დაღესტნელ აქტივისტზე, სვეტლანა ანოხინაზე "ჯარის დისკრედიტაციის ბრალდებით" გამოძიება დაიწყო
გავრცელებული ინფორმაციით, დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტსა და ფემინისტ აქტივისტ სვეტლანა ანოხინას მიმართ კრიმინალური გამოძიება დაიწყო "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის".
ანოხინა, რომელიც ამჟამად რუსეთში არ იმყოფება, ჟურნალ Daptar-ის მთავარი რედაქტორია. გამოცემა დაღესტანში ქალების უფლებებზეა ფოკუსირებული. ის წლების განმავლობაში ღიად საუბრობდა დაღესტანში ქალების, უმცირესობების და ქვიარ ადამიანების უფლებებზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავდა.
ტელეგრამ არხის, Sapa-ს ცნობით, ხელისუფლება ინსტაგრამზე ანოხინას იმ პოსტებს იძიებდა, რომელიც რუსეთში აკრძალულია.
ანოხინას თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე "ბუნებრივი იყო".
"ეს მოსალოდნელი იყო, გამორიცხულია, ამისთვის მზად არ ვყოფილიყავი. მე მხოლოდ ის მიკვირს, რომ ჩემ შემთხვევაში არ ყოფილა ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც ჩვეულებრივ წინ უსწრებს სისხლის სამართლის საქმეს", — განუცხადა ანოხინამ OC Media-ს.
იგი მიიჩნევს, რომ მისი ქვეყნის იდეებთან "თანხვედრაში არ მოდის".
"კატეგორიულად არ ვეთანხმები [რუსეთის] გარე და შიდა პოზიციებს, პოლიტიკას და დღევანდელი ფორმით მის არსებობას. ჩემთვის ეს არის რაღაც საშინელი ავთვისებიანი ახალი ზრდა, ან ძველი ზრდა, რომელიც შთანთქავს საკუთარ თავს და ირგვლივ ყველაფერს. მოვლენების მსგავსი განვითარება მოსალოდნელი იყო. ძალიან უცნაურია, რომ ეს ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტების გამო მოხდა", — განაცხადა ანოხინამ.
მისი თქმით, გამომძიებლები ჯერ არ დაკავშირებიან და არც მის წინააღმდეგ აღძრული საქმის შესახებ უცნობებიათ. საქმეზე ოფიციალური საჯარო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა მიიღო კანონები "შეიარაღებული ძალების შესახებ მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის" გავრცელების წინააღმდეგ, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სვეტლანა ანოხინას მიაჩნია, პრობლემა არა მხოლოდ ამ კანონშია, არამედ თავად "ქვეყნის არსებობა მისი ამჟამინდელი სახით" არის მცდელობა, გავლენა მოახდინოს მის და სხვა ადამიანების საქმიანობაზე.
"ეს არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ საკუთარი და სხვა ადამიანების საქმიანობაზე და თუნდაც ცხოვრებაზე. არანაირად არ ვაპირებ პასუხის გაცემას, ვაპირებ ვიცხოვრო ისე, როგორც ვცხოვრობდი და ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ, რადგან სხვა გზა არ მაქვს", — განაცხადა ანოხინამ.
2022 წლის მარტში სისხლის სამართლის საქმე რუსული არმიის დისკრედიტაციისთვის ინგუშური საინფორმაციო საიტის, Fortanga-ს დამფუძნებლის — იზაბელა ევლოევას წინააღმდეგაც აღიძრა. შედეგად ევლოევა, რომელიც მანამდე პრაღაში გაიქცა, რუსეთის ფედერალურ ძებნილთა სიაში მოხვდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კომენტარები