On.ge-ის გუნდი გირჩევს — თამუნას 5 საყვარელი ანიმე
ანიმაცია ბავშვობიდან ჩემი საყვარელი მედიუმია. სხვა ბავშვების მსგავსად, დილაობით, სკოლაში წასვლამდე აღფრთოვანებული ვუყურებდი ჩემს საყვარელ პერსონაჟებს და ერთი სული მქონდა, შაბათ-კვირა მოსულიყო, რომ ეკრანის წინ კიდევ უფრო მეტი თავგადასავლის ნაწილი გავმხდარიყავი.
ოჯახის წევრებს ეგონათ, რომ ეს აღტაცება ასაკის მატებასთან ერთად გამივლიდა, თუმცა შეცდნენ. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის, ჟანრის, ანიმაციის სტილისა და ხანგრძლივობის ნამუშევრის ნახვამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ანიმაციისთვის შეუძლებელი არაფერია — ეს ის მედიუმია, რომელსაც ჩვენი ფანტაზიის ყველაზე ჯადოსნურ ფერებსა და ფორმებში გაცოცხლება შეუძლია.
ანიმაციების სხვა მოყვარულთა მსგავსად, იაპონურ ანიმეს ჩემს გულშიც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამის მიზეზი შორეული და განსხვავებული კულტურა, ჟანრების მრავალფეროვნება, უნიკალური ისტორიები და ჩემი პირველი ანიმე — მოჩვენებების მიერ გატაცებულნია.
ამორჩევა ძალიან, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ამ სტატიაში ჩემს 5 ყველაზე საყვარელ ანიმეს გირჩევ. მეტი ჯადოსნურობისთვის კი ეს ფლეილისტიც ჩართე:
1. Spirited Away
მოჩვენებების მიერ გატაცებულნი ჩემი პირველი ანიმეა. მართალია, 7-8 წლის ასაკში მის შინაარსსა და სიმბოლიზმში საერთოდ ვერ გავერკვიე, თუმცა თვალისმომჭრელი ფერები, ორიგინალური პერსონაჟები, საოცარი მუსიკა და იდუმალი სამყარო ჩემს გასაოცებლად საკმარისზე მეტი აღმოჩნდა.
Spirited Away-ს ყოველ წელს ხელახლა ვუყურებ, რადგან ყოველ ნახვაზე კარგად ნაცნობთან ერთად სრულიად ახალი შთაბეჭდილებები და შეგრძნებები მრჩება. ჰაიაო მიაძაკის ნამუშევარი იმდენად ყოვლისმომცველი და გრანდიოზულია, რომ მისი უგულებელყოფა ანიმესადმი სკეპტიკურად განწყობილ ოსკარებზეც კი ვერ შეძლეს. Spirited Away დღემდე ერთადერთი ანიმეა, რომელსაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში ოსკარი აქვს მიღებული.
2. Your Name
შენი სახელი ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი და შთამბეჭდავი ისტორიაა, რომელიც ოდესმე ეკრანზე მინახავს. როცა 2016 წელს პირველად ჩავრთე, ნამდვილად არ მეგონა, რომ თინეიჯერები, რომლებიც ძილში ერთმანეთს სხეულებს შემთხვევით უცვლიან და ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩემს ატირებას მოახერხებდნენ.Your Name-ის გულშიჩამწვდომი და მოულოდნელობებით აღსავსე ისტორია, შთამბეჭდავი საუნდტრეკები და ზღაპრული ფერები თვალის დახამხამებასა და სუნთქვას ყოველ ჯერზე მავიწყებს. Coco მშვენიერი ანიმაციაა, მაგრამ ოსკარებს 2017 წელს Your Name-ის დაჩაგვრას ვერასდროს ვაპატიებ.
3. Nana
ტოკიოსკენ მიმავალ მატარებელში გვერდიგვერდ ორი გოგო ზის. ორივეს ნანა ჰქვია. ორივე ერთ ბინას ქირაობს. არა, ეს ჭრიჭინას იაპონური ვერსია არაა. ჭრიჭინას კარგი დასასრული აქვს, მაგრამ ნანაზე იმავეს ვერ ვიტყოდი.
ნანა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული გოგოს სირთულეებით, სიყვარულით, ტრაგედიითა და მელანქოლიით სავსე ცხოვრებაზე გვიყვება. თხრობის საოცარი სტილი პირველივე წუთებიდან მიგახვედრებს, რომ წინ რაღაც შთამბეჭდავი და განუმეორებელი გელის.
4. Fullmetal Alchemist: Brotherhood
ისტორია ორ ძმაზე, რომელთაც გარდაცვლილი დედის ალქიმიით გაცოცხლების მცდელობა საკუთარი სხეულების განადგურებად დაუჯდებათ, ახლა კი შეცდომის გამოსასწორებლად ფილოსოფიურ ქვას ეძებენ — გინდ სუბიექტურად და გინდაც ობიექტურად, Fullmetal Alchemist Brotherhood უნაკლო ანიმეა. ისტორია — 10/10; პერსონაჟები — 10/10; საუნდტრეკები — 10/10; თხრობის სტილი — 10/10; ცრემლებისა და სიცილის ბალანსი — 10/10; დასასრული — 10000/10. უნდა უყურო? — კი. ვაჭარბებ რამეს? — არა.
5. Terror In Resonance
Terror In Resonance ორ უსახელო ბიჭზე გვიყვება, რომლებიც გადაწყვეტენ, მთელ იაპონიას შეატყობინონ იმ საიდუმლო ექსპერიმენტის შესახებ, რომლის მსხვერპლიც სხვა ბავშვებთან ერთად აღმოჩნდნენ. ამისათვის ბიჭები მთავრობასა და პოლიციას გამოცანებს უგზავნიან, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი უმსხვერპლო ტერორისტულ აქტებს აწყობენ.
Terror In Resonance-ის მთელი ხიბლი ის უკმარისობის გრძნობაა, რომელიც სერიალის დამთავრებისას გრჩება. თითქოს უზარმაზარი და დეტალური ნახატია, რომლის მთლიანობაში აღქმაც შეუძლებელია და იძულებული ხარ, მისი ფრაგმენტებისთვის თვალის მოკვრას დასჯერდე. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანიმაციის საოცარი სტილი და საუნდტრეკები, რომლებიც მთავარი პერსონაჟების დანაშაულების თანამონაწილედ გაქცევს.
On.ge-ის გუნდი გირჩევს ჩვენი ახალი რუბრიკაა, რომლითაც უკეთ გაგაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად გაწვდიან სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან სიახლეებს, გიზიარებენ სასარგებლო ინფორმაციას და ზრუნავენ შენს განწყობაზე.
ამავე თემაზე:
- 7 ანიმე, რომელიც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარს იმსახურებდა
- ტესტი: Spirited Away-ის რომელი პერსონაჟი ხარ?
- 20 ჯადოსნური კადრი, რომელიც Spirited Away-ს შენს საყვარელ ანიმედ აქცევს
- 8 ანიმე მათთვის, ვისაც ანიმეს სამყაროში შებიჯება უნდა და არ იცის, რას უყუროს
- ტესტი: გამოიცნობ პოპულარულ ანიმეს მხოლოდ ერთი კადრით?
- Studio Ghibli-ს 20 ჯადოსნური კადრი, რომელიც თავს ზღაპარში გაგრძნობინებს
კომენტარები