იაპონიაში ჰიროტას ხალხი ჩვილების თავის ქალებს ფორმას სპეციალურად უცვლიდა — კვლევა
ახალი კვლევის თანახმად, ჰიროტას ხალხი, რომელიც იაპონიის კუნძულ ტენეგასიმაზე დაახლოებით 400 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ჩვილების თავის ქალების ფორმას მიზანმიმართულად ცვლიდა. კერძოდ, ისინი ბავშვებს თავის უკანა ნაწილს უბრტყელებდნენ, თუმცა უცნობია, რატომ აკეთებდნენ ამას.
ეს პოპულაცია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში იაოისა და კოფუნის პერიოდებს შორის, ანუ III-VII საუკუნეებში სახლობდა. 1957-1959 და 2005-2006 წლებში მეცნიერებმა კუნძულზე მრავალი ჩონჩხი ამოთხარეს, რომელთა უმეტესობასაც დეფორმირებული თავის ქალა ჰქონდა. აქამდე გაურკვეველი იყო, ეს ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია თუ ხელოვნურმა ჩარევამ, რაც ჩვილისთვის თავის ქალის ახვევას ან მასზე გარკვეულ ზეწოლას გულისხმობს.
სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, ჩონჩხების ანალიზი ხელახლა ჩაეტარებინათ. მათ ისინი იაპონიაში ნაპოვნ, იმავე პერიოდის ნიმუშებს შეადარეს და დაადგინეს, რომ საქმე სწორედ ხელოვნურ დეფორმაციასთან ჰქონდათ.
ავტორებმა ტენეგასიმაზე მიკვლეული ძვლების ორ და სამგანზომილებიანი გამოსახულებები შექმნეს, შესადარებლად კი იაოისა და ჯიომონის ხალხის თავის ქალები გამოიყენეს. ჰიროტას პოპულაციის წარმომადგენლებს თავები ოდნავ დამოკლებული ჰქონდათ, რაც დაბრტყელებული უკანა ნაწილის შედეგი იყო.
ანალიზმა აჩვენა, რომ თითოეულ ინდივიდს კეფის არეში ერთნაირი დაზიანება, ხოლო ძვლების შემაკავშირებელ ადგილებში ჩაღრმავებები აღენიშნება.
მსგავსი ცვლილება მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლებში თანაბარია, არ ვლინდება სხვაობა ფორმის მხრივაც. რაც შეეხება იაოისა და ჯიომონის ხალხებს, მათში მსგავსი რამ არ აღმოჩენილა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შედეგები ხელოვნური დეფორმაციის სცენარს შეესაბამება.
მაინც რატომ იქცეოდა ასე ჰიროტას ხალხი? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, თუმცა შესაძლებელია, ეს სხვა ჯგუფებისგან გამორჩევის მცდელობა ყოფილიყო. მეტის გასაგებად მკვლევრები გეგმავენ, კიდევ მრავალი ნიმუში შეისწავლონ.
უნდა ითქვას, რომ თავი ქალის დეფორმაციის მაგალითები ისტორიაში სხვაგანაც გვხვდება. მაგალითად, ჰუნებში, შუა საუკუნეების ევროპელ ქალებში, მაიას ცივილიზაციაში, ამერიკის აბორიგენთა ტომებში, პარაკასის კულტურაში და ა.შ. დღეს ის ვანუატუს რესპუბლიკაშიც გავრცელებული პრაქტიკაა, ასევე კონგოში, სადაც გოგოებს სოციალური სტატუსის ხაზგასასმელად თავებს ხელოვნურად უგრძელებენ.
კომენტარები