რა არის ავსტრალიის სანაპიროზე გამორიყული მეტალის ობიექტი? — ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს პასუხი
17 ივლისს ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში არსებულ სანაპიროზე მეტალის ცილინდრული ობიექტი გამოირიყა. მისმა წარმომავლობამ კითხვები მაშინვე გააჩინა, ქვეყნის კოსმოსური სააგენტო კი საკითხის გამოკვლევას შეუდგა.
31 ივლისს ორგანიზაციამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ეს გამშვები რაკეტის Polar Satellite Launch Vehicle (PSLV) მესამე საფეხურია.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ დასავლეთ ავსტრალიაში, ჯურიენ ბეისთან ახლომდებარე პლაჟზე გამორიყული ობიექტი, დიდი ალბათობით, Polar Satellite Launch Vehicle (PSLV)-ის მესამე საფეხურია", — ვკითხულობთ პოსტში.
ეს რაკეტა ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) მიერ იმართება. ის ახლა ავსტრალიის კოსმოსურ სააგენტოსთან ერთად ცდილობს გადაწყვიტოს, რა ბედი ეწევა ზემოხსენებულ ობიექტს, რომელიც კოსმოსური ნარჩენია.
რაკეტა დედამიწიდან 29 მაისს გაუშვეს, რათა მას ორბიტაზე ინდოეთის რეგიონული სანავიგაციო სატელიტური სისტემის ხელოვნური თანამგზავრი გაეტანა. აპარატი სამხრეთის მიმართულებით გაფრინდა და შესაძლებელია, მისი ნაწილი ატმოსფეროში დაბრუნებისას მთლიანად ვერ დამწვარიყო. ამ შემთხვევაში, მსგავსი ფრაგმენტი უკან ჩამოვარდებოდა და ოკეანეში მოხვდებოდა, რის შემდეგაც ავსტრალიის სანაპიროზე გამოირიყებოდა.
PSLV რაკეტები 1993 წლიდან გამოიყენება და მათი დახმარებით ინდოეთის სატელიტებს ხმელეთიდან 600 კილომეტრამდე სიმაღლეზე გზავნიან. ერთი მისიის განმავლობაში ტვირთის ტევადობა 1 760 კილოგრამია, რის გამოც ეს აპარატები საკმაოდ პოპულარულია დამატებითი თანამგზავრების ასატანადაც. 29 ივლისს, მას შემდეგ, რაც სანაპიროზე მეტალის ობიექტი გამოირიყა, PSLV-მ რიგით 58-ე მისია შეასრულა.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს გამოთვლებით, დედამიწაზე კვირაში დაახლოებით ერთი მოზრდილი მსგავსი ნარჩენი ბრუნდება, რაც გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული. მართალია, ამგვარ ობიექტებს ადამიანები არ დაუზიანებია და არც შენობები გაუნადგურებია, თუმცა ESA-ს ეს სერიოზულ პრობლემად მიაჩნია და მის მოგვარებაზე მუშაობს. აღნიშნულ მიდგომას ავსტრალიის კოსმოსური სააგენტოც იზიარებს.
კომენტარები