შარდოვანას შესაძლოა, დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენაში დიდი წვლილი მიუძღოდეს
დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები დიდი ხანია, ცდილობენ. გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, ყველაფერი პირველად მატერიაში წარმოქმნილი ორგანული მოლეკულებიდან დაიწყო, როგორიც ამინომჟავაა. მათი ქიმიური რეაქციების შედეგად სიცოცხლის ერთგვარი საშენი მასალა მივიღეთ, რომლის ფორმირებასაც კონკრეტულმა გარემო პირობებმა შეუწყო ხელი.
ახალი კვლევის მოხედვით, ამ პროცესში შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი წვლილი, არც მეტი, არც ნაკლები, შარდოვანას შეეტანა, ორგანულ ნივთიერებას ქიმიური ფორმულით CO(NH2)2. ესაა ერთ-ერთ უმარტივესი მოლეკულა, რომელიც ნახშირბადსა და აზოტს შეიცავს.
ჯერ კიდევ 1950-იან წლებში ამერიკელმა ქიმიკოსმა, სტენლი მილერმა, სადემონსტრაციო ექსპერიმენტით აჩვენა, რომ შარდოვანა ჩვენს პლანეტაზე მაშინაც გვხვდებოდა, როცა ის ძალიან ახალგაზრდა იყო. ამჟამინდელი ჰიპოთეზების მიხედვით, ეს ნივთიერება დედამიწის პირველად ცხელ მატერიაში დიდი ოდენობით არსებობდა, დამაიონებელ რადიაციასთან ურთიერთქმედებით კი ატმოსფეროში მალონის მჟავა შეიძლება წარმოექმნა, რომელიც დნმ-ისა და რნმ-ის პოტენციური მაფორმირებელი კომპონენტია.
ავტორებმა სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ვაკუუმში 1 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე წყლის ნაკადი წარმოქმნეს. შემდეგ ისინი დააკვირდნენ რეაქციებს, რომლებიც კონცენტრირებულ შარდოვანაზე დამაიონებელი რადიაციის ზეგავლენით დაიწყო.
მათ ატომურ და მოლეკულურ დონეზე მიმდინარე ცვლილებები რეალურ დროში დეტალურად გააანალიზეს. კერძოდ, დადგინდა, რომ კონცენტრირებულ ხსნარში შარდოვანა წყვილებს, იგივე დიმერებს ქმნის, რომლებშიც წყალბადის ატომი ორ მოლეკულას შორის ინაცვლებს. ამგვარად მიიღება პროტონირებული შარდოვანა და მისი რადიკალი, რომელიც სხვა მოლეკულებთან მარტივად შედის რეაქციაში, ეს კი მალონის მჟავის წარმოქმნას ედება საფუძვლად.
წყალბადის ატომის გადანაცვლება იმდენად სწრაფია, რომ მხოლოდ 150 ფემტოწამი სჭირდება, ანუ თეორიულად დაშვებად ყველა სხვა რეაქციაზე მცირე დროში ხდება. მეცნიერები ამ პროცესის უკეთ შესწავლას გეგმავენ.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები