გემუქრებათ თუ არა სიკვდილი მომდევნო 10 წელში? — შესაძლოა, ამის დადგენაში ბალანსის ტესტი დაგვეხმაროს
ჟურნალში British Journal of Sports Medicine გამოქვეყნებულ ახალ კვლევას თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, შუახნის ან მოხუცებულობის ასაკში ცალ ფეხზე დგომის უუნარობა შედარებით ნაადრევ სიკვდილს მოასწავებდეს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის იმ ადამიანებს, რომლებიც ცალ ფეხზე 10 წამზე მეტხანს ვერ ჩერდებიან, მომავალი 10 წლის განმავლობაში სიკვდილის მეტი შანსი აქვთ იმათთან შედარებით, ვინც ტესტს წარმატებით აბარებს.
კვლევაში, რომელიც 2008-იდან 2020 წლამდე ტარდებოდა, მეცნიერებმა 1700-ზე მეტი 51-75 წლის ასაკის ადამიანი შეამოწმეს, რომელთაც სწორად სიარული შეეძლოთ. მათ ისინი ყოველგვარი საყრდენის გარეშე 10 წამით დააყენეს ცალ ფეხზე და თითოეულ ფეხზე სამი ცდის საშუალება მისცეს.
ცდისპირთა მეხუთედმა შემოწმება წარუმატებლად გაიარა, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კი სხვადასხვა მიზეზით 123 ადამიანი დაიღუპა.
მკვლევრები აცხადებენ, რომ, თუკი ადამიანი რაიმეზე დაყრდნობის გარეშე ცალ ფეხზე 10 წამით ვერ ჩერდება, შესაძლოა, მას ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის 84%-ით მაღალი რისკი ჰქონდეს ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
დადგენილია ისიც, რომ დღეში სამჯერ თითო წუთით ცალ ფეხზე დგომას შეუძლია, მენჯის ძვალში მინერალების შემცველობა გაზარდოს — რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, დაცემისა და მოტეხილობების მით ნაკლები შანსია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიგნებები 2014 წელს ჩატარებული კვლევის (ჟურნალში International Journal of Stroke) შედეგებთანაც მოდის თანხვედრაში, რომლითაც დაადგინეს, რომ მათ, ვისაც 20 წამით ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება არ შეუძლიათ, ტვინში კაპილარების დაზიანების შედარებით მაღალი რისკი შეიძლება ჰქონდეთ.
აღსანიშნავია, რომ წინა კვლევებით ცალ ფეხზე ბალანსის შენარჩუნების უუნარობასა და ინსულტის მომატებულ რისკს შორის იპოვეს კავშირი, ერთ-ერთ ნაშრომში კი იგი ცუდ წონასწორობასა და დემენციის დასაწყისს შორის შენიშნეს.
ნაშრომის შეზღუდვებს რაც შეეხება, მეცნიერების თქმით, ყველა მონაწილე თეთრკანიანი ბრაზილიელი იყო, შესაბამისად, შანსია, კვლევის შედეგები სხვა ეროვნების ადამიანებზე არ განზოგადდეს.
მკვლევართა თქმით, ამჟამად შუახნის ან უფრო ასაკოვანი ადამიანების ჯანმრთელობის შემოწმება წონასწორობის სტანდარტულ ტესტს არ მოიცავს.
მართალია, ახალი მიგნებები უფრო დაკვირვებითი ხასიათისაა და მიზეზშედეგობრივ კავშირს ნაკლებად გვთავაზობს, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ მოხუცთა ჯანმრთელობის შემოწმებისას ბალანსის ტესტი მაინც შეიძლება, ღირებული აღმოჩნდეს.
კომენტარები