მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფ სახეობაში "უბიწო შობადობა" დააფიქსირეს
მეცნიერებმა კალიფორნიის კონდორებში "უბიწო შობადობა" დააფიქსირეს. საუბარია ორ წიწილაზე, რომლებიც განაყოფიერების გარეშე დაიბადნენ.
მკვლევრების აღმოჩენის თანახმად, ამ ორი ფრინველის გენომი არ შეიცავს მამრობითი სქესის კონდორის დნმ-ს. ეს იმ გენეტიკური მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც მოიცავს მთელი კალიფორნიის კონდორების სახეობას.
მკვლევრებმა ახალ კვლევაში განაცხადეს, რომ ამან ორი "უმამო" კონდორი ასექსუალური გამრავლების იშვიათ მაგალითად აქცია, რომელსაც ეწოდება პართენოგენეზი. პართენოგენეზის დროს ემბრიონის სპონტანური განვითარება ხდება განაყოფიერების გარეშე. ქვეწარმავლებსა და თევზებში ეს საკმაოდ იშვიათია, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ფიქსირდება, მეცნიერებს დაფიქსირებული აქვთ პართენოგენეზი მოშინაურებულ ფრინველებში, როგორიცაა ინდაურები და ქათმები, თუმცა, ეს პირველი მაგალითია ველური კონდორების შემთხვევაში.
კალიფორნიის კონდორებში მსგავსი რეპროდუქციული სტრატეგიის აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან სულ რამდენიმე ათეული წლის წინ ეს სახეობა სახიფათოდ ახლოს იყო გადაშენებასთან. 1980-იან წლებში ორ ათეულზე ნაკლები კონდორი იყო დარჩენილი ველურ ბუნებაში, თუმცა, კონსერვაციულმა ძალისხმევამ და გამრავლების პროგრამებმა კონდორები დაიცვეს.
მიუხედავად ამისა, სახეობა კვლავ გადაშენების საფრთხის წინაშეა. როგორც კვლევის ავტორი, სინტია შტაინერი ამბობს, ის ფაქტი, რომ კონდორებს შეუძლიათ ასექსუალური გამრავლება, პოტენციურად ზრდის შთამომავლობის გავრცელების შანსებს.
"როდესაც ცხოველები მრავლდებიან სქესობრივად, გენეტიკურ დონეზე ამაში ორივე სექსი მონაწილეობს. თუმცა, ამ ორ კონდორში ჩვენ ვერ ვიპოვეთ მამრობითი სქესის წვლილი. თავიდან ჩავთვალეთ, რომ რაღაცა შეგვეშალა, თუმცა, კვლევის გამეორების შემდეგაც იგივე შედეგი მივიღეთ. ეს რაღაცით "ევრიკას" მომენტს ჰგავდა", — თქვა სინტია შტაინერმა.
მკვლევრების თქმით, პართენოგენეზის გზით დაბადებული კონდორის წიწილები მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იქნებიან. ეს იმიტომ, რომ ამ ტიპის ასექსუალური გამრავლების დროს მხოლოდ ორი შესატყვისი სქესის ქრომოსომა შეიძლება ჩამოყალიბდეს. კონდორებში კი სწორედ მდედრებს აქვთ შესაბამისი სქესის ქრომოსომა.
სინტიას თქმით, სქესის განსაზღვრის სხვადასხვა ქრომოსომა გამოიყენება ფრინველებში და ადამიანებში: XX (ქალი)/XY (კაცი) სისტემა ადამიანებში, ZW (მდედრობითი) ZZ (მამრობითი) ფრინველებში. როდესაც მხოლოდ დედა კონდორი ანაყოფიერებს საკუთარ კვერცხებს, შთამომავლებს აქვთ ZZ ქრომოსომა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კითხვა რჩება ამ გადაშენების პირას მყოფ სახეობებში ეგრეთ წოდებულ "უბიწო შობადობასთან" დაკავშირებით, ერთი რამ ცხადია: გენეტიკური პროფილების ამ ვრცელი მონაცემთა ბაზის გარეშე, მკვლევრები ვერასოდეს აღმოაჩენდნენ პართენოგენეზს კონდორებში.
კვლევა გამოქვეყნდა 28 ოქტომბერს ჟურნალში Heredity.
თუ სტატიაში განხილული თემა და მეცნიერების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ მეცნიერებასა და ტექნოლოგიებზე.
კომენტარები