული გალაქტიკა შეიცავს მილიარდობით ვარსკვლავს, როგორიც ჩვენი მზეა, მაგრამ იქ არ უნდა იყოს ისეთი მასიური ვარსკვლავი, ზემასიურად რომ ქცეულიყო", — თქვა ნიკოლმა.
მოვლენა კოსმოსური აფეთქების ახალ კლასს მიეკუთვნება
AT2022aedm-ის გარშემო შეგროვებული მონაცემები უთითებს იმაზე, რომ საქმე სრულიად ახალ კოსმოსურ მოვლენასთან გვაქვს — ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის.
ნიკოლმა აღნიშნა, რომ მოპოვებული მონაცემებიდან გამომდინარე ეს ზეახალი ვარსკვლავი არ არის. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ საქმე ვარსკვლავისა და შავი ხვრელის შეჯახებასთან გვაქვს.
"მოვლენას ახალი სახელი დავარქვით — Lluminous Fast Coolers, იგივე LFC", — თქვა ნიკოლმა.
კვლევის შედეგები The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები