მკვლევრებმა გამოავლინეს ეპოქა, როცა უძველესი ადამიანი თითქმის გადაშენდა
იყო მომენტი, როდესაც დედამიწაზე დაახლოებით 1 280 ინდივიდი იყო შემორჩენილი.
Science-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ის მოვლენები შეისწავლეს, რომელმაც კაცობრიობა თითქმის სრულად გაანადგურა.
უახლესი ტექნიკის გამოყენებითა და თანამედროვე ადამიანების გენომის სექვენირებით, მკვლევრებმა სახეობის ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტი გამოავლინეს.
თითქმის გადავშენდით?
კვლევა ნათელს ჰფენს მანამდე უცნობ პერიოდს, რომელიც დაახლოებით 930 000 წლის წინ დაიწყო და 117 000 წელი გაგრძელდა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ პერიოდში უძველესი პოპულაცია მკვეთრად შემცირდა.
მკვლევრებმა განმარტეს, რომ ამ პერიოდში მხოლოდ 1 280-მდე ინდივიდი იყო შემორჩენილი.
"საუბარია პერიოდზე, როდესაც ნამარხების მხრივ მნიშვნელოვანი ჩავარდნა გვაქვს. ეს პოპულაციის შემცირებაზე მიანიშნებს", — განმარტა ჯორჯო მანზიმ, რომის უნივერსიტეტის ანთროპოლოგმა.
ითვლება, რომ ჩვენი წინაპრების პოპულაციის მკვეთრი შემცირება ძირითადად კლიმატის ცვლილებებით იყო განპირობებული. ამ პერიოდის გამყინვარებამ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ძლიერი გვალვა გამოიწვია. გარდა ამისა, ცვლილებებმა უძველესი ადამიანების საკვების წყაროც შეამცირა.
ფაქტი, რომ ამ ყველაფრის მიხედავად ადამიანი გადარჩა, ჩვენი სახეობის გამძლეობაზე მეტყველებს. გადარჩენისთვის ასეთმა ბრძოლამ თანამედროვე ადამიანის ქრომოსომების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა.
ცეცხლის გამოყენების ოსტატობა
"კვლევა ადამიანის ევოლუციაში ახალ ველს ხსნის, რადგან ის ბევრ კითხვას აჩენს. მაგალითად, როგორ ადგილებში ცხოვრობდნენ მაშინდელი ადამიანები, როგორ გადაურჩნენ ისინი კლიმატის ცვლილებებსა და რა ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს წინაპრების ტვინის ევოლუციაზე", — თქვა კვლევის ავტორმა ი-ჰსუან პანმა, ევოლუციური და ფუნქციონალური გენომიკის ექსპერტმა.
მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ ცეცხლის გამოყენების ოსტატობა და კლიმატის გაუმჯობესება (813 000 წლის წინ) გადამწყვეტი ფაქტორები იყო, რამაც ადამიანი გადაშენებისგან იხსნა.
"ეს აღმოჩენები მხოლოდ დასაწყისია. დროსთან ერთად უფრო მეტს გავიგებთ და ადამიანის ევოლუციაზე მეტად სრულყოფილი სურათი გვექნება", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები