ვებმა ადრეული ირმის ნახტომის მსგავსი ობიექტი გადაიღო — ჩვენი გალაქტიკის "სარკული გამოსახულება"
ირმის ნახტომი ყოველთვის ასეთი არ იყო, როგორიც ახლაა. მან მილიარდობით წლის განმავლობაში ევოლუციის გრძელი გზა განვლო და დღევანდელი ფორმა ამის შედეგად მიიღო. გიფიქრიათ, როგორი იყო ის განვითარების ადრეულ ეტაპზე? ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი სურათი სწორედ ჩვენი გალაქტიკის წარსულს გვიჩვენებს.
მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ ობიექტი, სახელად სპარკლერი დააფიქსირა, რომელიც მეზობლად მდებარე მცირე ზომის გალაქტიკებით იკვებება, ზუსტად ისე, როგორც ირმის ნახტომი ადრეულ პერიოდში. ეს ჯუჯა გალაქტიკა ცის სამხრეთ ნახევარსფეროშია განლაგებული და გარემოცულია ვარსკვლავთა შეჯგუფებებით, რომლებშიც მილიონამდე მნათობია თავმოყრილი.
მეცნიერებმა სპარკლერის ასაკის გამოთვლა ისეთ ელემენტებზე დაკვირვების გზით სცადეს, რომლებიც წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმეა. შედეგად, დაადგინეს, რომ იქ არსებული ვარსკვლავების მჭიდრო შეჯგუფებები ირმის ნახტომში მდებარე მსგავსი სისტემების უფრო ახალგაზრდა სახეს მოგვაგონებს.
მათი უმეტესობა მძიმე ელემენტებითაა მდიდარი, როგორც ჩვენი გალაქტიკის ცენტრის შემადგენელი ვარსკვლავები. სხვა შეჯგუფებები კი ასეთ კომპონენტთა ნაკლებობას განიცდის, რაც ნიშნავს, რომ შედარებით ახალგაზრდაა და "მსხვერპლ" გალაქტიკასთან ასოცირდება. ამჟამად სპარკლერს ირმის ნახტომის მასის მხოლოდ 3 პროცენტი აქვს, თუმცა მატერიის მიერთების პროცესის დასასრულს გაგვიტოლდება.
ის დედამიწისგან 9 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული, ანუ ჩვენ ვხედავთ, როგორი იყო ეს გალაქტიკა დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 4 მილიარდ წელში. ამის საშუალებას ვების ტელესკოპი გვაძლევს, რომელიც ინფრაწითელ სინათლეს ძალიან კარგად აღიქვამს.
ამასთან, სპარკლერის დეტალურად დაფიქსირებაში მეცნიერებს გრავიტაციული ლინზირება დაეხმარა, ფენომენი, რომლის დროსაც მასიური ობიექტები სივრცეს ამრუდებს და მათ მიღმა განლაგებული წყაროებიდან მომავალ სინათლესაც, თითქოს, გამადიდებელი შუშიდან ვაკვირდებით. სწორედ ეს მოხდა ზემოხსენებული გალაქტიკის შემთხვევაშიც, რამაც მისი შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა მოგვცა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები