ქართველი ახალგაზრდა გამომგონებლები კრაკოვში, EPAM Garage-ში იმყოფებოდნენ — Atemporal-ის ინოვაცია
ქუთაისის, თბილისის, ხაშურისა და სენაკის სკოლების მოსწავლეები — ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გუნდის, Atemporal-ის წევრები, ცოტა ხნის წინ მათი პირველი მოგზაურობიდან დაბრუნდნენ.
ისინი პოლონეთში 4 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, დაათვალიერეს კრაკოვი და გაეცნნენ EPAM-ის პოლონეთის ოფისის სამუშაო გარემოს, პროექტებსა თუ შესაძლებლობებს.
მარიამ ჯუღელი, ლიზი უკლება, საბა ხაბურზანია, ნინო კუტივაძე და ლიზი ჩარექიშვილი ახალგაზრდა გამომგონებლები არიან, რომლებმაც საკუთარი ძალები მსგავს კონკურსში პირველად მოსინჯეს. მათი პროექტი SAFE SPACE ოთახში ტენიანობას უზრუნველყოფს და სინათლის ინტენსივობის კონტროლის შესაძლებლობას იძლევა. მეტიც, მომხმარებელს მათი მოწყობილობის მართვა მობილური აპლიკაციის საშუალებით შეუძლია.
გამარჯვებული პროექტი — SAFE SPACE
განსაკუთრებით კოვიდპანდემიის შემდეგ, როდესაც სასწავლო თუ სამუშაო პროცესის დიდი ნაწილი ონლაინ სივრცეში გადავიდა, გაიზარდა ის დრო, რომელსაც ადამიანები ვატარებთ ელექტრონულ მოწყობილობებთან. ეს განსაკუთრებით ჩვენს თვალებზე აისახება, თვალის გადაღლა კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების წინაპირობაა.
გუნდი ოთახში ტენიანობისა და სინათლის ინტენსივობის კონტროლისთვის მოწყობილობის შექმნით ამ პრობლემების პრევენციას ცდილობს. ამისათვის კი იყენებენ ულტრაბგერულ შადრევანს, რომლის დახმარებითაც ოთახში წარმოიქმნება საჭირო ტენიანობის დონე, ტემპერატურის ზრდის გარეშე.
"ულტრაბგერულ შადრევანში ფიზიკური პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად: მოწყობილობას ვაწვდით ძაბვას, რომლის ცვლილების შედეგადაც შადრევანში არსებული პიეზოკერამიკის ფირფიტები იწყებენ რხევას, ეს იწვევს წყლის მოლეკულების ზედაპირზე ამოსვლას, სადაც ეს წყლის მოლეკულები სკდებიან. ამის შედეგად წარმოიქმნება წყლის ნისლი და ეს გვეხმარება შევქმნათ ტენიანი გარემო. მოწყობილობით გამოწვეული ცვლილებები ფიქსირდება მობილურ აპლიკაციაზე და როდესაც ტენიანობა მიაღწევს 60%-ს, აპლიკაცია ავტომატურად თიშავს ულტრაბგერულ შადრევანს", — გვიყვება მარიამ ჯუღელი, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.
გუნდის კიდევ ერთი წევრი და ასევე ქუთაისის 41-ე სკოლის მოსწავლე, ლიზი უკლება ამატებს, რომ პროექტის მნიშვნელოვანი მხარეა ასევე სინათლის ინტენსივობის კონტროლის შესაძლებლობა.
"პროექტში გამოყენებულ ლედ ნათურაში არის წითელი და ლურჯი სხივები, რომელიც დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად თვალის დასვენებას უწყობს ხელს. რაც შეეხება მცენარეებზე გავლენას, ეს ეხმარება მათ ფოტოსინთეზის პროცესის დაჩქარებაში", — ამბობს ლიზი უკლება.
სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე და Atemporal-ის წევრი, საბა ხაბურზანია კი გვიყვება, თუ რა მიკროკონტროლერებსა თუ სენსორებს იყენებენ მოწყობილობაში.
მისი თქმით, მუშაობის პროცესში გამოიყენეს არდუნიოს მიკროკონტროლერი, ბლუთუზ მოდული და ტენიანობის სენსორი. იმისათვის, რომ მოწყობილობა აპლიკაციასთან დაეკავშირებინათ პროგრამირებისთვის გამოიყენეს C++.
"პროექტში ვიყენებთ ტენიანობის სენსორს, რომლიდანაც ვკითხულობთ ინფორმაციას არდუნიოს მიკროკონტროლერის საშუალებით და ბლუთუზ მოდულის გამოყენებით ამ მონაცემებს ვაგზავნით ტელეფონში, საიდანაც ჩანს როგორც ტემპერატურა, ასევე ტენიანობა და ვაკონტროლებთ განათების დონეს", — ამბობს საბა.
Atemporal-ის წინაპირობები
გუნდის ყველა წევრი ბავშვობიდან ინტერესდებოდა მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით. საბას შემთხვევაში ამ ინტერესის გაღვივებას ხელი სკოლამ შეუწყო, სადაც მე-5-მე-6 კლასიდან უკვე STEM გაკვეთილები უტარდებოდა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ გაკვეთილზე, მასწავლებლისგან გაიგო ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ და გადაწყვიტა, ამ კუთხით მისი შრომა უფრო მეტი ადამიანისთვის გამხდარიყო თვალსაჩინო.
ლიზი ჩარექიშვილის შემთხვევაში მისი პროექტში ჩართვა მათემატიკის მასწავლებლის — ნანა დაბრუნდაშვილის დამსახურებაა. ლიზი მაშინ ჯერ კიდევ მე-9 კლასის მოსწავლე და გუნდის ყველაზე პატარა წევრი იყო.
სანამ ნინო თბილისის ვლადიმერ კომაროვის სახელობის 159-ე სკოლის მოსწავლე გახდებოდა ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლაში მარიამის და ლიზის კლასელი იყო. სკოლის სახელწოდებიდანაც ადვილად მიხვდებით, განსაკუთრებით რომელი სფერო იყო მათთვის საინტერესო ბავშვობიდან. გუნდის ამ სამ მონაწილეს ფიზიკისადმი ინტერესი აერთიანებს და ეს სწორედ ისაა, რაც მათ, გუნდთან ერთად, მოწყობილობის შექმნაში დაეხმარა.
"ბავშვობიდან ძალიან გატაცებული ვიყავი ასტრონომიით და ფიზიკით და მინდოდა ასტრონავტი გამოვსულიყავი. ფიზიკა უფრო კონკრეტულად მერვე კლასიდან მიყვარს ძალიან და ამ პროექტშიც ჩემი ნაწილი ჰარდვეარს ეხებოდა. ფიზიკის მიმართულებით, სკოლიდან გამომდინარე, ძირითადად, გვაქვს ხოლმე თეორიული ცოდნა, რაც საფუძველია იმისა, რომ პრაქტიკაში გადავიტანოთ ეს ყველაფერი და სწორედ ამის საშუალება მოგვცა მილენიუმის კონკურსმა", — ამბობს ლიზი უკლება.
მარიამი გვიყვება, რომ მისი ინტერესი ფიზიკის მიმართ ბებოს უკავშირდება. ის ფიზიკოსი იყო და ბავშვობაში შვილიშვილს ხშირად უყვებოდა საინტერესო ფენომენების შესახებ. მოგვიანებით მან YouTube-ზე გადაინაცვლა და ცდილობდა, ამ კუთხით მეტი ინფორმაცია მიეღო. YouTube-ზე სამეცნიერო ვიდეოების ყურება და ამ გზით ცოდნის არეალის გაფართოება არც ლიზისთვის და ნინოსთვის იყო უცხო. შესაბამისად, საგაკვეთილო პროცესის მიღმა, ამ სფეროში უახლეს ინფორმაციას ხშირად იღებდნენ.
"ტექნოლოგიებით დაინტერესებული ვიყავი პატარაობიდანვე და ბავშვობიდან მინდოდა, შემექმნა რაღაც ინოვაციური და გამეადვილებინა ცხოვრება ადამიანებისთვის. მშობლებს ხშირად მოჰქონდათ წიგნები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რამაც, ალბათ, გააღრმავა ჩემი ინტერესი ამ სფეროს მიმართ. თავიდან ბავშვობაში ვიდეოებს ვუყურებდი იუთუბზე, ძირითადად, ფიზიკის შესახებ, ყველაზე მეტად ეს დარგი მაინტერესებდა, შემდეგ კი პირველი დიდი ნაბიჯი ეს პროექტი იყო. ფიზიკისადმი ინტერესი ძალიან გამომადგა ამ პროექტში, რადგან აუცილებელი იყო მის ასაწყობად, ინფორმაციის მოსაძიებლად და ა.შ.", — გვიყვება ნინო კუტივაძე.
ლიზი ჩარექიშვილი ამბობს, რომ გუნდის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გაფანტულობა იყო. წევრები სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ და ძირითადად, ქუთაისში იკრიბებოდნენ. ხშირი იყო ონლაინ ჩართვებიც, თუმცა პროექტისთვის საბოლოო სახის მისაცემად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, უტა კილასონიასთან ერთად მუშაობდნენ.
მოგზაურობა პოლონეთში, EPAM-ის ოფისში და მისი გავლენა ახალგაზრდა გამომგონებლების მომავალზე
"მუშაობის პროცესის დაწყებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მნიშვნელოვან საპრიზო ადგილს ავიღებდით და პოლონეთში წავიდოდით, რადგან ეს იყო ჩვენთვის ერთ-ერთი პირვალი ნაბიჯი ამ სფეროში. საგაკვეთილო პროცესს არასდროს გავმცდარვართ ტექნოლოგიების მიმართულებით და ისეთი ინოვაციური პროექტის შექმნა, რომელიც ამ კონკურს მოიგებდა, ჩემთვის დაუჯერებელი იყო", — ამბობს მარიამ ჯუღელი.
თუმცა, როცა ტექნოლოგიებს ეხება საქმე, წარმოდგენები იცვლება. ფაქტია, რომ გუნდის პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. ახალგაზრდა გამომგონებლები კი კონკურსის გამარჯვებულისა და EPAM Georgia-ს რჩეულის სტატუსით პოლონეთში გაემგზავრნენ.
"EPAM Georgia-ს რჩეული გუნდის შერჩევისას უპირატესობა მივანიჭეთ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროექტის მიერ არჩეული პრობლემის გადაჭრა ფართო საზოგადოებისთვის; ასევე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა წარმოდგენილი გადაწყვეტით პრობლემაზე ზეგავლენის მოხდენა და რამდენად რეალური იყო პროექტის განხორციელება თუ შემდგომი განვითარება. გარდა ამისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ხელი შევგვეწყო სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის და მათი ინიციატივებისთვის მხარი დაგვეჭირა", — ამბობს ნინო ბიგვავა, EPAM Georgia, CSR/ESG კოორდინატორი.
EPAM Georgia-ს დირექტორის, გივი სართანიას თქმით კი: "EPAM Garage უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სხვადასხვა საინტერესო პროექტს მსოფლიოს მასშტაბით, რამდენიმე ოფისში. ვინაიდან გვქონდა აქტიური კონტაქტი ჩვენს პოლონეთის ოფისთან და ვიცოდით, რომ ისინი ხშირად მასპინძოლბდნენ ადგილობრივ თუ ჩამოსულ ახალგაზრდებს, ჰქონდათ გამოცდილება მათთვის ვორქშოფების და სხვა საინტერესო აქტივობების ჩატარების კუთხით, გადავწყვიტეთ, რომ კრაკოვის ოფისი იდეალური ადგილი იქნებოდა კონკურსანტებისთვის, მიეღოთ საინტერესო გამოცდილებები და ასევე მათი პროექტის განსავითარებლად სასარგებლო უნარ-ჩვევებს დაუფლებოდნენ".
ეს გადაწყვეტილება ნაყოფიერი აღმოჩნდა. გუნდის ოთხდღიანი მოგზაურობა სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული. მით უფრო განსაკუთრებული იყო ეს ვიზიტი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გუნდის წევრებისთვის ეს პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ. კრაკოვის დათვალიერების შემდეგ გუნდი EPAM Poland-ის ოფისს ეწვია, გაეცნო სამუშაო გარემოსა და პროექტებს, რომლებზეც კომპანია მუშაობს.
ვიზიტის განმავლობაში მათ ისწავლეს დრონის მართვა, შექმნეს თამაში ჯავასკრიპტში, გამოცადეს ოკულუსის VR სათვალე და გაეცნნენ ეპამის დიზაინერების მიერ VR-ში შექმნილ პროექტებს. გარდა ამისა, გუნდის წევრებმა ეპამის გარაჟში პრაქტიკული რჩევები და პროგრამირებისა თუ ელექტრონიკის კუთხით ახალი ცოდნა მიიღეს, რომლის გამოყენებასაც საკუთარ პროექტში შეძლებენ.
"ოთხი დღის განმავლობაში ძალიან კარგი დრო გავატარეთ პოლონეთში, ეპამში კონკრეტულად ორი დღის განმავლობაში გვიტარდებოდა სხვადასხვა თემაზე ვორქშოპები. დავტესტეთ ოკულუს სათვალე და ძალიან კარგი იყო და ასევე მოგვეცა ჩვენი პროექტის პრეზენტაციის საშუალება, მივიღეთ რჩევები პოლონელი გამომგონებლებისგან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალში", — ამბობს ლიზი უკლება.
ლიზი ჩარექიშვილის თქმით კი ეს ვიზიტი შესაძლოა, მისთვის პროფესიის არჩევის განმსაზღვრელად იქცეს: "პოლონეთში ვიზიტი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იყო, რაც კი აქამდე გამომივლია. პოლონეთში ეპამის გარაჟში ვიზიტმა ძალიან საინტერესო იდეები გამიჩინა და მომაწოდა. შესაძლოა ეს გახდეს მოტივაცია, რომ გავყვე ფიზიკა-მათემატიკის სფეროს".
ნინო კუტივაძისთვის კი EPAM Poland-ში ვიზიტი სამომავლო საქმიანობისთვის შემზადება იყო. მისი თქმით, ეს დაეხმარება გუნდის წევრებს, სამომავლოდ პროფესია აირჩიონ.
გუნდთან ერთად პოლონეთში EPAM Georgia კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნაინო ქაშიბაძე იმყოფებოდა. ის აღნიშნავს, რომ ახალგაზრდები საქართველოში შთაგონებულები და აღფრთოვანებულები, ახალი ცოდნით შეიარაღებულები დაბრუნდნენ, რაც კომპანიის მიზანი იყო:
"თავად მათივე შთაბეჭდილებებიდან ცხადი გახდა, რომ ჩვენი ძალისხმევა და რესურსი სწორი მიმართულებით დაიხარჯა. ახალგაზრდები ახალი იდეებით და შთაგონებით დაბრუნდნენ პოლონეთიდან. ყველა მათგანი ტენოლოგიებით კიდევ უფრო დაინტერესებული და აღფრთოვანებული დაბრუნდა, ახალი ცოდნაც შეიძინეს რომელსაც როგორც მათ საპრიზო, ასევე სამომავლო პროექტებში იყენებენ. მათ ნამდვილად ელით კიდევ ბევრი წარმატება კარიერულ გზაზე და ჩვენი გუნდი როგორც საქართველოში, ისე პოლონეთში მოხარულია, თუ ამაში პატარა წვლილის შეტანა მოვახერხეთ. მარიამთან, ლიზისთან, ნინოსთან, ლიზისთან და საბასთან ურთიერთობამ ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა, რისთვისაც მადლობა მათ", — ამბობს ნაინო ქაშიბაძე.
Atemporal-ის წევრები პირველად იყვნენ ამ მასშტაბის კომპანიაში, მით უფრო უცხოეთში, შესაბამისად, მათთვის EPAM-ის სამუშაო გარემოს, მიდგომების, შესაძლებლობების, პროდუქტებისა თუ პროექტების გაცნობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი უმეტესობა საკუთარ მომავალ პროფესიას სწორედ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს უკავშირებს, ეს გამოცდილება მათთვის წარუშლელ შთაბეჭდილებებს შექმნის.
"პოლონეთში როდესაც გავემგზავრეთ მე უფრო იმან გამაოცა, რომ მე და ჩვენი გუნდი რაზეც ვმუშაობდით აქ, ის დავინახე როგორ მუშაობენ ზუსტად იგივე რაღაცაზე, ამ ელექტრობასთან და პროგრამებთან როგორ ჰქონდათ შეხება 15 და 20 ინჟინერს ერთად გუნდში და როგორ მუშაობდნენ ამხელა კომპანიაში ერთად", — ამბობს საბა.
"პროფესიაზე არ ვარ ჩამოყალიბებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მინდა თავი სრულად მივუძღვნა სამეცნიერო სფეროს და შევთავაზო საზოგადოებას ინოვაციები და ჩავატარო კვლევები", — გვეუბნება მარიამი და დასძენს, რომ პროფესიის არჩევის ნაწილში EPAM-ში ვიზიტის გამოცდილება, ალბათ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს".
Atemporal-ის წევრები STEM კონკურსებში მონაწილეობას განაგრძობენ იმისათვის, რომ სფეროში მეტი გამოცდილება მიიღონ, საკუთარი თავი გამოცადონ და კიდევ უფრო მეტი ისწავლონ მანამ, სანამ პროფესიის არჩევის ჯერი მოვა.
გამოცდილებისთვის ღია, ლაღი და STEM სფეროში ცოდნით შეიარაღებული მოსწავლეები ეძებენ ახალ შესაძლებლობებს ძალების მოსასინჯად. ასე, ნელ-ნელა, ახალგაზრდა გამომდონებლები მოზრდილ გამომგონებლებად იქცევიან და იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში, მათი ცოდნისა და გამოცდილების ზრდას მათი გამოგონებების ზრდაც მოყვება.
კომენტარები