სიგარეტის ყოველდღიური მოხმარება შესაძლოა, ტვინის ზომას ამცირებდეს
კვლევის მიხედვით, რომელიც 28 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებს ეყრდნობა, დადგინდა, რომ შესაძლოა, სიგარეტის ყოველდღიური მოხმარება ტვინის ზომას ამცირებდეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კავშირი სპეციალისტებს აქამდეც ჰქონდათ შენიშნული, მაგრამ, საინტერესოა, პატარა ტვინის მქონე ინდივიდები არიან მოწევისკენ მიდრეკილნი თუ პირიქით ხდება? ეს შედეგები ამ უკანასკნელს უჭერს მხარს.
ავტორებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკში არსებული ინფორმაცია გააანალიზეს, როგორიცაა პაციენტთა ტვინის გამოსახულებები და მწეველობასთან დაკავშირებული თვითშეფასებები. აღმოჩნდა, რომ იმ მონაწილეებს, რომლებიც სიგარეტს თუნდაც ოდესღაც ყოველდღიურად მოიხმარდნენ, საშუალოდ 7.1 კუბური სანტიმეტრით პატარა ტვინი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისთვისაც ამას ყოველდღიური ხასიათი არასდროს ჰქონია.
ეს სხვაობა გულისხმობს ტვინის რუხი ნივთიერების 5.5 კუბური სანტიმეტრით, ხოლო თეთრი ნივთიერების 1.6 კუბური სანტიმეტრით შემცირებას. პირველი ნეირონებს მოიცავს, მეორე კი — მათ დამაკავშირებელ ბოჭკოებს. დადგინდა ისიც, რომ რაც უფრო ბევრს ეწეოდა ადამიანი, რუხი ნივთიერება მით უფრო მეტად იყო შემცირებული. კერძოდ, წლის განმავლობაში ყოველდღიურად თითო კოლოფი სიგარეტის მოხმარება საშუალოდ 0.15 კუბური სანტიმეტრით ნაკლებ მოცულობას უდრიდა.
ასევე, ადამიანებს, რომლებმაც მოწევას დიდი ხნის წინ დაანებეს თავი, უფრო მეტი რუხი ნივთიერება ჰქონდათ შენარჩუნებული, ვიდრე მათ, ვინც ეს კვლევამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთა. ეს ნიშნავს, რომ ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმით მისი უარყოფითი ეფექტების მცირედით უკუგდებაა შესაძლებელი (1 წელი +0.09 კუბურ სანტიმეტრს უდრის). საინტერესოა, რომ პაციენტების გენეტიკური მონაცემები ავტორებმა ტვინის ზომის შემცირებასთან პირდაპირ ვერ დააკავშირეს.
მათი ნაშრომი medRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები