სიკვდილი, ისევე როგორც თავად სიცოცხლე, პროცესია და მისი მოახლოება თავისი ნიშნებით ხასიათდება.

მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად ავადმყოფობენ, სიცოცხლის ბოლო თვეებში ხშირად სოციალური იზოლაცია სჩვევიათ — ნაკლებად ინტერესდებიან სოციალური შეკრებებით, სამსახურით და მსგავსი აქტივობებით. იცვლება ენერგიის დონეები, ძილისა თუ კვებითი ჩვევები და სუნთქვის ყაიდაც კი.

ასევე იხილეთ: მაინც რას ნიშნავს "სიბერით სიკვდილი"?

სტატიაში სამ პრობლემაზე მოგიყვებით, რომლებიც ადამიანის სიკვდილს მოასწავებს.

მადის დაქვეითება

მადა არაერთი მიზეზით ქვეითდება. შესაძლოა, სხეულში ამ დროს მეტი კატექოლამინი წარმოიქმნებოდეს — ქიმიური ნივთიერება, რომელიც მადას ამცირებს. კეტაქოლამინის რაოდენობა მომაკვდავებში ხშირად იზრდება, განსაკუთრებით სიმსივნის მქონე პირებში.

ადამიანები ზოგჯერ ნაკლებს იმის გამო ჭამენ, რომ მათი მომნელებელი სისტემა გამართულად ვეღარ ფუნქციონირებს და საკვების გადამუშავება უჭირთ. შესაძლოა, კვება ამ დროს გულისრევის ან სიმძიმის შეგრძნებას იწვევდეს. საგულისხმოა ისიც, რომ გემოსა და სუნის შეგრძნებები პირველი ქრება, ამიტომ საჭმელსა და სასმელს ისეთი სიამოვნება აღარ მოაქვს, როგორიც უწინ.

ამას გარდა, მაგალითისთვის, როცა ალცჰაიმერის დაავადება რთულდება, ადამიანებს ზოგჯერ ფიზიკურად უჭირთ ყლაპვა. შესაძლოა, ისიც მათ კი დაავიწყდეთ, როგორ უნდა ღეჭვა და ჩაყლაპვა.

მადის დაქვეითება და წონის კლება ბევრი ხანგრძლივი ავადმყოფობის ბუნებრივი შედეგია, თუმცა გარშემომყოფებისათვის საკმაოდ რთული სანახავია, როცა მომაკვდავი უფრო და უფრო ნაკლებს ჭამს — განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს კულტურაში სხვაზე ზრუნვას მისი გამოკვებით გამოვხატავთ.

შენელებული მოძრაობა

ვინაიდან ადამიანი ნაკლებ სითხესა თუ საკვებს იღებს, მცირდება ენერგიის რაოდენობაც და დაღლილობა იმატებს. ეს პრობლემა სხვა მდგომარეობებმაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, სიმსივნის მქონე ადამიანებში კიბოს უჯრედები შთანთქავს ბევრ ენერგიას.

თავად უენერგიობა თანდათან ადამიანის შენელებას იწვევს. ასეთ დროს მარტივი აქტივობებიც კი საოცრად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. შესაძლოა, ადამიანი ამ დროს ჩვეულებრივზე ნელა მოძრაობდეს, საუბრობდეს და ფიქრობდეს; მეტი დროა ხოლმე საჭირო საუბრის გადასახარშადაც.

ასევე იხილეთ: გემუქრებათ თუ არა სიკვდილი მომდევნო 10 წელში? — შესაძლოა, ამის დადგენაში ბალანსის ტესტი დაგვეხმაროს

უენერგიობის გამო სხეულს უჭირს ტემპერატურის რეგულირებაც, ანუ, შესაძლოა, ადამიანს ჩვეულებრივზე მეტად სცხელოდეს ან სციოდეს.

საგულისხმოა, რომ შენელებას ზოგიერთი მედიკამენტიც იწვევს, მაგალითად ტკივილგამაყუჩებლები; ამას ზოგჯერ ელექტროლიტთა დისბალანსიც განაპირობებს.

სუნთქვის ცვლილება და ხრიალი

სიკვდილამდე რამდენიმე დღით ან საათით ადრე ადამიანის სუნთქვაც იცვლება და ზედმეტად ღრმა ან ზედაპირული ხდება. შეიძლება იყოს არარეგულარულიც და რამდენიმე წამის ან წუთის განმავლობაში წყდებოდეს. ეს ყველაფერი ზოგჯერ სისხლში ჟანგბადის შემცირებასა და ნახშირბადის მონოქსიდის მატებას იწვევს, რაც სისუსტეს კიდევ უფრო ამძაფრებს.

გარშემომყოფთათვის ეს ყველაფერი ხშირად საკმაოდ შემაშფოთებელი სანახავია, თუმცა მიჩნეულია, რომ სუნთქვის ცვლილება თავად ადამიანს არ უქმნის დისკომფორტს.

ამას გარდა, ბოლოსკენ ზოგიერთი მომაკვდავი სუნთქვისას ხავის. მკერდსა და ყელში სიკვდილის წინ სეკრეტები გროვდება, ამ ხმებს კი ადამიანები იმიტომ გამოსცემენ, რომ მათი ამოხველება ან ჩაყლაპვა არ შეუძლიათ. ეს ოჯახის წევრებისთვის საშინელი მოსასმენია, თუმცა, როგორც ჩანს, მომაკვდავს არც ხავილი აწუხებს. შესაძლოა, ადამიანისთვის პოზის შეცვლა ანდა სეკრეტებისაგან მისი გათავისუფლება (სპეციალური მედიკამენტების ან გამოტუმბვის გზით) ხავილის თავიდან არიდებაში დაგეხმაროთ.

საგულისხმოა ისიც, რომ სმენა ერთ-ერთი ის შეგრძნებაა, რომელიც ადამიანს ყველაზე ბოლოს უქრება. მომაკვდავებს ხმების გაგონება ისევ შეუძლიათ, განსაკუთრებით ნაცნობი ხმების. შესაბამისად, შეგიძლიათ ელაპარაკოთ ადამიანს, თუნდაც ერთი შეხედვით ეძინოს.

სიკვდილი

სიკვდილი ორი ტიპის არსებობს — გულისა და ტვინის. პირველი იგივე კლინიკური სიკვდილია, რა დროსაც გული ჩერდება, თუმცა ტვინი ჯერ კიდევ ცოცხალია. ტვინის სიკვდილის შემთხვევაში უკვე მასში ელექტრული აქტივობა აღარ ფიქსირდება და ამ დროს ადამიანის გაცოცხლება შეუძლებელია.

კლინიკური სიკვდილიდან გამოყვანილი ადამიანები ზოგჯერ ზუსტად აღწერენ იმ მოვლენებს, რომლებიც მათ გარშემო ხდებოდა. ზოგიერთი ნაშრომის თანახმად, მსგავსი გამოცდილებები ლუციდური სიზმრების სხვაგვარი ფორმაა, სხვა კვლევები კი ამას ტვინში ჟანგბადის ნაკლებობას უკავშირებს.

ასევე იხილეთ: მეცნიერებმა მომაკვდავი ადამიანების ტვინში წარმოქმნილი იდუმალი იმპულსები დააფიქსირეს

თუ სიკვდილის პროცესზე დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, შეგიძლიათ, ამ ორ უცხოურ წყაროს ეწვიოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.