ცნობილმა ტექნოლოგიურმა კომპანია Boston Dynamics-მა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ შექმნილი ორი რობოტი ძაღლი Spot Mini მოჩანს. ერთ-ერთი მათგანი ჩვეულებრივი ვიზუალისაა, როგორიც აქამდეც გვინახავს, მაგრამ მეორეს მოცისფრო და თეთრი ბეწვის მქონე ძაღლის კოსტიუმი აქვს მორგებული.

მას Sparkles ჰქვია და ის კომპანიამ 29 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, წარადგინა. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რას აკეთებენ რობოტები ვიდეოში — რა თქმა უნდა, ისინი ცეკვავენ.

"Spot სხვა უცნაურ ძაღლს შეხვდა და ცეკვის წყალობით მას დაუმეგობრდა. გაიცანით Sparkles!

ესაა სპეციალურად დამზადებული კოსტიუმი, რომელიც Spot-ისთვის შეიქმნა, რათა მოვსინჯოთ, როგორ იკვეთება ერთმანეთთან რობოტიკა, ხელოვნება და გართობა", — წერია ვიდეოს აღწერაში.

კადრებში ვხედავთ, როგორ ასრულებს Sparkles სახალისო მუსიკის ფონზე სხვადასხვა მოძრაობას, მათ შორის ძაღლებისთვის დამახასიათებელსა და საცეკვაოს. მის გვერდით ჩვეულებრივი Spot-იც დგას, რომელიც, ასევე, რამდენიმე ილეთს გვთავაზობს. ერთ მომენტში ეს ორი მოწყობილობა ერთმანეთს "ცხვირითაც" ეხება.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ Boston Dynamics-მა ახალი თაობის ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა, რომელიც Atlas-ის მოდელის ელექტრო ვერსიაა და სხვაგვარი ვიზუალიც აქვს.

აი, ისიც:

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.