წითელმა ჯვარმა მთიან ყარაბაღში მუშაობა განაახლა
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
ლაჩინის დერეფნის სრულად დაკეტვიდან 10 დღეში წითელი ჯვრის მანქანებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიეცათ.
ინფორმაცია კვირას მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ დაადასტურა. ლაჩინის დერეფნის გავლით მოძრაობა 15 ივნისიდან სრულად აკრძალული იყო. ამ შეზღუდვის შემოღება სომხეთისა და აზერბაიჯანის მესაზღვრეებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა.
მთიანი ყარაბაღის ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, კვირასა და ორშაბათს წითელი ჯვრის მანქანებმა სომხურ საავადმყოფოებში მთიანი ყარაბაღიდან 32 ადამიანი გადაიყვანეს. ჯამში მათ 20 პირი ახლდათ.
შაბათს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ბაქოში შეხვდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, მთიან ყარაბაღში წითელი ჯვრის მანქანების გადაადგილება დაუშვას.
აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა ასევე მინიშნება გააკეთეს იმ თემაზე, რომ აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების "სხვა საჭიროებების დაკმაყოფილებაც" შეუძლია, რომელიც "მიმდინარე ვითარებაში" წარმოიშვა.
ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი რუსი მშვიდობისმყოფელების მანქანებისათვის დერეფნის გახსნაზე. სანამ მოძრაობა სრულად შეიზღუდებოდა, სწორედ მათი მეშვეობით ხდებოდა რეგიონისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება,
23 ივნისს მთიანი ყარაბაღის მმართველებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ძალები ლაჩინის პუნქტთან ბეტონის ბარიკადებს აყენებენ. რეგიონის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში შემავალი და გამომავალი ერთადერთი გზის ბლოკირებაში დაადანაშაულეს.
გზის გადაკეტვიდან მეორე დღეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ერთი წლის ბავშვი რუსი სამშვიდობოების ვერტმფრენით სომხეთში გადაიყვანეს.
სამშვიდობო შეთანხმებაში, რომლითაც მთიანი ყარაბაღის მეორე ომი 2020 წელს დასრულდა, ნათქვამია, რომ ლაჩინის დერეფანი, ხუთი კილომეტრის სიგანის ტერიტორია, რომელიც მთიანი ყარაბაღის მთავარ გზას მოიცავს, რუსი სამშვიდობოების განკარგულებაში უნდა იყოს. მოძრაობა რეგიონში სწორედ მისი გავლით უნდა ხორციელდებოდეს.
მიუხედავად ამ შეთანხმებისა, 2022 წლის დეკემბრიდან ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის მთიანი ყარაბაღისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია. თავიდან ის აზერბაიჯანის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა "ეკოაქტივისტებმა" დაკეტეს, მოგვიანებით კი აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარებმა აღმართეს ბარიკადები.
გზის ჩახერგვის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონში სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი საქონლის მარაგები დრამატულად მცირეა. საწვავზე და ძირითად პროდუქტებზე რაციონები დადგინდა.
დეკემბრის შემდეგ მთიან ყარაბაღს ელექტროენერგიის დეფიციტიც შეეხო. აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამავალი კაბელის დაზიანების შედეგად რეგიონში სომხეთიდან დენის მიწოდება შეწყდა. მას შემდეგ მთიანი ყარაბაღი მხოლოდ თვითწარმოებულ ელექტროენერგიას იყენებს (უმეტესად ჰიდროელექტროენერგიას) და მოსახლეობას შუქი გრაფიკით მიეწოდება.
ჰიდროელექტროენერგიის წარმოებაზე მოთხოვნის ზრდამ რეგიონში წყლის დეფიციტიც შექმნა და მთიანი ყარაბაღის უდიდესი წყლის რეზერვუარი ამოწურვის საფრთხის წინაშეა.
კომენტარები