აფხაზეთი "გამომწვევად" ჩაცმისთვის ჯარიმებს ზრდის
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთის პარლამენტმა საზოგადოებრივ ადგილებში "გამომწვევად" ჩაცმაზე, მათ შორის ქუჩაში საცურაო კოსტიუმებით მოძრაობაზე და ზედა ტანის სიშიშვლეზე (როგორც ქალის, ისე მამაკაცის შემთხვევაში) ჯარიმები გაზარდა.
ჯარიმა 300 რუბლიდან (3,60 აშშ დოლარი) 6 000 რუბლამდე (72 აშშ დოლარი) გაიზარდა.
გადაწყვეტილება საპარლამენტო სესიაზე აფხაზეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის განხილვაზე იქნა მიღებული და ის 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.
დაუთ ხუტაბა, დეპუტატი, რომელიც ამ წინადადებას მხარს უჭერდა, ამტკიცებს, რომ კანონპროექტი აფხაზეთის "ეროვნული მენტალიტეტის" დაცვას შეუწყობს ხელს.
"ბევრი დამსვენებლისა და ტურისტის ყოფნა ჩვენს ბიუჯეტს საგრძნობლად ავსებს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი და ახალგაზრდობა აფსუარის სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ", — განაცხადა ხუტაბამ პარლამენტში.
"როცა დამსვენებლები აფხაზეთში არიან, ფიქრობენ, რომ კურორტზე იმყოფებიან და გარეგნობისათვის ყურადღების მიქცევა აუცილებელი არაა. თავს უფლებას აძლევენ, არა მხოლოდ პლაჟებზე ან ცურვისთვის განკუთვნილ ადგილებში იარონ საცურაო კოსტიუმებში, არამედ საჯარო ადგილებში. ქალებს ზემოთ არ აცვიათ და მხოლოდ შორტებით გადაადგილდებიან", — თქვა მან.
აფხაზეთის საქალაქო ადმინისტრაციას საზოგადოებრივ ადგილებში გამაფრთხილებელი ნიშნების დასაყენებლად ერთი თვე მიეცა.
დეპუტატები ასევე ამტკიცებდნენ, რომ აფხაზეთის მაცხოვრებლები ქუჩებში, მაღაზიებსა და კაფეებში "თითქმის შიშველი ტურისტების მოძრაობას პირადი სივრცის დარღვევად აღიქვამენ".
წინადადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ერთი სოხუმელის თქმით, "წელზემოთ შიშველი კაცის ყურება მიღებული არაა".
"რატომ უნდა ვუყუროთ მუცელ და ყველაფერ მოშიშვლებულ კაცს მე და ჩემმა შვილებმა?"
სხვებს, როგორც ჩანს, ამ საკითხის მიმართ მძაფრი ემოციები არ აქვთ. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, ტურისტები აფხაზურ ტრადიციებს ვერაფრით დააზიანებენ.
"თუ ტრადიციების შენარჩუნება გვინდა, ისინი უნდა დავიცვათ, ტურისტებს კი არ უნდა ვსდიოთ", — ამბობს კიდევ ერთი მაცხოვრებელი, —"ნახევრადშიშველ ტურისტებს ვერც კი ვამჩნევ, ჩემთვის თეთრი ხმაურივით არიან, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები უფრო მაღიზიანებენ, რომლებიც მაისურს ზემოთ იწევენ".
კომენტარები