როგორ დაკარგეს ცხენებმა თითები? — ახალი კვლევა
ცხენების უძველეს წინაპრებს ოდესღაც ფეხზე რამდენიმე თითი ჰქონდათ, თუმცა შემდგომ, ევოლუციურ პროცესებთან ერთად, ისინი ერთ ჩლიქად განვითარდა.
ცხენების ისტორიის ყოვლისმომცველ ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ცხენებს თითები ჩლიქებს შიგნით შეუნარჩუნდათ — მცდარია და, რეალურად, ისინი ევოლუციამ სრულიად გააქრო.
მკვლევართა ჯგუფმა დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ნიდერლანდებიდან დაათვალიერა პერისოდაქტილის (კენტჩლიქოსნები) ნამარხი ჩანაწერები, თანამედროვე ცხენის ჩლიქის ანაბეჭდების ფოტოებსა და მათი ფეხის ძვლების დეტალებთან ერთად, რათა გაერკვია, რა დაემართა ზედმეტ თითებს.
თანამედროვე ცხენების წინაპრების კვლევამ თითების ერთ ჩლიქად გადაქცევა ევოლციურ პროგრესად მიიჩნია. ცხენის მსგავს ადრეულ წინაპარს, Eohippus angustidens-ს, ჰქონდა ჩლიქიანი ფეხები ქვემოდან ბალიშით (ისევე როგორც თანამედროვე ტაპირისებრნს), ოთხი თითი წინა ფეხებზე და სამი — უკან.
დღევანდელი პერისოდაქტილები მოიცავს ცხენების, ვირებისა და ზებრების ოჯახს (Equidae) და ხასიათდება ერთი თითისგან (თავდაპირველი შუა თითი) შემდგარი ფეხით, რომელიც გარშემორტყმულია მყარი ჩლიქით.
"ეს ანატომიური ცვლილება განიმარტება, როგორც ღია ჰაბიტატებისადმი ადაპტაცია", — წერენ კვლევის ავტორები. "ეს მოხდა ჰიფსოდონტის (მაღალგვირგვიანიანი) კბილების შეძენასა და სხეულის ზომის ზრდასთან ერთად."
სხვა თანამედროვე პერისოდაქტილები არიან ტაპირისებრნი და მარტორქები, რომლებმაც შეინარჩუნეს ოთხივე თითი უკანა ფეხზე, ხოლო სამი თითი — წინაზე.
"გვიანდელ ნამარხ ცხენებში წინა და უკანა ფეხზე გვხვდება მხოლოდ სამი თითი", — ამბობს ხერხემლიანი ცხოველების პალეონტოლოგი, ქრისტინ ჯენისი, გაერთიანებული სამეფოს ბრისტოლის უნივერსიტეტიდან. "დამატებითი თითები — რომლებიც ცნობილია გვერდითი თითების სახელით — ამ ცხენებში იყო უფრო პატარა და მოკლე, ვიდრე ტაპირისებრნში და, სავარაუდოდ, არ ეხებოდა მიწას ნორმალურ პირობებში, მაგრამ ისინი შეიძლება გამოიყენებოდა განსაკუთრებულ სიტუაციებში, როგორებიცაა: სრიალი ან ძლიერი დარტყმა."
და მაინც, როგორ და რატომ დაკარგეს ცხენებმა თითები?
2018 წლის კვლევის მიხედვით, თაობების განმავლობაში ეს თითები ფეხის ცენტრალურ ჩლიქთან გაერთიანდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩლიქი დამატებითი თითების საფუძველზე შეიქმნა.
თუმცა ახალი კვლევა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აანალიზებს რა უძველესი სამთითიანი ცხენების ჩლიქების ანაბეჭდებს, ამ ჰიპოთეზას უარყოფს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრებისა თანამედროვე ცხენების მიერ ჩლიქებს შიგნით თითების შენარჩუნებაზე ახალი და საკმაოდ მიმზიდველია — ის არასწორია", — აღნიშნეს მათ.
მკვლევრების თქმით, ცხენის ჩლიქი განვითარდა გვერდითი თითებისგან დამოუკიდებლად, როგორც უნიკალური სტრუქტურა, რომელიც გადაადგილებისას უზრუნველყოფს შოკის შთანთქმასა და გაწევის ძალას.
ეს ევოლუციური ცვლილება ცხენებს დაეხმარა, უფრო ძლიერები და მოქნილები ყოფილიყვნენ.
კომენტარები