სომხეთში სასიკვდილო ავარიას საგზაო უსაფრთხოების ნორმების კრიტიკა მოჰყვა
სომხეთში ორშაბათს გამთენიისას გზატკეცილზე სამარშრუტო ტაქსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებისას მიკროავტობუსის მძღოლი და ათი მგზავრი დაიღუპა. კიდევ 5 მგზავრი და სატვირთოს მძღოლი კი ერევნისა და გიუმრის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო საპირისპირო ზოლში გადავიდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები სომხეთში სერიოზული პრობლემაა — ავარიები ხშირად მსხვერპლით ან მძიმე დაზიანებებით სრულდება. მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლება იტყობინება, რომ ყოველწლიურად ავარიებში 100 000 ადამიანიდან დაახლოებით 11 იღუპება. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში იზრდება.
ორშაბათის ფატალური ავარიის შემდეგ კრიტიკის ტალღა გაჩნდა საგზაო უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტრატეგიების რეფორმირების შესახებ მთავრობის ვალდებულებებზე.
ერევნის ყოფილმა მერმა, ჰაიკ მარუტიანმა, რომელიც ამჟამად მერიაში კიდევ ერთი ვადით მოხვედრისთვის იბრძვის, ავარიის მიზეზად "გზების უხარისხო მშენებლობა და ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე კონტროლის ნაკლებობა" დაასახელა.
"ვფიქრობ, დროა გავაცნობიეროთ, რომ კარგი ასფალტი არ უდრის კარგ გზებს", — დაწერა მარუტიანმა ფეისბუქზე.
ინფორმირებულ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელმა, დანიელ იოანისიანმა განაცხადა, რომ ერევანი-გიუმრის გზატკეცილს არ აქვს გამყოფი ხაზები, მიუხედავად იმისა, რომ ის "ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში" შენდებოდა.
იოანისიანმა გამოყო შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაჰე ღაზარიანი და ტერიტორიული ადმინისტრაციის მინისტრი, გნელ სანოსიანი, რადგანაც "არ ესმით, როგორ შეამცირონ [ავარიების შედეგად] სიკვდილიანობის მაჩვენებელი".
"ნუთუ გნელ სანოსიანს არაფერი აქვს სათქმელი საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობაზე? ნუთუ ვაჰე ღაზარიანს არაფერი აქვს სათქმელი საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის არარსებობაზე?"
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები