როგორ იყენებს რუსეთი "მეომარ დელფინებს"
რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის დელფინებს იყენებს, რომლებსაც სპეციალისტები საგანგებოდ წვრთნიან, რათა მათ კონკრეტული დავალებების შესრულება შეძლონ. 2017 წელს ქვეყნის სამთავრობო ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ დელფინების გარდა, იმავე დანიშნულებით ვეშაპებსა და სელაპებსაც ცდიან, რომლებიც საზღვაო ბაზების დასაცავად სჭირდებათ.
საინტერესოა, რა ევალებათ ამგვარ "მეომარ" ცხოველებს.
ახლახან გავრცელებული სტატიის თანახმად, რუსი სამხედროები დელფინებს შავ ზღვაში განლაგებული სევასტოპოლის ბაზის დასაცავად იყენებენ. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ამ გაწვრთნილი არსებების მეშვეობით ზღვის იმ არეალს აკონტროლებენ, რომელშიც არ სურთ, რომ უცხო პირებმა შეაღწიონ.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ცნობით, დელფინები სპეციალურ გალიებში არიან მოთავსებულნი, რომელთა რაოდენობაც ბოლო დროს საკმაოდ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამ სახეობის უფრო მეტ წარმომადგენელს წვრთნის, რათა წყალში უცხო მყვინთავების არსებობის შესახებ დროულად შეიტყონ.
კერძოდ, საუბარია აფალინების სახეობაზე, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა. ეს ძუძუმწოვრები წყალში საათში 30 კილომეტრამდე მანძილს ფარავენ. შედარებისთვის, გამოცდილი მოცურავეების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10 კმ-სთ-მდეა.
როგორც ცნობილია, რუსეთის ბაზას შესაძლოა, 7 ასეთი დელფინი დარაჯობდეს. ისინი, სავარაუდოდ, საჭიროებისამებრ სხვა ადგილებშიც გადაჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ არაა გამორიცხული, ერთდროულად რამდენიმე ბაზას იცავდნენ.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამ დანიშნულებით წყლის ბინადრებს წლებია, იყენებს, რადგან რუსული აღჭურვილობით ვეშაპები ადრეც შეუნიშნავთ. ისინი ადამიანების მიმართ კარგად იყვნენ განწყობილნი, რისი მიზეზიც შეიძლება სხეულზე დამაგრებული მოწყობილობებისგან გათავისუფლების სურვილი ყოფილიყო.
ამ მიზნით გაწვრთნილი ცხოველების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, ამიტომ მათ რაოდენობასა და ფუნქციებზე ბევრი არაფერი ვიცით. ასევე, აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
კომენტარები