აშშ-ისა (NASA) და იაპონიის (JAXA) კოსმოსური სააგენტოების თანამშრომლობით შეიქმნა ზონდი, რომლის ხელსაწყოებიც რენტგენული ფოტონებისთვის დამახასიათებელ სითბოს გაზომავს.

მისია XRISM-ის ფარგლებში ამგვარ გამოსხივებას მსგავსი ხომალდისთვის შექმნილი ყველაზე ფართო ხედვის მოწყობილობით გააანალიზებენ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს ინსტრუმენტი მაღალენერგიულ რენტგენულ სინათლეს სპექტრულად დაყოფს და ერთგვარ "რენტგენულ ცისარტყელად" აქცევს.

ამ მისიაში NASA-სთან და JAXA-სთან ერთად კანადისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოებიც მიიღებენ მონაწილეობას.

"ეს მისია უკეთ დაგვანახებს ძნელად გამოსაკვლევ ადგილებს, როგორიცაა ნეიტრონული ვარსკვლავების შიდა სტრუქტურა და აქტიური გალაქტიკების ცენტრალური შავი ხვრელების მიერ გამოყოფილი, თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ნაკადები", — აცხადებს XRISM-ის პროექტის მეცნიერი, ბრაიან უილიამსი.

ზონდი მასზე დამონტაჟებული ხელსაწყოებით მასშტაბურ ფენომენებს გამოიკვლევს. ასეთია, მაგალითად, ექსტრემალური გრავიტაციის გავლენა მატერიაზე, ნეიტრონული ვარსკვლავების, ანუ მკვდარი მნათობების მკვრივი ბირთვების გამოსხივება, ნაწილაკების შორეული ნაკადები, შავი ხვრელების ბრუნვა და სხვა.

აპარატის ერთ-ერთი მოწყობილობა Resolve-ის სახელითაა ცნობილი და ის რენტგენული სპექტრომეტრია. 6/6-პიქსელიანი დეტექტორი თითოეულ რენტგენულ ფოტონს შთანთქავს, რის შედეგადაც ულტრამაღალი გარჩევადობის კატალოგს მივიღებთ, სადაც მილიონობით ელემენტი გაერთიანდება. ამისთვის Resolve-მა ზეცივი ტემპერატურა უნდა შეინარჩუნოს, რომელიც აბსოლუტურ ნულს უახლოვდება. შესაბამისად, ის თხევად ჰელიუმში მოთავსდება, რომელიც დაახლოებით -270°C სიცივეს უზრუნველყოფს.

მეორე ინსტრუმენტს Xtend ეწოდება და ის სპექტრომეტრის ხედვის ფართო არეალზე იქნება პასუხისმგებელი. მისი დახმარებით Resolve გადაიღებს სურათებს, რომლებიც ყველა სხვა რენტგენული ხედვის ზონდზე ფართო ხედს მოიცავს — ცაზე სავსე მთვარეზე 60 პროცენტით დიდ რეგიონს.

როდის გაუშვებენ თანამგზავრს კოსმოსში, ჯერჯერობით უცნობია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.