ადამიანთა ეს გადაშენებული სახეობა დაღუპულთა გვამებს ჩვენამდე ბევრად ადრე მარხავდა — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ადამიანთა გადაშენებული სახეობის Homo naledi წარმომადგენლები, რომელთა ტვინის ზომა ჩვენის 1/3 იყო, დაღუპულებს ჯერ კიდევ 300 000 წლის წინ მარხავდნენ და გამოქვაბულების კედლებს კაწრავდნენ. ავტორთა აზრით, ეს მიანიშნებს, რომ მსგავსი ქმედებები მხოლოდ ჰომო საპიენსისთვის ან ნეანდერტალელებისთვის არაა დამახასიათებელი.
არქეოლოგებმა Homo naledi-ის ჩონჩხს პირველად 2013 წელს, სამხრეთ აფრიკაში მდებარე გამოქვაბულთა სისტემაში მიაგნეს. მას შემდეგ 1 500-ზე მეტ ფრაგმენტს მიაკვლიეს, რომლებიც ჩვენამდე კარგადაა შემონახული და ამ ჰომინიდების ანატომიურ თავისებურებებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის. მაგალითად, ცნობილია, რომ მათი საშუალო სიმაღლე 1.5 მეტრი იყო, წონა კი — 45 კილოგრამი. ამ ანთროპოიდებს მარჯვე ხელები და პატარა, თუმცა საკმაოდ კომპლექსური ტვინი ჰქონდათ.
პირველად 2017 წლის ნაშრომში გაჟღერდა მოსაზრება, რომ აღნიშნული სახეობის წარმომადგენლები გამოქვაბულში თავიანთ მკვდრებს მიზანმიმართულად მარხავდნენ. ახლახან გამართულ კონფერენციაზე კი პალეონტოლოგებმა ამის შესახებ კიდევ 3 დამატებითი კვლევა წარადგინეს, რომლებსაც ჯერ რეფერირება არ გაუვლია.
მათში საუბარია გამოქვაბულში არსებულ 2 ზედაპირულ, ოვალურ ღრმულზე, რომლებშიც დაღუპული ჰომინიდების გვამები ჯერ კიდევ გახრწნამდე იყო მოთავსებული და მიწადაყრილი. ერთ-ერთს, სავარაუდოდ, ქვის არტეფაქტიც ჩააყოლეს, რომელიც ხელისა და მაჯის ძვლების მიმდებარედ აღმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ თუ ეს მიგნება დადასტურდა, ესე იგი Homo naledi დაღუპულებს ჩვენზე 100 000 წლით ადრე მარხავდა.
ფოტო: National Geographic
რაც შეეხება გამოქვაბულთა სისტემის კედლებზე არსებულ გამოსახულებებს, ესაა ხაზები, რომლებიც რაიმე კონკრეტულ ფიგურას არ მოგვაგონებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ მათ ამოკაწვრამდე ზემოხსენებული ჰომინიდები კედელს სპეციალურად მიწით ფარავდნენ, შემდეგ კი მასზე ფორმების ამოსაკვეთად ქვას იყენებდნენ. ამ ხაზების სიღრმე მიუთითებს, რომ ისინი ბუნებრივი პროცესების შედეგად არ უნდა იყოს წარმოქმნილი, არამედ ხელოვნური ზეწოლისას. საინტერესოა ისიც, რომ ეს ნაკაწრები "საფლავებთან" ახლოსაა.
ავტორთა აზრით, ამ ანთროპოიდებს, სავარაუდოდ, სიკვდილთან დაკავშირებული საერთო "ხედვა" ჰქონდათ და გლოვას თანამედროვე ადამიანების მსგავსად იზიარებდნენ. სხვა მეცნიერები ამას სკეპტიკურად უდგებიან და ამბობენ რომ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები მათ ასეთ აბსტრაქტულ აზროვნებაზე სამსჯელოდ საკმარისი არაა.
კომენტარები