კოღოები მაინცდამაინც თქვენ გესევიან? — შესაძლოა, ამას სხეულის დასაბანი საშუალება განაპირობებდეს
პატარა კვლევის თანახმად, შესაძლოა, სხეულის დასაბანი საშუალებები განსაზღვრავდეს, რამდენად მიმზიდველი იქნებით კოღოებისთვის. ცნობილია, რომ ეს მწერები სამიზნის ამოსარჩევად არაერთ სხვადასხვა ფაქტორს ითვალისწინებენ, მათ შორის: სხეულის სითბოს, სუნს, ნახშირორჟანგის გამონაყოფს და ა.შ. ნაშრომი ჟურნალ iScience-ში გამოქვეყნდა. შესაძლოა, მისი მიგნებები კოღოების დასაფრთხობი უკეთესი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს.
ასევე იხილეთ: რატომ კბენენ კოღოები მაინცდამაინც ადამიანებს? — კვლევა
ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ოთხი სხვადასხვა ფირმის საშუალებები შეამოწმეს: Dial-ის, Dove-ის, Native-ისა და Simple Truth-ის. სურდათ დაედგინათ, თუ რა გავლენა აქვს თითოეულს კოღოების მოზიდვის ანდა დაფრთხობის კუთხით.
ცდა მკვლევრებმა ოთხ ადამიანზე ჩაატარეს. მათი ხელებიდან, მაჯიდან იდაყვამდე ნაწილიდან, ნეილონის ლენტებისა და ფოლგის გამოყენებით სუნის სინჯები აიღეს. ცდისპირთა ერთი ხელიდან სხეულის ბუნებრივი სუნი შეაგროვეს; მეორე ხელს თითოეული პროდუქტით 10 წამის განმავლობაში ბანდნენ და შემდეგ ამ სუნის ნიმუშებსაც იღებდნენ.
შეგროვილი სინჯები მათ ქიმიური თვალსაზრისით გააანალიზეს, შემდგომში კი სხვადასხვა ჭიქაში მოათავსეს. გალიაში, რომელშიც ჭიქები იყო მოთავსებული, მდედრი კოღოები შეუშვეს და აკვირდებოდნენ, რომელ ლენტთან მეტი მათგანი მივიდოდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ Simple Truth-ისა და Dove-ის საშუალებებმა კოღოებისადმი მიმზიდველობა ყველა მონაწილეში გაზარდა. ანალოგიური ეფექტი ჰქონდა Dial-საც, თუმცა შედარებით ნაკლები ინტენსივობით. აღმოჩნდა, რომ კოღოებს Native-ის დასაბანი საშუალება აფრთხობდა.
კვლევას თუ დავუჯერებთ, სავარაუდოდ, დასაბანი საშუალებების სურნელი და მონაწილეების ინდივიდუალური სუნი ერთმანეთს ერევა, შედეგად კი კოღოებისათვის შესამჩნევი ახალი არომატი წარმოიქმნება.
ქიმიური ანალიზის მიხედვით, შესაძლოა, კოღოებს შემდეგი ნაერთები აფრთხობდეს: ბენზალდეჰიდი, ბენზილ-ბენზოატი და γ-ნონალაქტონი.
მიუხედავად ყველაფრისა, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კვლევა პატარა იყო. სამომავლოდ მისი ავტორები გეგმავენ, ექსპერიმენტი მეტ ადამიანზე ჩაატარონ და სხვა დასაბანი საშუალებებიც გამოიკვლიონ. ისინი შეაფასებენ, თუ რა ხანგრძლივი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პროდუქტებს კოღოების მოზიდვასა და დაფრთხობაზე.
შესაძლოა, მიგნებები კოღოების საწინააღმდეგო ისეთი საშუალებების შექმნაში დაგვეხმაროს, რომლებიც მომხმარებლისათვის ნაკლებად საზიანო იქნება. შედეგად ამ მწერებთან ინტერაქცია ნაკლებად მოგვიწევს და, დისკომფორტის გარდა, სხვადასხვა დაავადებასაც ავირიდებთ თავიდან.
ასევე იხილეთ: რომელია ყველაზე საშიში ცხოველი და რამდენ ადამიანს კლავს ის ყოველწლიურად
კომენტარები