ვინ იყო რობერტ ოპენჰაიმერი — "ატომური ბომბის მამა"
რობერტ ოპენჰაიმერი იყოს ფიზიკოსი, რომელიც პირველი ატომური ბომბის შექმნასთან არის დაკავშირებული. მას "ატომური ბომბის მამასაც" ეძახიან. სწორედ ის იყო მანჰეტენის პროექტის დირექტორი. დღეს ოპენჰაიმერი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერია.
ასევე: 5 საინტერესო ფაქტი, რომელიც რობერტ ოპენჰაიმერზე უნდა იცოდეთ
1945 წლის ივლისში ლოს ალამოსის ტერიტორიაზე პირველი ატომური ბომბი გამოცადეს. ატომური იარაღის შექმნიდან მალევე ოპენჰაიმერმა შემდეგი სიტყვები თქვა: "ახლა მე გავხდი სიკვდილი, სამყაროების გამანადგურებელი".
ატომური ბომბების შექმნამ და იაპონიის ქალაქების განადგურებამ მეორე მსოფლიო ომი დაასრულა. ამით დაიწყო ახალი ერა, რომელმაც ოპენჰაიმერი ისტორიაში შეიყვანა. მიუხედავად ამისა, სინანულმა იმის გამო, რაც მან შექმნა და მისმა წინააღმდეგობამ საბოლოოდ ფიზიკოსი აშშ-ს მთავრობასთან დაპირისპირებამდე მიიყვანა. შემდეგ იყო სიმპატიები კომუნისტური პარტიის მიმართ, რის შედეგადაც ის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყეს.
სულ მალე რობერტ ოპენჰაიმერზე გადაღებულ ფილმს ვიხილავთ. "ოპენჰაიმერი" კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმია და მას გამოსვლამდე ბევრი უკვე როგორც შედევრს ისე რაცხავს.
ასევე: კრისტოფერ ნოლანი, ოპენჰაიმერი და ატომური ბომბი CGI-ის გარეშე
ისტორიკოსი კაი ბერდი, რომელიც ოპენჰაიმერს, როგორც ისტორიულ ფიგურას წლების განმავლობაში სწავლობდა ამბობს, რომ რობოერტი ნამდვილად საკულტო ფიგურაა. ისტორიკოსს ეკუთვნის წიგნი "ამერიკელი პრომეთე: ჯ. რობერტ ოპენჰაიმერის ტრიუმფი და ტრაგედია". სწორედ ამ წიგნმა მოახდინა შთაბეჭდილება კრისტოფერ ნოლანზე და შესაბამისად, დიდი გავლენა აქვს ახლად გამოსულ ფილმზეც.
მანჰეტენის პროექტზე ათასობით მეცნიერი მუშაობდა და დღევანდელი ეკვივალენტით მასზე 24 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.
ოპენჰაიმერი მანჰეტენის პროექტის სამეცნიერო ლაბორატორიის დირექტორი იყო. მანვე აარჩია ტერიტორია — ლოს ალამოსი. ბომბის შესაქმნელად ოპენჰაიმერმა 2 წელზე მეტი იმუშავა და ყველა ვინც პროექტში იყო ჩართული ცალსახად აღნიშნავდა, რომ ოპენჰაიმერის გარეშე ბომბის შემუშავება უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
ახალგაზრდობაში ოპენჰაიმერი გერმანიაში მაქს ბორნის ხელმძღვანელობით კვანტურ ფიზიკას სწავლობდა. იქ ყოფნისას ოპენჰაიმერი ვერნერ ჰაიზენბერგის ლექციებსაც აქტიურად ესწრებოდა. შესაბამისად, ოპენჰაიმერმა იცოდა, რომ გერმანელ მეცნიერებს ატომური ბომბის შექმნა შეეძლოთ. ოპენჰაიმერს მასობრივი განადგურების იარაღის პოტენციალიც კარგად ესმოდა და შიშობდა, რომ ამ მხრივ გერმანელები თითქმის 2 წლით წინ იყვნენ.
ოპენჰაიმერი პოლიტიკური შეხედულებების მხრივ მემარცხენე იყო. მას ეშინოდა, რომ გერმანელი მეცნიერები ჰიტლერს ატომურ ბომბს შეუქმნიდნენ. ეს კი ოპენჰაიმერისთვის ნამდვილი კოშმარი იყო. ამიტომ, უნდა დაესწრო!
ბერდის თქმით, ოპენჰაიმერი საკმაოდ ამბივალენტური ადამიანი იყო და ეს განსაკუთრებით ატომური ბომბის შექმნაზე მუშაობისას აისახა.
1945 წლის გაზაფხულზე, ლოს-ალამოსის ყველა მეცნიერმა უკვე იცოდა, რომ ომი ევროპაში დასრულდა. მაშ, რატომ აგრძელებდნენ იარაღის შექმნაზე მუშაობას?
ბერდი ამბობს, რომ მეცნიერებს ამ თემასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ, რომელზეც სწორედ ეს საკითხები განიხილეს. ამ შეხვედრას ბუნებრივია ოპენჰაიმერიც ესწრებოდა და მან ნილს ბორის სიტყვები მოიშველია.
ნილს ბორი ლოს ალამოსში 1943 წლის ბოლოს ჩავიდა. ის მიესალმა ოპენჰაიმერს და უთხრა: "რობერტ, ეს მართლა საკმარისად დიდია?"
ამით ბორს სურდა გაეგო იქნებოდა თუ არა ბომბი იმდენად მასშტაბური რომ მსოფლიო ომი სრულად დაესრულებინა.
ოპენჰაიმერმა ბორის სიტყვები არგუმენტად მოიყვანა და აღნიშნა, რომ "ეს საკმარისად დიდია". ოპენჰაიმერმა აღნიშნა, რომ ატომური იარაღი კონკრეტულად მეორე მსოლფიო ომზე უნდა გამოეცადათ და ამით შემდეგი ომების პრევენცია მოეხდინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდეგი ომი უკვე ატომური იქნებოდა.
ომის შემდეგ, ოპენჰაიმერი ბირთვული იარაღის ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსად მოგვევლინა. ის ეწინააღმდეგებოდა უფრო ძლიერი წყალბადის ბომბის შექმნის მცდელობებს.
აქედან იწყება მისი დაცემა. ფიზიკოსის ცოლის წერილებიდან ვიცით, რომ ჰიროშიმადან ძალიან მალე, ოპენჰაიმერი ღრმა დეპრესიაში ჩავარდა და მუდმივად მოწყენილი იყო.
ამის შემდეგ ის დაბრუნდა ვაშინგტონში და შეიტყო მეტი იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ იაპონელები დანებებასთან. მან ასევე შეიტყო მეტი ტრუმენის ადმინისტრაციის დამოკიდებულების შესახებ. მთავრობას მეტი და კიდევ უფრო ძლიერი ატომური შეიარღების შექმნა სურდა.
ოპენჰაიმერი ფიქრობდა, რომ ეს შეცდომა იყო. ჯერ კიდევ 1945 წლის ოქტომბერში მან ფილადელფიაში საჯარო სიტყვა წარმოთქვა, სადაც აღნიშნა, რომ ეს იარაღი აგრესორებისთვის იყო. ფიზიკოსის თქმით, ეს ტერორისა და განადგურების იარაღი იყო.
ამიტომ, ოპენჰაიმერი საფრთხედ იქცა. ამან განაპირობა, 1953 წლის მოვლენები, როდესაც მას უფლებები შეუზღუდეს. მეცნიერს სასამართლოზე წარდგენაც მოუწია, სადაც ის გარკვეულ წილად საჯაროდ დაამცირეს კიდევაც.
1954 წელს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ოპენჰაიმერი აინშტაინს ეწვია, რათა ეთქვა, რომ ვაშიგნტონში წასვლას გეგმვდა. ოპენჰაიმერმა აინშტაინს უთხრა, რომ რამდენიმე კვირით პრინსტონის უმაღლეს სასწავლებელში არ იქნებოდა. (სადაც ოპენჰაიმერი დირექტორად მუშაობდა 1947 წლიდან 1966 წლამდე). ფიზიკოსი სასამართლოზე უნდა წარმსდგარიყო.
აინშტაინი მიუბრუნდა მას და ეუბნება: "რობერტ, რატომ ღელავ, თუ მათ შენი რჩევების გათვალისწინება არ სურთ, უბრალოდ ადექი და წამოდი. შენ ხომ მისტერ ატომური ბომბი ხარ". თუმცა, ოპენჰაიმერმა უპასუხა, რომ მას თავისი სტატუსი უნდა გამოეყენებინა. მთავრობას იარაღის პოტენციალი და საფრთხე გააზრებული არ ჰქონდა, შესაბამისად, ოპენჰაიმერი იყო ის ვინც მათ ამას აუხსნიდა.
რეალურად, ოპენჰაიმერს სურდა გავლენა მოეხდინა მთავრობაზე და პრეზიდენტზე. აინშტაინისთვის ეს წარმოუდგენელი რამ იყო და მან იცოდა, რომ ოპენჰაიმერი საბოლოოდ დამარცხებული გამოვიდოდა. ამიტომ, როდესაც ოპენჰაიერმა მისი კაბინეტი დატოვა, აინშტაინმა თავის მდივანს შემდეგი სიტყვები უთხრა: "აი, ნამდვილი სულელი".
საბოლოოდ, აინშტაინი მართალი აღმოჩნდა. ოპენჰაიმერს ვაშინგტონში გავლენიანი მტრები ჰყავდა და მათ ის უბრალოდ გაანადგურეს.
ცალკე საკითხია ის თუ როგორ დაგვამახსოვრდება ოპენჰაიმერი. ბერდის თქმით, ეს საბოლოოდ იმაზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შეიარაღებას.
"მასზე 100 წლის შემდეგაც ვისაუბრებთ. ადამიანები სულ უფრო და უფრო დაკავშირებულები ვართ მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან. მეორე საკითხია, რამდენად ვუსმენთ მეცნიერებს. ერთია მათი აღმოჩენები და მეორე როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. ახლა ახალი საფრთხე გამოჩნდა, ეს ხელოვნური ინტელექტია. თუმცა, ფაქტია, ეს უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა და ამიტომ, ცოტა თუ ჰკითხავს ხელოვნური ინტელექტის ნათლიებს როგორ გამოვიყენოთ ხელოვნურ ინტელექტი", — ამბობს ბერდი.
მთლიანობაში, ოპენჰაიმერი ტრაგიკული ფიგურაა. მან შექმნა მასობრივი განადგურების იარაღი და ბოლოს ეს ინანა. ის ასევე მაკარტიზმის ყველაზე თვალსაჩინო მსხვერპლია და როგორც ბერდი ამბობს, ოპენჰაიმერი არის მაგალითი მეცნიერებისთვის, რომ მოერიდონ პოლიტიკაში გარევას.
"წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ გაანადგურებენ. მოექცევიან ისე, როგორც ეს რობერტ ოპენჰაიმერს მოექცნენ", — თქვა ბერდიმ.
კომენტარები