ძველად დედამიწაზე დღე-ღამე შესაძლოა, მხოლოდ 19 საათს გრძელდებოდა
მეცნიერთა ახალი კვლევის მიხედვით, პრეისტორიულ წარსულში შესაძლოა, დედამიწაზე დღე-ღამის ხანგრძლივობა მხოლოდ 19 საათი ყოფილიყო, ამჟამინდელზე 5 საათით ნაკლები. ეს 2 და 1 მილიარდი წლების წინანდელ შუა პერიოდში ხდებოდა, როცა მთვარე ჩვენთან უფრო ახლოს მოძრაობდა.
სპეციალისტთა აზრით, სწორედ ბუნებრივ თანამგზავრთან ნაკლები დისტანცია განაპირობებდა ხანმოკლე დღე-ღამეს, რადგან მისი გავლენით დედამიწა უფრო სწრაფად ბრუნავდა. ამ დროს, 1 მილიარდი წლის განმავლობაში, პლანეტის ტექტონიკური აქტიურობა და კლიმატი სტაბილური იყო, ხოლო ბიოლოგიური ევოლუცია — შენელებული. შემდეგ მთვარე ნელ-ნელა დაგვშორდა და ყველაფერი შეიცვალა.
ავტორებმა კვლევისთვის გეოლოგიური მეთოდი, სახელად ციკლოსტრატიგრაფია გამოიყენეს, რომელიც დანალექი ქანების შესწავლის გზით ე.წ. მილანკოვიჩის ციკლების იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ესაა დედამიწის ორბიტისა და ბრუნვის ცვლილებები, რომლებიც კლიმატზეც აისახება.
მეცნიერთა ვარაუდით, ეს ყველაფერი მიქცევა-მოქცევებს უკავშირდება, რაზეც მთვარის გრავიტაცია ზემოქმედებს. ამას მზის ატმოსფერული "მოქცევებიც" ემატება, ხოლო ორივე მათგანი პლანეტის ბრუნვის ტემპს განაპირობებს. ამჟამად მთვარის გავლენა მეტია, მაგრამ ძველად ეს ძალები დაბალანსებული იყო, რამაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დღე-ღამის 19-საათიანი ხანგრძლივობა ჩამოაყალიბა და შეინარჩუნა.
ზემოხსენებული 1 მილიარდი წელი, ავტორთა თქმით, პროტეროზოურ ეპოქაში მსგავსი შენელების ეტაპს ემთხვევა, როცა ატმოსფეროში ჟანგბადის კონცენტრაცია გაიზარდა. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები