შეიქმნა მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჰაერიდან გამოიმუშავებს — როგორ
ინჟინრებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელსაც ნესტიანი ჰაერიდან ენერგიის უწყვეტი გამომუშავება შეუძლია. ინოვაცია ჯერჯერობით განვითარების საწყის ეტაპზეა და პრაქტიკულად ვერ გამოვიყენებთ, თუმცა სამომავლოდ იგი ძალიან გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს.
საქმე ისაა, რომ ჰაერში დიდი რაოდენობის ელექტრობაა — ისევე, როგორც დამუხტული წყლის წვეთებით სავსე ღრუბელში, რომელსაც ელვის წარმოქმნა შეუძლია. მიუხედავად ამისა, ელვიდან ელექტრობის ეფექტიანად მოპოვება არც ისე მარტივია.
ასევე იხილეთ: ელექტროენერგიის გამომუშავება ჰაერიდან — მეცნიერებმა ენერგიის ფერმენტი აღმოაჩინეს
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა პატარა ხელოვნური ღრუბელი შექმნეს. იგი ელექტრობას წინასწარ განსაზღვრულად, უწყვეტად წარმოქმნის და ამ რესურსის აღების საშუალებას იძლევა.
ინოვაციას მათ "generic Air-gen effect" უწოდეს. იგი მასალის ზედაპირზე ნანოფორების შექმნას მოიცავს. სწორედ ამ ნანოფორების მეშვეობითაა შესაძლებელი, ჰაერში არსებული წყლის მიკროსკოპული წვეთებიდან ელექტრობა მივიღოთ.
მოწყობილობის წინა ვერსია Geobacter sulfurreducens ბაქტერიას ეყრდნობოდა, თუმცა ამჯერად მეცნიერთა გუნდმა აღმოაჩინა, რომ ელექტრობის ჰაერიდან გენერირება ნანოფორების მქონე ნებისმიერ მასალას შეუძლია. ნანოფორების ზომა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მანძილზე შეუძლია წყლის მოლეკულებს გადაადგილება სხვა მოლეკულებთან დაჯახებამდე.
Air-gen მოწყობილობა სხვადასხვა მასალის თხელი ფენისაგან შედგება. იგი ცელულოზის, აბრეშუმის ცილის ანდა გრაფენის ოქსიდისგან შეიძლება იყოს დამზადებული. წყლის მოლეკულები ნანოფორებში აღწევს, შედეგად კი ფენის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის მუხტის დაგროვებასა და დისბალანსს იწვევს.
ტესტირებისას ცელულოზის ფენამ 260 მილივოლტი (260 მეათასედი ვოლტი) ელექტრული ძაბვა წარმოქმნა, როცა მობილურ ტელეფონს, ჩვეულებრივ, დაახლოებით 5 ვოლტი ესაჭიროება. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია, რომ მასშტაბირების მიზნით თხელი ფენები ერთმანეთს მიეწყოს.
ამას გარდა, სხვადასხვა მასალის გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ მოწყობილობები სხვადასხვა გარემოსაც შეიძლება მოვარგოთ, მაგალითად, ჯუნგლებსა თუ გვალვიან ტერიტორიებს.
სამომავლოდ მეცნიერები მოწყობილობების სხვადასხვა გარემოში გამოცდასა და მათ მასშტაბირებას შეეცდებიან.
ნაშრომი გამოცემაში Advanced Materials გამოქვეყნდა.
კომენტარები