ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ჩეჩენი ქალი "გაიტაცეს და გროზნოში გაგზავნეს"
გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩენი ქალი, რომელიც მოკვლის შიშის გამო ჩეჩნეთიდან გაიქცა, პეტერბურგში სახლიდან გაიტაცეს და ქურდობის ბრალდებით გროზნოში დააპატიმრეს. სამოქალაქო უფლებების აქტივისტები შიშობენ, რომ მშობლიურ რესპუბლიკაში ის შესაძლოა მოკლან.
ჩრდილოეთ კავკასიის ქვიართა უფლებადამცველი ორგანიზაცია NC SOS Crisis Group იტყობინება, რომ სედა სულეიმანოვა და მისი პარტნიორი, სტანისლავ კუდრიავცევი 23 აგვისტოს კაცების ჯგუფმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ბინიდან წაიყვანა.
მათი მტკიცებით, ორმა კაცმა თავი პოლიციელად წარადგინა, ხოლო დანარჩენი ორი იყვნენ "ჩეჩნები სამოქალაქო ტანსაცმელში".
შემდეგ წყვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კუდრიავცევი მალევე გაათავისუფლეს, ხოლო სულეიმანოვა დააპატიმრეს 150 000 რუბლის (1 600 აშშ დოლარი) ღირებულების ძვირფასეულობის ქურდობის ბრალდებით.
NC SOS Crisis Group-მა, რომელიც ლეგალურად წარმოადგენს სულეიმანოვას, ვერ შეძლო მასთან დაკავშირება ან ადგილსამყოფელის დაზუსტება. ისინი აცხადებენ, რომ სულეიმანოვა გატაცების შემდეგ ჩეჩნეთში გადაიყვანეს.
"ახლა მასთან კავშირი არ არის, არ ვიცით სად იმყოფება. სანქტ-პეტერბურგის პოლიციის თანამშრომლებმა ასევე ვერ თქვეს სად არის და კონკრეტულად რის საფუძველზე წაიყვანეს", — განუცხადეს ჯგუფმა OC Media-ს.
ორგანიზაციის ადვოკატს, მარკ ალექსეევს, პოლიციიდან აცნობეს, რომ სულეიმანოვა სათანადო პროცედურების გარეშე დააკავეს და ვერ იპოვეს ძვირფასეულობა, რომლის ქურდობაშიც ის იყო ბრალდებული.
ჯგუფი შიშობს, რომ ქალს შეიძლება სერიოზული საფრთხე ემუქრებოდეს ჩეჩნეთში, სადაც მისი ოჯახი მანამდე "მასზე ზეწოლას ახდენდა, უფლებებს უზღუდავდა და ადგილობრივი წეს-ჩვეულებების დაცვას აიძულებდა".
"[მათ] უთხრეს, რომ თუ ამას არ გააკეთებდა, ღირსების მკვლელობა ემუქრებოდა", — განუცხადა ორგანიზაციამ OC Media-ს — "ეს მაშინ, როდესაც ახლობლები კლავენ ოჯახის წევრებს, რომ გაწმინდონ სისხლი და ღირსება არასათანადო საქციელისაგან".
NC SOS Crisis Group-მა სულეიმანოვას საქმე 2022 წლის ოქტომბერში აიღო, როდესაც ქალმა მათ სიცოცხლის საფრთხის გამო მიმართა, რადგან ოჯახის წევრები მიიჩნევდნენ, რომ "საკმარისად რელიგიური არ იყო".
თებერვალში ოჯახს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა და ამის შემდეგ სულეიმანოვა სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები