რეპორტაჟი ნიუ-იორკიდან: ქართველი ბავშვები, რომლებსაც სისხლში ტყვია უპოვეს
ფოტო: Reuters
მაშ შემდეგ, რაც On.ge-მ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე, ამბით დაინტერესდა ამერიკის ხმაც, რომელმაც ინფორმაცია დამოუკიდებლად გადაამოწმა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა კაროლინა როდრიგესმა, On.ge-ს მსგავსად, ამერიკის ხმასაც დაუდასტურა, რომ ისინი რეგულარულად ამოწმებენ ქართულ სანელებლებში ტყვიის შემცველობას და ზოგიერთ ნიმუშში განსაკუთრებით მაღალი დოზით პოულობენ მას. ბოლო ასეთი შემთხვევა 2017 წელსაც მოხდა. შესაბამისად, ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება ძალაშია.
"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ნიუ-იორკში ტყვიით მოწამლვის შემთხვევები, რომელიც საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სანელებლებს უკავშირდება” - უთხრა კაროლინა როდრიგესმა ამერიკის ხმას.
გთავაზობთ სტატიას, რომელიც ამერიკის ხმამ მოამზადა ნიუ-იორკიდან.
საინტერესოა, როგორ იგებს არსებული პრობლემის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტი და ზოგადად, რა ეტაპზე ხდება ამ უწყების საქმეში ჩართვა? ამერიკაში იმიგრირებულ ათამდე ქართველ მშობელთან გასაუბრების შემდეგ, რომელთა სახელების და გვარების დასახელების უფლება არ გვაქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში, საქმე არასრულწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის ინფორმაციას ეხება, გავარკვიეთ, რომ სისხლის ანალიზში ტყვიის მაღალი დონის აღმოჩენის დროს, ექიმის ოფისი ვალდებულია ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტს შეატყობინოს.
დიაგნოზის დასმა ძირითადად ხდება ორსულ ქართველ ქალებში, რომლებიც ექიმებთან ყველაზე აქტიურად დადიან, ან ბავშვებში, უმეტესად, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებში, რომელთაც სკოლაში წასასვლელად ექიმის ცნობა მოეთხოვებათ. ორსულ ქალებს, რომლებსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ, ხშირად შვილი მსგავსი დიაგნოზით უჩნდებათ.
კაროლინა როდრიგესის თქმით, თუკი პაციენტის სისხლში ტყვიის შემცველობა 10 მგ’დლ-ზე მეტია, სააგენტოს ტყვიით მოწამლვის პრევენციის პროგრამა მასთან გასაუბრებას და მის საცხოვრებელ სახლში გამოძიებას იწყებს. ამ დროს სახლის სხვადასხვა ზედაპირიდან და საეჭვო პროდუქტებიდან სინჯებს იღებენ, ტარდება მათი ლაბორატორიული გამოკვლევა და ხდება “პოტენციური წყაროების იდენტიფიცირება.” ამის შემდეგ, თუკი ტყვიის წყაროს წარმომავლობა დადგინდა, კონტროლი უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება, სანამ მისი სრული ელიმინაცია და მომავალში რისკების მინიმუმზე დაყვანა არ მოხდება.
არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო და დასაშვები ნორმა ადამიანის ორგანიზმში - აცხადებს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი. ტყვიასთან შეხებას ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა სისტემის დაზიანება შეუძლია. იმის გამო, რომ ამ დროს პაციენტს გამოკვეთილი სიმპტომები არ აღენიშნება, მოწამვლა ძალიან ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ტყვია არის ნიადაგში, წყალში, დაბინძურებულ ჰაერში და შესაბამისად, საკვებშიც. ერთ-ერთი წყაროა კოსმეტიკური საშუალებები და ძალიან ცნობილი - ინდუსტრიული საღებავი, რომლითაც ღებავენ სახლებს, ავეჯს, ნივთებს და საიდანაც ის ხვდება ჰაერში და შესაბამისად, ადამიანის, ცხოველის, თუ ფრინველის სასუნთქ ორგანოებში.
ტყვია მძიმე ლითონია, რომლის ტოქსიკურობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დოზაზე, ხანგრძლივობაზე, მიღების გზაზე, ასაკზე, სქესსზე, გენეტიკაზე და ასე შემდეგ. მაღალი ტოქსიკურობის და სისტემური ტოქსიკურობის გამო, ის რამდენიმე სხვა ელემენტთან ერთად, სახელმწიფო ჯანდაცვის პრიორიტეტად ითვლება, რადგან მცირე დოზასთან შეხებასაც კი ადამიანის ბევრი ორგანოს დაზიანება შეუძლია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის განმარტებით, ტყვია ადამიანის ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს შესუნთქვით, ჭამის პროცესში, სითხის დალევის დროს, ან კანთან შეხებით.
ტყვიას კანცეროგენული, ანუ კიბოს პოტენციურად გამომწვევი ნივთიერების კლასიფიკაციას აძლევს ჯანდაცვის რამდენიმე წამყვანი ორგანიზაცია. ტყვიას და მის მინაერთებს კანცეროგენულად მიიჩნევს შეერთებული შტატების ეროვნული ტოქსიკოლოგიის პროგრამა (NTP), რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს ნაწილი. მათ შორისაა: ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი (NIH), დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი (CDC) და საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA). ტყვიას კანცეროგენულად თვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოც (IARC).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვია აღწევს თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში და ძვლებში. დროთა განმავლობაში მისი აკუმულირება კბილებში და ძვლებში ხდება. ძვალში არსებული ტყვია ორსულობის დროს ორგანიზმში გამოდის და ნაყოფს რისკის ქვეშ აყენებს. სისხლში ტყვიის მაღალი დონე განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის, საშუალოდ, 6 წლამდე. დიდი რაოდენობით ტყვიას იერიში თავის ტვინზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მიაქვს. დიდ და ხანგრძლივ დოზას შეუძლია გამოიწვიოს კომა, კონვულსიები და სიკვდილიც კი. შედარებით ნაკლები დოზით მიღებისას, ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ გონებრივი, ან ფიზიკური ჩამორჩენილობა, ქცევითი აშლილობები, კოორდინაციის გაძნელება, კუნთოვანი სისუსტე, ანემია, ჰიპერტენზია და ნევროლოგიური დარღვევები, რომელთა გამოსწორებაც შემდგომში შეუძლებელი ხდება.
ფეხმძიმედ რომ ვიყავი და ანალიზები გამიკეთეს, სისხლში აღმომაჩნდა ძალიან მაღალი ტყვიის შემცველობა. რახან მე მქონდა, მოგვიანებით, ჩემი ახალშობილი შვილიც შეამოწმეს, რადგან 6 წლამდეა ტყვია ყველაზე საშიში... ბავშვსაც მაღალი აღმოაჩნდა
“ფეხმძიმედ რომ ვიყავი და ანალიზები გამიკეთეს, სისხლში აღმომაჩნდა ძალიან მაღალი ტყვიის შემცველობა. რახან მე მქონდა, მოგვიანებით, ჩემი ახალშობილი შვილიც შეამოწმეს, რადგან 6 წლამდეა ტყვია ყველაზე საშიში... ბავშვსაც მაღალი აღმოაჩნდა. ამიტომ ყველას გაგვიკეთეს ანალიზი და გავიგეთ, რომ მესამე ადამიანსაც ჰქონდა ჩვენს ოჯახში ტყვიის მაღალი შემცველობა. მაშინათვე ჩაერთო ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტი, მეორე დღესვე. მოვიდნენ და პირველ რიგში შეამოწმეს სახლი. მერე იკითხეს, ხომ არ მქონდა ჩამოტანილი სუნელები აზიის რომელიმე ქვეყნიდან, ინდოეთიდან, ან სხვა ადგილიდან... მქონდა, რა თქმა უნდა, საქართველოდან ჩამოტანილი, რომელსაც, სიმართლე გითხრათ, ძალიან იშვიათად ვიყენებდი. მოკლედ, წაიღეს ნიმუშები და რამდენიმე დღის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ ყველაფერი უნდა გადამეყარა, რადგან სუნელებს ძალიან მაღალი ტყვიის შემცველობა ჰქონდა” - ამბობს ნიუ-იორკელი დედა.
7 წლის ნიუ-იორკელი ბავშვის მამა ყვება, რომ მას შემდეგ, რაც მის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, სახლში ჯანდაცვის დეპარტამენტიდან მივიდნენ და ყველანაირი ზედაპირიდან სინჯები აიღეს. მისი თქმით, ტყვია მხოლოდ “საქართველოდან გამოგზავნილ უცხო სუნელში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით”. შემდეგ, ექიმისგან გაიგეს, რომ ქართველებში ეს ხშირი შემთხვევა იყო და ამიტომ, ოჯახის დანარჩენი წევრების გასინჯვაც იყო საჭირო. “მთელ ხუთსულიან ოჯახს აღმოგვაჩნდა სისხლში ტყვია მაღალი რაოდენობით” - ამბობს ის.
“ჩემს შვილს აღმოაჩნდა სისხლში დიდი რაოდენობა, არასოდეს არ უთქვამთ ეს თბილისში ექიმებს. ანალიზებს სულ ვიღებდით და ექიმთან 6 თვეში ერთხელ დავდიოდით. როდესაც ამერიკაში ჩამოვიყვანე, პოლიკლინიკის ექიმმა სასწრაფოდ დამიბარა და ბინაში შემოწმება გამომიგზავნეს. შეამოწმეს კარები, კედლები, წყალი. მერე ვუთხარი, რომ საქართველოდან ვიყავით. მითხრეს, საქართველოში ძალიან არის ბავშვებშიც და დიდებშიც გავრცელებულიო. ჰაერი, წყალი და პროდუქტი [ალბათ] საშიშია ჯანმრთელობისთვის საქართველოს ქალაქებშიო. დაგვინიშნეს ვიტამინები D-3 და C, მთელი სიცოცხლის მანძილზე უნდა სვას. D-3 ბლოკავს და ძვლის ტვინში არ ატარებს ტყვიას. ვინც საქართველოში ცხოვრობდით, ყველამ გაიკეთეთ ეს ანალიზი” - ამბობს ნიუ-იორკელი დედა და გვთხოვს, რომ მისი ამბავი გავაგებინოთ ყველას, ვიზეც ხელი მიგვიწვდება. იქნებ ვინმეს დაეხმაროს, “იქნებ მეტმა დედამ აუღოს ანალიზი შვილებს. ოღონდ მე მიზეზი არ ვიცი, თუ რატომ აღმოაჩნდა ჩემს შვილს ტყვია. სანელებლებს ვერ დავაბრალებ”.
არის თუ არა ტყვია მართლა მარტო ქართულ სანელებლებში, თუ საქართველოდან ჩამოტანილ დანარჩენ საკვებ პროდუქტშიც? ჯერჯერობით ამ კითხვაზე კვალიფიციური პასუხი არ გვაქვს, რადგან სხვა პროდუქტი ჩვენს მიერ გამოკითხულთა შორის, ლაბორატორიულად არავის შეუმოწმებია. ქართველი იმიგრანტების უმეტესი ნაწილი, რომელთაც ჩვენ გავესაუბრეთ, ეჭვობს, რომ ტყვია, შემოწმების შემთხვევაში, შესაძლოა ბევრ სხვა ქართულ პროდუქტშიც იპოვონ, რომელიც სუნელივით ბაზარში და ქუჩაში ღიად იყიდება და საექსპორტოდ გათვალისწინებული არ არის. ამ ვარაუდის საფუძველს მათ ის ფაქტი აძლევს, რომ ამერიკული ჯანდაცვის დეპარტამენტის შემოწმებისას, ქართული საკვები პროდუქტიდან სახლში მხოლოდ სანელებლები აღმოაჩნდათ, რომელიც თვეობით ინახება. თუმცა, ეს მხოლოდ მათი ეჭვია.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება მხოლოდ ქართულ სანელებლებს არ ეხება. იმპორტირებულ პროდუქტებში, რომელშიც ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს, სახელდება ბანგლადეშის სანელებლებიც; თიხის ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია მექსიკაში, ეკვადორში, თურქეთში და უზბეკეთში; სხვადასხვა ქვეყნის კოსმეტიკური, თუ რელიგიური დანიშნულების ნაწარმი; ბავშვის სათამაშოები და მოზრდილთა სამკაულები.
ტოქსიკური ლითონის მაღალი შემცველობის ქართულ სანელებლებს შორის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ დასახელებულია: “ყვითელი ყვავილი, ან ზაფრანა; სვანური მარილი; ხმელი სუნელი, ან ხარჩოს სუნელი; მწარე წიწაკა, დაფქვილი ჩილი, წიწაკა, დაფქვილი კერი, კოჭა, ქინძი და კვლიავი; ქართული მარილი, ან სვანური მარილი; უცხო სუნელი, ან შამბალა; მშრალი აჯიკა; საცივის სუნელი”. გაფრთხილების დასასრულს, ჯანდაცვის დეპარტამენტი შემდეგ რეკომენდაციას იძლევა: “თუ თქვენ მიიღეთ სანელებლები საქართველოდან, სთხოვეთ თქვენს ექიმს, ჩაგიტაროთ სისხლის ანალიზი ტყვიაზე. თუ არ გყავთ ექიმი, დახმარების მისაღებად, დარეკეთ 311-ზე”. განცხადება ჯანდაცვის დეპარტამენტის ვებგვერდზე ინგლისურ და ქართულ ენებზეა გამოქვეყნებული.
რამდენად ხშირია საქართველოდან ახლადჩამოსულებში ტყვიის მაღალი დონე? ამ კითხვით წარმოშობით ქართველ, ნიუ-იორკში მცხოვრებ პედიატრს, მაიკლ ჰანანს მივმართეთ, რომელსაც ექიმის ოფისი ბრუკლინში აქვს გახსნილი. ბრუკლინში ქართველი იმიგრანტები ყველაზე მჭიდროდ სახლობენ და როგორც მაიკლმა გვითხრა, მისი პაციენტების, სულ ცოტა, 35 პროცენტი ქართული დიასპორის წარმომადგენელია.
“მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის და 2008 წლიდან ფიქსირდება. ბავშვები ჩამოდიან საქართველოდან და მათ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აქვთ. ჩემთვის საკვირველია, იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებიდანაც მოდიან ჩემთან, რა თქმა უნდა. ბევრია შუა აზიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან. არ ვიცი, საიდან არ ჩამოდიან, მაგრამ უმეტესად, ქართველ ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა” - ამბობს ის.
ტყვიის მაღალი დონე ექიმ ჰანანის მიერ გასინჯულ პაციენტებში, საშუალოდ ყოველ მე-10 ქართველ ბავშვს აღენიშნება.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართულ იმიგრაციაში მსგავსი პრობლემა შესაძლოა გაცილებით მეტს აღმოაჩნდეს, რადგან ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები, სიმპტომატიკის არქონის გამო, ექიმს, როგორც წესი, იშვიათად მიმართავენ.
ტყვიით მოწამლვის შემთხვევები მხოლოდ ნიუ-იორკით არ შემოიფარგლება, ვაშინგტონში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მშობელმაც დაახლოებით იგივე ამბავი მოგვიყვა. მას შემდეგ, რაც მის 9 თვის შვილს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდა, ექიმმა ჯანდაცვის დეპარტამენტს შეატყობინა. მის სახლში სასწრაფოდ მოვიდნენ დეპარტამენტის თანამშრომლები, აიღეს უამრავი სინჯი თითქმის ყველა კუთხიდან, მაგრამ ტყვია მარტო ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა, რომელიც მათ საქართველოდან ჰქონდათ ჩამოტანილი. “სანელებელში ტყვიის დონე არანორმალურად მაღალია. არანორმალურადო, ზუსტად ეს სიტყვა მითხრეს” - ყვება ვაშინგტონელი დედა.
“ამერიკის ხმა” დაუკავშირდა საქართველოს საკონსულოს ნიუ-იორკში, სადაც დაადასტურეს, რომ მათ 2015 წელს მართლაც მიიღეს “შეტყობინება ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესაძლო არსებობის შესახებ. ამერიკული მხარის თხოვნით, აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში კომპეტენტურ ორგანოებს”. თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად არ გავრცელებულა პოტენციური რისკის ჯგუფში, ანუ ქართველ ემიგრანტებში. მას შემდეგ, რაც on.ge-მ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის გაფრთხილება პირველად გამოაქვეყნა, განცხადება გაავრცელა საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც წერია:
”სურსათის ეროვნული სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. სააგენტომუდმივად აწარმოებს მონიტორინგს და ლაბორატორიულ კვლევას. დღესქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ნიუ-იორკის ჯანდაცვისდეპარტამენტის განცხადება ქართული წარმოების სანელებლებში ტყვიისმაღალი შემცველობის შესახებ, რაც არის 2015 წლის ინფორმაცია დაარავითარი საერთო არ აქვს დღევანდელ რეალობასთან. სურსათისეროვნული სააგენტო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონგადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეიყვანენსაზოგადოებას შეცდომაში”.
P.S. ფლინტის კრიზისი - ტყვია სასმელ წყალში
ძალიან მოკლედ იმაზე, თუ რა მოხდა ქალაქ ფლინტში, მიჩიგანის შტატში და როგორ ხდება ახლაც 3 წლის წინ დაწყებული კრიზისის მართვა, რომელიც ტყვიის სასმელ წყალში მოხვედრას უკავშირდება. 2014 წლის აპრილში, 100 000-იანი მოსახლეობის მქონე, გაკოტრების პირას მისული ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, რომ სასმელ წყალზე ფული დაეზოგა და წყაროდ დროებით არა ტბა ჰურონი, არამედ მდინარე ფლინტი გამოეყენებინა. მდინარის წყალმა, რომელიც თურმე, გაცილებით უფრო მაღალი მჟავიანობით გამოირჩეოდა, ძველი წყალსადენი მილების დამცავი საფარი დააზიანა და წყალში ტყვიის გაჟონვა მოხდა.
წყალი მოსახლეობას დაახლოებით 2 წლის მანძილზე წამლავდა. ექიმები თავიდან ერდროულად ბევრ ადამიანზე დაწყებულმა გამონაყარმა და თმის გათხელებამ დააფიქრა. მოგვიანებით, მოსახლეთა სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა და ექიმებმა განგაშის ატეხვა სცადეს, მაგრამ ქალაქის თავები ამბის მიჩქმალვას შეეცადნენ. გაირკვა, რომ ტყვიის შემცველობა ნორმას 40 პროცენტით აღემატებოდა. ამბავი, ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გახმაურდა, ნაციონალურ მედიაში სკანდალი ატყდა და 2016 წლის იანვარში ქალაქში საგანგებო მდგომარეობაც კი გამოცხადდა.
მოგვიანებით, ფლინტში წყალსადენი მილების გამოცვლა დაიწყო, რომელიც დღესაც გრძელდება და დაახლოებით 2020 წელს დასრულდება. იმის მიუხედავად, რომ ტყვიის შემცველობა წყლის ბევრ სინჯში უკვე ნორმასთან ახლოსაა, ფლინტის მოსახლეობას 2020 წლამდე მაინც მხოლოდ ბოთლის წყლის დალევას ურჩევენ.
და ბოლოს: 2016 წელს, როცა ფლინტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, სასმელი წყლიდან აღებულ ნიმუშებში ტყვიის რაოდენობა 0.005-ppm-ს უდრიდა. შეერთებულ შტატებში სასმელი წყლისთვის დასაშვები ნორმაა 0.015 ppm. ქართულ სანელებლებში ნაპოვნი ტყვიის რაოდენობა, შეგახსენებთ, 27 000 ppm-მდეა. ამასთან, სულ ცოტა, 7 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილზე ნაყიდ სანელებლებში.
-
წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა წინა ათწლეულში სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე 62 000 პინგვინი შიმშილისგან მოკვდა — კვლევა
გადახედვა
-
სტივენ დაუთი: "ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს" სტივენ დაუთი: "ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ქიმიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს"
გადახედვა
-
"ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება
გადახედვა
-
10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის
-
მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო მარსზე აღმოჩენილი ქვები მიანიშნებს, რომ იქ ძველად ტროპიკული კლიმატი იყო
გადახედვა
-
სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
გადახედვა
-
შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან? შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
გადახედვა
-
პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში? პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა 500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
-
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
-
მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს
გადახედვა
-
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
-
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად
-
მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია
გადახედვა
-
"ისინი ტყუიან, მათ ბევრი რამე დამალეს" — ლაშა შერგელაშვილი სუს-ის განცხადებაზე "ისინი ტყუიან, მათ ბევრი რამე დამალეს" — ლაშა შერგელაშვილი სუს-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით Amnesty International OPCW-ის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაიწყონ ოფიციალური გამოძიება BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება
გადახედვა
-
ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება
გადახედვა
კომენტარები