რომელია ყველაზე საშიში ცხოველი და რამდენ ადამიანს კლავს ის ყოველწლიურად
ცხოველთა სამეფო სავსეა საშიში არსებებით. ლომს თითქმის ნებისმიერი ცხოველის დაგლეჯვა შეუძლია, ჩხრიალა გველს სისხლში ტოქსინების შეყვანა ეხერხება, ბეჰემოთის გაბრაზება არ ღირს და ამ სიას შეგვიძლია უსასრულოდ გავყვეთ.
და მაინც, რომელია ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი არსება?
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი ცხოველი კოღოა, რომელიც წელიწადში 500 000-დან მილიონზე მეტ ადამიანს კლავს.
რატომ არის კოღო ასეთი საშიში? ეს მწერი მომაკვდინებელი დავადებების გადამტანია, განსაკუთრებით მალარიის.
"მალარია უკვე დიდი ხანია მძიმე დავადებაა. თავის მხრივ, კოღო მის გავრცელებას უწყობს ხელს", — განუცხადა Live Science-ს შენონ ლადოუმ, დაავადებების მონიტორინგის სპეციალისტმა.
მალარიას პლაზმოდიუმის გვარის პარაზიტული ერთუჯრედიანი ორგანიზმი იწვევს. მათი ადამიანიდან ადამიანზე გავრცელება კი ანოფელეს კოღოებით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, ის ფართოდაა გავრცელებული აფრიკის ნაწილებში, სამხრეთ აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მალარიამ 2021 წელს დაახლოებით 619 000 ადამიანი შეიწირა.
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის შემთხვევაში, დაავადების დაძლევა შესაძლებელია, თუმცა შედარებით მაღალი რისკის მქონე პირებისთვის — როგორიცაა მცირეწლოვანი ბავშვები, ორსულები და იმუნური დეფიციტის მქონე ადამიანები, მალარია შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს. აქვეა საგანგაშო მონაცემები: ჯანმო-ს მიხედვით, აფრიკაში მალარიით დაღუპულთა დაახლოებით 80% 5 წლამდე ასაკის ბავშვია.
კოღოები ასევე ავრცელებენ სხვა დაავადებებს, მათ შორის დენგეს, ჩიკუნგუნიას, დასავლეთ ნილოსის ვირუსს, ზიკას ვირუსსა და ლიმფურ ფილარიაზს.
როგორ ავრცელებენ კოღოები დაავდებებს? პირველ რიგში, მდედრი კოღოები იკვებებიან სისხლით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ადვილად გადასცემენ პათოგენებს ერთი ადამიანის სისხლიდან მეორეზე. მეორე რიგში კი, ისინი თავადაც მარტივად ვრცელდებიან, შესაბამისად, ადამიანებისთვის მიგნება არ უჭირთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ჩვენ და კოღოები ფაქტობრივად ერთ ეკოსისტემას ვიზიარებთ. კოღოები რეპროდუცირებისთვის წყალს იყენებენ, ჩვენი სიცოცხლეც წყალთანაა დაკავშირებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და კოღოები ხშირად ვიკვეთებით.
თუმცა, ჯოხს მხოლოდ კოღოებზე ნუ გადავტეხავთ. ისინი არ არიან ერთადერთი უაღრესად მომაკვდინებელი ცხოველები ჩვენს პლანეტაზე. გველები ყოველწლიურად 81 000-დან 138 000-მდე ადამიანს უსწრაფებენ სიცოცხლეს. ეს სტატისტიკა მათ ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ცხოველად აქცევს, რა თქმა უნდა, კოღოების შემდეგ.
აქვეა ცოფი — დაავადება, რომელიც ინფიცირებული ძუძუმწოვარის (ხშირად ძაღლის) ნაკბენით ვრცელდება. ეს ფაქტორი ყოველწლიურად დაახლოებით 59 000 ადამიანს კლავს.
საბოლოო ჯამში, ამ ტიტულის მოპოვებაში მხოლოდ ერთი ცოცხალი არსება ეჯიბრება კოღოს. გაეროს მოხსენებაში ნათქვამია, რომ მკვლელობებმა და შეიარაღებულმა კონფლიქტებმა 2017 წელს დაახლოებით 553 000 ადამიანი იმსხვერპლეს. დიახ, ეს ადამიანებს ჩვენივე თავისთვის ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ არსებად გვაქცევს.
კომენტარები