ემუქრება თუ არა დედამიწას ასტეროიდთან შეჯახება მომდევნო 1 000 წელში? — კვლევა
66 მილიონი წლის წინ ჩვენს პლანეტას დაახლოებით 10-კილომეტრიანი ასტეროიდი შეეჯახა, რამაც დინოზავრები და ცხოველთა სხვა მრავალი სახეობა გაანადგურა. გველის თუ არა იგივე მომავალში?
ამის გასაგებად მეცნიერებმა დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტები (NEO) შეისწავლეს, რომელთა ზომაც 1 კილომეტრზე მეტია. კერძოდ, სპეციალისტებმა მათი ტრაექტორია გააანალიზეს, რათა დაედგინათ, გადაიკვეთება თუ არა ჩვენი ორბიტები ერთმანეთთან. კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი რამ მომდევნო 1 000 წელში არ მოხდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ხანგრძლივი პროგნოზი აქამდე არ გაკეთებულა.
NASA-ს განცხადებით, ამ დრომდე დედამიწასთან ახლომდებარე, 1 კილომეტრზე დიდი ზომის ასტეროიდების 95 პროცენტია იდენტიფიცირებული, რომელთაგანაც თითოეული ჩვენგან 50 მილიონი კილომეტრის რადიუსში მოძრაობს. ცნობილი იყო, რომ შემდეგი საუკუნის განმავლობაში არც ისინი და არც უფრო პატარა ობიექტები საფრთხეს არ შეგვიქმნიდა, ახლა კი გავიგეთ, რომ უფრო დიდი ხანი შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ.
ამის მიუხედავად, როგორც უკვე ვახსენეთ, უკანასკნელ კვლევაში ავტორები მხოლოდ 1 კილომეტრზე დიდი ზომის ასტეროიდებზე კონცენტრირდნენ. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ შედარებით პატარა რომელიმე ობიექტისა და ჩვენი პლანეტის ორბიტები გადაიკვეთოს, თუმცა ის გლობალური მასშტაბის ზიანს ვერ მოგვაყენებს.
მეცნიერთა გამოთვლებმა ყველაზე დიდი რისკის შემცველ ასტეროიდად 7482 (1994 PC1) გამოავლინა, რომლის სავარაუდო დიამეტრიც 1.1 კილომეტრია. 2022 წელს ის დედამიწას 1.9 მილიონ კილომეტრ მანძილზე მოუახლოვდა და 0.0151 პროცენტია შანსი, რომ მომდევნო ათასწლეულში მთვარის დისტანციაზე ჩაგვიაროს. რისკის მხრივ მეორე ადგილზე 20236 (1998 BZ7) გახლავთ, რომლის შემთხვევაშიც მთვარეზე ახლოს ჩავლის შანსი 0.001 პროცენტია.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში The Astronomical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები