მეცნიერებმა მაიმუნ-ქალთევზას მუმიის საიდუმლო ამოხსნეს — რასთან გვაქვს საქმე
მეცნიერებმა გაარკვიეს, რა არის სინამდვილეში მაიმუნისა და ქალთევზას ჰიბრიდის მსგავსი არსების მუმია, რომელიც იაპონიის ქალაქ ასაკუტიში მდებარე ტაძარში ინახება. ის მრავალი დეკადის განმავლობაში იდუმალებით იყო მოცული, ოკეანესთან დაკავშირებული მისი წარმომავლობის შესახებ ცნობა კი საუკუნეებს ითვლის.
ესაა 30 სანტიმეტრი სიგრძის სხეული, რომელსაც პრიმატის, ბეწვიანი ზედა ტანი აქვს და ის თევზის მაგვარი, ქერცლიანი კუდით ბოლოვდება. ხელები მას ადამიანისას მიუგავს, ხოლო სახის საშიშ გამომეტყველებას წაწვეტებული კბილები ამძაფრებს. აღსანიშნავია, რომ იაპონურ მითოლოგიაში ადამიანისა და თევზის ასეთი ჰიბრიდები ნინგიოს სახელით არიან ცნობილნი და გარკვეულწილად დასავლურ ქალთევზებს ჰგვანან, მაგრამ ეს ნიმუში სულ სხვა რამაა.
ე.წ. ადამის ხისგან დამზადებულ ყუთში მასთან ერთად მოთავსებული ხელნაწერიდან ვიგებთ, რომ ამ არსებას 1740 წელს მიაკვლიეს ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად ქალაქ კოტის ეკუთვნის. 2022 წლიდან მოყოლებული, მეცნიერები, ტაძართან თანამშრომლობით, მისი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, ახლა კი დაადგინეს, რომ ეს ადამიანის მიერ შექმნილი არტეფაქტია.
უნდა ითქვას, რომ მსგავსი ნიმუშები იაპონიის მასშტაბით სხვაგანაც აღმოუჩენიათ და ისინი მუზეუმებსა და ტაძრებში ინახება. მათი უმრავლესობა ედოს პერიოდისაა (1603-1868), ერთ-ერთის გამოკვლევით კი გარკვეული დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა ზემოხსენებული მუმია რენტგენულად, კომპიუტერული ტომოგრაფით, ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპით შეისწავლეს. ასევე, გაუკეთეს დნმ-ის ანალიზიც და ასაკის დასადგენად რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდს მიმართეს.
შედეგად დაასკვნეს, რომ ნიმუშს, ქვედა ყბის გარდა, ჩონჩხი საერთოდ არ გააჩნია, ანუ მაიმუნისა და თევზის ხელოვნურად გაერთიანებული სხეულიც კი არაა. მის შესაქმნელად ხის მასალა არაა გამოყენებული, არამედ ნაჭრები, ბამბა და ქაღალდი. ეს ყველაფერი დაფარულია ხის ნახშირის ან ქვიშის ნარევით, თავი კი ძირითადად ბამბისა და თაბაშირისგან შედგება.
ბეწვი ნამდვილად ცხოველს ეკუთვნის, ქერცლები კი ორი სხვადასხვა თევზისგანაა მოპოვებული. ზედა ტანს წყლის მუცელნემსისებრი ბინადრის კანი აკრავს, ხოლო ქვედა ნაწილს სციენისებრნთა ქერცლები აქვს მიწებებული. ფრჩხილები, სავარაუდოდ, ცხოველის რქისგანაა დამზადებული, რაც შეეხება ყბას, ის ხორცისმჭამელი თევზისაა.
არტეფაქტი 1800-იან წლებშია შექმნილი. სიღრმისეული გამოკვლევის წყალობით მეცნიერებმა მისი დემისტიფიკაცია შეძლეს, მაგრამ როგორ მოხვდა ის ტაძარში, ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები