ხუაჭუნგის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ვუხანი, ჩინეთი) მკვლევართა ცნობით, მათ ოთახის ტემპერატურის პოტენციური ზეგამტარის, LK-99-ის, ექსპერიმენტი წარმატებით გაიმეორეს — მეცნიერებმა ეს მასალა ხელახლა დაამზადეს და ვიდეოზე აღბეჭდეს მოვლენა, რომელიც მის ზეგამტარობაზე მეტყველებს.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, ნამდვილად აღწევს თუ არა მასალა, სახელად LK-99, ზეგამტარობას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ წნევაზე. შესაძლოა, ჩინელ მკვლევართა ეს მცდელობა სამომავლოდ ამის ერთ-ერთი მტკიცებულება აღმოჩნდეს.

ყველაფერი სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, 2023 წლის ივლისის მიწურულს, როდესაც სამხრეთკორეელი მკვლევრებისგან ორი ახალი ნაშრომი ვიხილეთ. ისინი ამტკიცებენ, რომ შექმნეს მასალა, სახელად LK-99, რომელიც ზეგამტარობას ოთახის ტემპერატურასა და ნორმალურ წნევაზე აღწევს.

იხილეთ: მეცნიერთა მტკიცებით, მათ ოთახის ტემპერატურისა და ნორმალური წნევის პირველი ზეგამტარი შექმნეს

მკვლევრები უკვე საუკუნეზე მეტია, ისეთ ნივთიერებას ეძებენ, რომელიც ელექტრობას ერთი პუნქტიდან მეორემდე წინაღობის გარეშე გადაიტანს (ეს ზეგამტარობაა), ხოლო ამას ნორმალური ტემპერატურისა და წნევის პირობებში შეძლებს. ასე დენის გაფანტვას ავირიდებთ თავიდან, ანუ ელექტროგადამცემ ხაზებში გავლისას არანაირი ელექტრობა აღარ დაიკარგება. ეს ელექტრობისა და ელექტრონიკის დარგებში რევოლუციურ შედეგებს მოიტანს.

ასევე იხილეთ: რა არის ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი და რაში გვჭირდება?

მართალია, ოთახის ტემპერატურის ზეგამტარის შექმნა მსოფლიოსათვის დიდ გარდატეხას მოასწავებს, თუმცა კორეელ მკვლევართა ნაშრომები ჯერ დარგის სხვა სპეციალისტებს არ მიმოუხილავთ. შესაბამისად, მიგნება დადასტურებული არაა.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ხოლმე, ექსპერიმენტის გამეორება სხვა მეცნიერებმაც შეძლონ. მასალის დამზადების ზუსტი ინსტრუქცია უკვე ფართოდ გავრცელდა, მისი გაცნობის შემდეგ კი მსოფლიოში არაერთმა მეცნიერმა დაადასტურა, რომ ასე ზეგამტარის შექმნა ნამდვილად შეიძლება.

რამდენიმე დღის შემდეგ, რაც LK-99-ს შექმნის შესახებ შევიტყვეთ, ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიისა (აშშ) და შენიანგის ეროვნული ლაბორატორიის (ჩინეთი) მკვლევრებმა კორეელ მეცნიერებს მხარი დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ზეგამტარის შექმნა მართლაც შესაძლებელი იყო.

ახლახან ხუაჭუნგის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა ვიდეო გამოაქვეყნეს. მათ დემონსტრაციაში ვხედავთ, რომ LK-99 მაგნიტურ ლევიტაციას (ზეგამტარობის ერთ-ერთი ნიშანი, რომლის დროსაც მასალა ჰაერში ადის) განიცდის — მკვლევართა მტკიცებით, იგი იმაზე მეტადაც აიწია ზემოთ, ვიდრე კორეელი მეცნიერების თავდაპირველი ექსპერიმენტის დროს.

ვიდეო არაერთ უპასუხო კითხვას ტოვებს. საგულისხმოა, რომ მაგნიტური ლევიტაცია ზეგამტარობის მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანია. შესაბამისად, სანამ LK-99-ს ოთახის ტემპერატურის ზეგამტარად გამოვაცხადებდეთ, ჯერ მისი სხვა მახასიათებლებიც უნდა დადასტურდეს.

მაშასადამე, რამის დაზუსტებით თქმა მაინც რთულია, ვიდრე ნაშრომს დარგის სპეციალისტები არ მიმოიხილავენ და იგი რეფერირებად სამეცნიერო გამოცემაში არ გამოქვეყნდება. ამის შემდეგ ის იქნება განსახილველი, თუ როგორ მოხერხდება LK-99-ს მასშტაბური გამოყენება და ხარჯების მხრივ რამდენად ეფექტიანი იქნება ის.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო წლებში მსგავსი მტკიცება აქამდეც არაერთი გვიხილავს, თუმცა საბოლოოდ არცერთი არ დადასტურდა.

2023 წელს სხვა მეცნიერებმაც გამოაქვეყნეს კვლევა, რომლითაც ამტკიცებდნენ, რომ ოთახის ტემპერატურის ზეგამტარი შექმნეს. შემდგომში მათი ექსპერიმენტი სხვა მკვლევრებმა გაიმეორეს და იმავე შედეგს ვერ მიაღწიეს. შესაძლებელია, ეს ცდაში მცირე განსხვავებებით ახსნილიყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.