ილონ მასკის თქმით, მისი კომპანია ტვინის ჩიპებს ადამიანებზე წელს გამოცდის
პარიზში გამართულ ღონისძიებაზე VivaTech ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებას წლის ბოლოსთვის დაიწყებს. ეს ნიშნავს, რომ Neuralink პაციენტთა ტვინში სპეციალურ იმპლანტებს ჩანერგავს, თუმცა რამდენი პიროვნება მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას, ჯერჯერობით უცნობია.
ტვინის კომპიუტერთან დამაკავშირებელი ინტერფეისის გამოცდის ნებართვა Neuralink-მა მარეგულირებელი ორგანოსგან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მაისში მიიღო. ამგვარი ჩიპების მიზანია, პარალიზებულ ინდივიდებს მოძრაობისა და კომუნიკაციის საშუალება მისცეს. ისინი კომპანიამ მაიმუნების სხეულში უკვე ჩანერგა, ახლა კი ადამიანთა ჯერია.
აღსანიშნავია, რომ Neuralink-მა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოში ადამიანის ტვინში ჩიპის იმპლანტაციის უფლების მოსაპოვებლად განაცხადი ჯერ კიდევ 2022 წლის პირველ ნახევარში შეიტანა. FDA-მ ეს მოთხოვნა უარყო, რის მიზეზადაც რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელიც ჯანმრთელობის რისკებს ეხებოდა. მათ შორის ჩიპში ლითიუმის შემცველობა და სადენებთან დაკავშირებული საფრთხე.
საბოლოოდ, კომპანიამ ნებართვა მიიღო, მაგრამ მისი იმპლანტები კომერციულად ხელმისაწვდომი უახლოეს 10 წელში, სავარაუდოდ, ვერ გახდება. ასევე, ის აშშ-ში პირველი არ იქნება, რომელიც მსგავს ჩიპებს ადამიანებზე გამოცდის, რადგან კონკურენტმა კომპანია Synchron-მა ეს უკვე გააკეთა.
Reuters-ის ცნობით, ადამიანის ტვინში Neuralink-ის ჩიპის ჩანერგვის პროცესი შესაძლოა, პირდაპირი ტრანსლაციითაც ვიხილოთ, რაც თავად მასკმა გააჟღერა.
კომენტარები