შოვი სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ — სატელიტური ანიმაცია
3 აგვისტოს რაჭის კურორტ შოვს მეწყერი დაატყდა თავს, რამაც ეს ტერიტორია სრულად გაანადგურა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ პირველადი დასკვნა უკვე გამოაქვეყნა, სპეციალისტები ამ მოვლენას სოციალურ ქსელშიც ეხმაურებიან და საინტერესო ვიზუალურ მასალას გვაწვდიან.
მათ შორისაა ქართველი გეოგრაფი, ლევან ტიელიძე, რომელმაც ახლახან საზოგადოებას Planet-ის კომერციულ უღრუბლო სატელიტურ სურათებზე დაფუძნებული ანიმაცია გაუზიარა. ის კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერის, დენ შუგარის მიერაა შექმნილი და შოვს სტიქიამდე, 29 ივლისის მონაცემებით, და სტიქიის შემდეგ, 5 აგვისტოს მონაცემებით გვიჩვენებს.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ვიდეოში წარმოდგენილი არეალი მთლიანად ფარავს ტერიტორიას კავკასიონის წყალგამყოფი ქედიდან შოვის ტერიტორიამდე.
ასევე, იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
"იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახდენთ თერმული სატელიტების დამუშავებას იმისთვის, რომ ვნახოთ, როგორი იყო რელიეფის და მიმდებარე მყინვარების ზედაპირის ტემპერატურა სტიქიის წარმოქმნამდე. პარალელურად მომზადდება მაღალი ხარისხის ციფრული სიმაღლებრივი მოდელი სტერეო სურათების დახმარებით, რომ უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს, ღვარცოფული მასალის რა მოცულობაზეა საუბარი", — წერს ლევან ტიელიძე.
მეცნიერის განცხადებით, შოვის სტიქია გლაციალური ღვარცოფითაა გამოწვეული.
"კლდოვან-ყინულოვანი ზვავი წარმოიშვა უშუალოდ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მყინვარ თბილისას მარჯვენა შენაკადის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობზე. ზღვის დონიდან დაახლოებით 3700-3800 მეტრის ინტერვალში. მსგავსი ტიპის კლდოვან-ყინულოვანი ზვავი საქართველოში დაფიქსირდა 2014 წლის 17 მაისს, მყინვარ დევდორაკზე. ზვავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეიძლება იყოს ფერდობების სტაბილურობის რღვევა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მუდმივ მზრალობასთან", — წერს ის სხვა პოსტში.
სპეციალისტის თქმით, მუდმივად მზრალი ფერდობები ახლა უკვე სეზონურობას ექვემდებარება, ანუ სხვადასხვა ტემპერატურაზე მზრალობას ვეღარ ინარჩუნებს, რაც დედამიწაზე მიმდინარე კლიმატის ცვლილებითაა განპირობებული.
კომენტარები