ისტორიის მცველი — თეონა ცხომელიძის საინფორმაციო ომი უკრაინისთვის
ფოტო: თეონა ცხომელიძის პირადი არქივიდან
თეონა ცხომელიძე ჟურნალისტია. ჟურნალისტებს ერთი თვისება აქვთ. არ აქვს მნიშვნელობა, იმ კონკრეტულ მომენტში მუშაობ თუ არა, როცა კი რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, იმ წამსვე ირთვება ჟურნალისტის ფუნქცია და ტვინი ავტომატურად იწყებს მუშაობას და ფიქრს ინფორმაციის შეგროვებაზე, გაფილტვრასა და შემდეგ გავრცელებაზე.
ასე მოხდა თეონას შემთხვევაშიც. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო, თეონას, როგორც ჟურნალისტს, დროებითი ტაიმ აუტი ჰქონდა აღებული. თუმცა, წლების განმავლობაში, სხვადასხვა წამყვან ტელევიზიასა თუ რადიოში რეპორტიორად მუშაობის გამოცდილებამ, არ მისცა საშუალება, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენებისთვის გვერდიდან, რიგითი მოქალაქის გადასახედიდან ეცქირა.
38 წლის ჟურნალისტი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეიჭრნენ, ყველა ისე ეხმარებოდა უკრაინას და იმ საქმეს აკეთებდა, რაც იცოდა და ყველაზე კარგად გამოსდიოდა, მისი დახმარება კი ეს იყო — ომის შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის შეგროვება და გავრცელება.
2022 წლის თებერვლის ბოლოდან, ფეისბუკში, თეონას პირად გვერდზე, ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო გამოჩენა ინფორმაციამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციისა და მას მოყოლილი შედეგების, დაბომბილი ქალაქების, დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების, დანგრეული საცხოვრებელი კორპუსებისა თუ საბავშვო ბაღების შესახებ. ძალიან მალე, სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის, მათ შორის, ჟურნალისტებისთვის, თეონას პირადი გვერდი ინფორმაციის ერთ-ერთ სანდო წყაროდ იქცა — "თეონასთან ნახე? მაშინ სწორი იქნება", — ეს რეპლიკა ხშირად გამიგია.
თეონას ორი შვილი ჰყავს, მამის მხრიდან უკრაინელები. ამიტომ თეონასთვის უკრაინა მხოლოდ მეგობარი ქვეყანა არ არის. უკრაინასა და უკრაინელებს მის ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა ომამდეც:
"24 თებერვალს, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, ვერ დავიჯერე. დავიწყე ინფორმაციის გადამოწმება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით. უამრავი ინფორმაციის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში, მე კი ვიგებდი რა ხდებოდა და ვიკმაყოფილებდი ჩემს ინტერესს, მაგრამ მენანებოდა, რომ ეს ინფორმაცია მარტო ჩემთან დარჩენილიყო".
და თეონამ გადაწყვიტა, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაევრცელებინა:
"ვპოსტავდი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს გაეგოთ, რა ხდებოდა. სულ რამდენიმე დღეში კი აღმოვაჩინე, რომ ათასობით გამომწერი დამემატა, სრულიად უცნობი ადამიანები მწერდნენ და მივხვდი, რომ იყო ინტერესი, მოთხოვნა და შემდეგ უკვე დავინახე ვალდებულებაც, რომ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის მიღება სურდა, ეს ინფორმაცია დროულად და ობიექტურად მიმეწოდებინა. არადა, გულწრფელად გეტყვით, თავიდან მეგონა, რომ მხოლოდ ჩემთვის ვპოსტავდი ამ ინფორმაციას. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქუჩაში რომ დაიწყეს ჩემი გაჩერება უცხო ადამიანებმა, მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გამომწერები არიან და მადლობას მიხდიდნენ, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა და მივხვდი ჩემს მისიას ამ ომში".
ფოტო: თეონა ცხომელიძის პირადი არქივიდან
დაიწყო უძილო ღამეების რამდენიმე თვე:
"როგორც კი ღამე დგებოდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ არ უნდა დამეძინა, მეშინოდა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამომრჩებოდა და დროულად ვერ გავუზიარებდი ჩემს გამომწერებს. იმ პერიოდში, ჩემი შვილები ნახევრად დამწვარ საჭმელს ჭამდნენ. არ ვიცოდი, რა რიცხვი იყო, მაგრამ ვიცოდი, ომის მერამდენე დღე იყო. სადღაც ნახევარი წლის შემდეგ გამოვედი ამ რეჟიმიდან, რადგან დავიწყე მუშაობა და დამჭირდა სხვა რეჟიმზე გადართვა, მაგრამ ის ჩვევა, რომ მუდმივად ვიკითხო და რაღაც არ გამომრჩეს, დღემდე მომყვება".
უძილო ღამეების ბევრი ამბავი ახსოვს, მაგრამ ერთი განსაკუთრებით. იმ ღამეს ქართველი სპორტსმენი, მერაბ დვალიშვილი რუს მეტოქეს უნდა დაპირისპირებოდა:
"უკრაინაში დაძაბული ვითარების ფონზე, ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ბრძოლა იყო ჩვენი დროით ღამის 4 საათზე და ჩამეძინა. დილით შევვარდი ფეისბუკზე, რომ გამეგო, როგორ ჩაიარა ბრძოლამ, თან ჩემს თავზე ცოტა გაბრაზებული, როგორ დამეძინა-მეთქი. და მხვდება ჩემს მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რამდენიმე საათით ადრე დადებული, თავისი ემოციური ტექსტით გამარჯვების შესახებ და ფოტოებით. დღემდე არ მახსოვს როდის გავიღვიძე, მოვიძიე და გავაზიარე ეს სასიხარულო ამბავი".
დღეს თეონა მედიაჰოლდინგ კომერსანტის სარედაქციო დირექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრის მედია ხმის აღმასრულებელი დირექტორია.
გარდა სხვა, ყოველდღიური პროფესიული თუ საოჯახო საქმიანობისა, ის დღესაც, უკრაინაში ომის დაწყებიდან წელიწადნახევრის თავზე, ყოველდღიურად რამდენიმე ათას ახალ ამბავს ეცნობა და შემდეგ, მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას საკუთარ ტელეგრამ-არხსა და ფეისბუკზე ანთავსებს.
მას აქვს კონკრეტული მიზეზები, თუ რატომ აგრძელებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ასე ჯიუტად და თანმიმდევრულად:
"დღეში დაახლოებით 10 ათასი ნიუსის ნახვა მიწევს, საიდანაც შესაძლოა სამი ამბავი გავავრცელო. მაქვს ჩემი ტელეგრამ-არხი, რომელიც ომიდან ერთი წლის თავზე გავაკეთე. საქართველოში არის თაობა, რომელმაც უკვე აღარ იცის რუსული ენა, მით უმეტეს, უკრაინული და მგონია, რომ მათთვის ძალიან საჭირო იყო, რომ ქართულ ენაზე ჰქონოდათ წვდომა უკრაინის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციაზე. მინდოდა, რომ ამ თემას აქტუალობა არ დაეკარგა. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ემოციურ, მტკივნეულ, ადამიანურ ამბებს, იმ ამბებს, რომლებიც გულზე მოხვდებოდა მკითხველს. გარდა ამისა, ჩემი მიზანი იყო და არის რუსეთის პროპაგანდის განეიტრალება, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოში. არ მაქვს პრეტენზია, რომ პროპაგანდის მანქანას ვუპირისპირდები, თუმცა, მცირე წვლილი თუ მაინც შემაქვს ამ საქმეში, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია".
უკრაინის ომის საინფორმაციო მორევში შეცურვა თეონას არც თუ ისე იაფი დაუჯდა. ეს უკვე გვიან გააცნობიერა:
"დღეში ოცჯერ მაინც ვტიროდი. იყო ბევრი ამბავი, რომელმაც განსაკუთრებულად იმოქმედა ჩემზე, მათ შორის ჩვილი, რომელიც დედ-მამამ მიარბენინა კლინიკაში, მაგრამ ბავშვი დაიღუპა. იყო უმძიმესი კადრი, როდესაც ბუჩაში იპოვეს უკრაინელი სამხედროს ცხედარი, რომელსაც ხელზე უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილი სამაჯური ეკეთა, ხელი უკვე ჩონჩხად იყო ქცეული, თუმცა, სამაჯური შენარჩუნებოდა. იყო დახოცილი დედისა და შვილების კადრი, რომლებიც ჩემოდნებით გარბოდნენ და ქუჩაში დახოცეს. ძალიან ბევრი ადამიანური ისტორიაა, რომელიც ჩემი ტვინიდან არ იშლება. გვიან მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ხარჯზე გადაიარა. რამდენიმე თვის თავზე, უძილობა უკვე ბუნებრივ მდგომარეობაში გადამივიდა, ვეღარაფერზე ვკონცენტრირდებოდი გარდა ამ თემისა, გარეთაც კი აღარ გავდიოდი და ყველაფერი მეასეხარისხოვანი გახდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ინფორმაციის თარგმნისას ხმით მიტირია და ოჯახის წევრები გამიღვიძებია. თუმცა, ესეც გადავლახე".
ამ შრომის შედეგია ისიც, რომ თეონამ 2022 წლის მიწურულს მიიღო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზი სოციალურ მედიაში დამოუკიდებელი კონტენტის შექმნის კატეგორიაში. გასულ წელს თეონამ კიდევ ერთი ჯილდო მიიღო, რომელიც მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია:
"ჩემთვის ძალიან საპატიო სტატუსი, ისტორიის მცველის სტატუსი მომენიჭა ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. ეს სტატუსი ჩემთან ერთად მიიღეს უკრაინელმა ბლოგერებმაც და მე ამ სტატუსით ვამაყობ".
გარდა უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა, ომის პირველ თვეებში, თეონა ცხომელიძე არაერთ პროექტში ჩაერთო, რომელიც უკრაინელი დევნილების დასახმარებლად საქართველოში განხორციელდა. მათ შორის, ერთ-ერთი იყო გასული წლის ზაფხულში, კახეთში გამართული გარბენი უკრაინისთვის, რომელშიც ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, უკრაინელებმაც. ღონისძიებიდან მიღებული თანხა კი სპეციალურ ფონდში გადაირიცხა:
"მაშინ სპორტისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდში ვმუშაობდი. სწორედ ამ ფონდის ეგიდით გაიმართა გარბენი. ეს არის პროექტი, რომლითაც დღემდე ვამაყობ და კიდევ დიდხანს ვიამაყებ. ამავე ფონდის ინიციატივით, ომის პირველ თვეებში, უკრაინიდან დევნილი არაერთი დევნილი ოჯახი დავაბინავეთ თბილისში, სხვადასხვა სასტუმროში და მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახები უკვე დაბრუნდნენ უკრაინაში, მათთან კომუნიკაცია დღემდე მაქვს".
ფოტო: თეონა ცხომელიძის პირადი არქივიდან
თეონასთან ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, უკრაინაში ომის 519-ე დღე მიდიოდა. ესეც მან შეგვახსენა. თუკი თავიდან ყველანი ვითვლიდით უკრაინაში მიმდინარე ომის დღეებს, მოგვიანებით, თვლა აგვერია ან სხვა ინფორმაციამ ჩაანაცვლა ომი უკრაინაში. თეონა დღესაც ასე ნომრავს დღეებს და ამასაც თავისი მიზეზი აქვს:
"მესმის, რთულია, რომ ისევ იმ ემოციით ვუყუროთ უკრაინაში ომს, როგორც პირველ დღეებში. ახლა, როდესაც ზაფხულია და ყველა ისვენებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ომი არსად წასულა, რომ დღეს დილითაც დაიბომბა ოდესა და კიდევ რამდენიმე ქალაქი, რომ ზუსტად ამ დილით, კიდევ ერთი მოხუცი დაიღუპა. ცივილიზებული სამყაროსთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ეს ომი, რადგან საქართველოსთვის გადამწყვეტია, როგორ დასრულდება ის. და უნდა ვიცოდეთ, რომ ომი აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით უნდა დასრულდეს".
თეონას ტელეფონის ეკრანი მუდმივად ანათებს. სხვადასხვა მედია-საშუალება, ტვიტერი თუ ტელეგრამის არხი, ახალ და ახალ შეტყობინებას უგზავნის. ამბობს, რომ ასე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და მერე რა, თუკი ხანდახან ღამეს გატეხს, საჭმელი ოდნავ მიეწვება. ამ ომში, უკრაინის სასარგებლოდ, საინფორმაციო ბრძოლა აქვს მოსაგები.
მასალა მომზადებულია Dopomoga.ge-ის მიერ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები