სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე.On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.

"დავიბადე ჭიათურაში, 1985 წელს, სანამ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. როცა უკვე აზროვნება დავიწყე და ჩემი ცხოვრება მახსოვს, ეკონომიკური კრიზისი იყო და თუ სადმე იგრძნობოდა სიდუხჭირე საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთ ასეთი ქალაქი ჭიათურა იყო. პრაქტიკულად, მთელი ინდუსტრია ჩამოიშალა და ისევე როგორც ყველას, ჩემს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა. შედეგად, ჩვენც შიდა მიგრაციის ტალღაში მოვყევით და 90-იანების მიწურულს თბილისში გადავედით საცხოვრებლად", — გვიყვება გიორგი თაბაგარი, Tbilisi Pride-ის დამფუძნებელი და სამოქალაქო აქტივისტი.

ბავშვობა და ქამინგაუთი

"ბავშვობას დიდად არ ვუბრუნდები ხოლმე. კარგი რაც მახსენდება, არის ის, რომ ფეხბურთი მიყვარდა ძალიან და მინდოდა პროფესიონალი ფეხბურთელი ვყოფილიყავი. ეს ეტაპი ბავშვობასთან ერთად დასრულდა — მშობლებმა გამომიყვანეს, სწავლასა და ფეხბურთს შორის სწავლაზე გააკეთეს არჩევანი. ძალიან რთული იყო. უარყოფითად მახსენდება ის კრიზისი და გაჭირვება, რომელიც ჩემმა ოჯახმა გამოიარა. იყო პერიოდი, როცა საჭმელიც არ გვქონდა", — ამბობს გიორგი და აღნიშნავს, რომ ალბათ კარგი იქნებოდა, ფეხბურთელის კარიერა გაეგრძელებინა.

რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება.

დაახლოებით 10 წლის იყო, როცა ტელევიზიით ნახა სერიალი დინასტია, სადაც ერთ-ერთმა პერსონაჟმა ქამინგაუთი გააკეთა.

"ქართულ ტელევიზიებში მისი სიტყვები ასე თარგმნეს: "მე ვარ ცისფერი". ვიკითხე, რას ნიშნავს-მეთქი და პასუხი ვერავინ გამცა. არ არსებობდა არანაირი ინფორმაცია, მათ შორის უფროს თაობებშიც. რა თქმა უნდა, თვითგამორკვევის პროცესში ინფორმაცია არ მქონდა, ჩვენი თაობის ადამიანები მაგ კუთხით ცოტა დავიჩაგრეთ, მით უმეტეს, საქართველოში, სადაც არანაირი ცოდნა და არ არსებობდა არცერთ თემაზე, რომელიც სექსუალურ განათლებასთან იქნებოდა ბმაში".

ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღო. გაუმართლა და მეგობრები შეხვდა ისეთი, ვისთანაც ამ თემებზე საუბარი შეეძლო.

"სამმა მეგობარმა ერთად გავაკეთეთ ქამინგაუთი, პირველად სწორედ მათ ვუთხარი. ამ საუბრებში, განხილვებში იდენტობაც უფრო მკვეთრად ფორმირდა, ვიდრე მანამდე".

საკმაოდ გვიან, 2018 წელს იყო ქამინგაუთი მშობლებთან. იმ დროს ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა და იქ ცხოვრება, ამიტომ მანამდე არ ჩათვალა საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან აქტივიზმში იყო ჩართული.

"დედაჩემი კოვიდით გარდაიცვალა და გარდაცვალებამდე ვერ გადახარშა ეს ინფორმაცია, საკმაოდ მძიმე იყო მისთვის. და კარგად არ მახსენდება ეს ამბავი… ორი და მყავს და მამა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. დედასთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ურთიერთობები ხომ შრეობრივია, არის რაღაც საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, რაც მოგვწონს ან არ მოგვწონს და ამის მიუხედავად გვიყვარს ადამიანები. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩემთვის და მე მგონი მათთვისაც, ალბათ".

ფოტო: ვახო ქარელი

ამბობს, რომ ძალიან ბევრი შეუძლია ისაუბროს ქამინგაუთის მნიშვნელობაზე და ამას თავისუფლების მოპოვებას უწოდებს — როცა შეგიძლია ყველაზე ახლობელ ადამიანებთან იყო ის, ვინც ხარ. თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ეს რთული პროცესია და მზაობა სჭირდება, მათ შორის, ემოციური.

"ეს არ არის მხოლოდ ის, ვინ მოგწონს. რეალურად, გიწევს ტყუილში ცხოვრება და ეს ტყუილი იმდენად შემაწუხებელია, რომ რაღაც ეტაპზე მიდიხარ იმ მომენტამდე, როცა მეტი უბრალოდ აღარ შეგიძლია".

აქტივიზმი

"ყველგან, სადაც მივედი, მივედი მოხალისედ. ინკლუზივში იმისთვის მივედი, რომ მაშინ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვიყავი და მინდოდა, გვეთანამშრომლა. პირველი ადამიანი, ვისაც შევხვდი, თუ სწორად მახსოვს, ეკა აღდგომელაშვილი იყო, იმ სივრცეში, სადაც ახლა თბილისი პრაიდის ოფისია. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვიხსენებ ხოლმე, თითქოს მაშინვე მინდოდა ჩართვა, მაგრამ ვერ დავინახე სად და რა ფორმით შეიძლებოდა", — გვიყვება გიორგი და ამატებს, რომ ამის გამო დაახლოებით 2 წელი გამოტოვა. შემდეგ იდენტობაში მივიდა, სადაც ტარდებოდა შეხვედრები, ფილმების ჩვენებები. ამბობს, რომ ამ შეხვედრების, დისკუსიების შედეგად ძალიან გაიზარდა, გარდა ამისა, გაიცნო ახალი ადამიანები, მისი თაობის აქტივისტები, რომლებთან ერთად მოგვიანებით ჩართული იყო ორგანიზაცია ლგბტ საქართველოს შექმნაში.

მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ IT’S OKAY TO BE GAY.

აქტივიზმის პარალელურად, სწავლას აგრძელებდა უცხოეთში. პირველად 2007 წელს წავიდა, ორი წლით. თუმცა აღნიშნავს, რომ მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ხალხი ქვეყნიდან გაქცევაზე არ ფიქრობდა და უფრო პირიქით — ბრუნდებოდნენ საქართველოში. ვერ წარმოედგინა, რომ სადღაც წავიდოდა და დარჩებოდა, ამიტომ 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. მაგრამ სწავლისა თუ სამსახურის გამო წასვლა ხშირად უწევდა და ამბობს, რომ 2018 წლამდე, რეალურად, ემიგრაციაში იყო.

"იცვლებოდა ხოლმე ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ — იყო პერიოდი, როცა ერთი სული მქონდა, როდის გავა*ვამდი საქართველოდან და პირიქით, როცა ერთი სული მქონდა, როდის დაბრუნდებოდი. ამ დროის განმავლობაში 7 ქვეყანაში ვიცხოვრე და საბოლოოდ მომწიფდა ის, რომ მინდოდა საქართველოში ხანგრძლივად დაბრუნება".

იხსენებს, რომ 2018 წელს საქართველოში აქტიური სოციალური მოძრაობების პერიოდი იყო: თეთრი ხმაურის მოძრაობა, ანდერგრაუნდ სივრცეები, ბასიანი, ხიდი, ჰორუმ ნაითსი. ამბობს, ყოველ ჩამოსვლაზე ფეხი უკან მრჩებოდა და წასვლა აღარ მინდოდაო, მით უმეტეს ვარშავაში, სადაც მაშინ ცხოვრობდა და იქაური ზამთრების გაძლება ძალიან უჭირდა. დაბრუნების ერთ-ერთ მიზეზად აქტივიზმსაც ასახელებს — "ლევან ბერიანიძე იწყებდა მაშინ თანასწორობის მოძრაობის შენებას და მახსოვს, ღამე ბასიანზე გამომიჭირა და ძალიან ბევრი მელაპარაკა ამ თემაზე".

იმ პერიოდში ბრიუსელში აპირებდა გადასვლას, ევროკომისიაში ჰქონდა სტაჟირების შეთავაზება და ძალიან უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ, საბოლოოდ, საქართველოში დაბრუნება და თანასწორობის მოძრაობაში მუშაობა გადაწყვიტა.

"მქონია პერიოდი, როცა მინანია. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, სად მოეთრეოდი-მეთქი, თან მალევე აირია სიტუაცია, ბასიანის დარბევა და ა.შ., როცა ერთმანეთის მიყოლებით ცუდი რაღაცები მოხდა", — ამბობს გიორგი, თუმცა ამატებს, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან ჩამოსვლას არ ნანობს.

ყველამ ვიცით, რომ აქტივიზმი არ არის მარტივი, მით უფრო, ლგბტქი აქტივიზმი ქვეყანაში, სადაც ჰომოფობია ჯერ კიდევ მძლავრადაა. გიორგი ამბობს, რომ ამ პროცესში ბევრი კონკრეტული ზიანი მიადგა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, საჯარო სივრცეში უსაფრთხოდ არსებობის კუთხით.

ფოტო: ვახო ქარელი

"რაღაცები ალბათ ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, მაგალითად, როგორ ვიგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც ძალიან მიყვარს ცხოვრება. რაღაც ეტაპზე ფეხით სიარულის დისკომფორტი შემექმნა, მუდმივად იყო საფრთხის შეგრძნება, მუდმივად უნდა უყურო აქეთ-იქეთ, იფიქრო იმაზე, რატომ გიყურებს სხვა და ა.შ."

თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად.

მიუხედავად ბევრი სირთულისა, გიორგი ფიქრობს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვიარ უფლებების კუთხით ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, როგორც კანონმდებლობის, ისე სოციალური თვალსაზრისით — "დღეს თითქმის არ არსებობს მნიშვნელოვანი კლუბი საქართველოში, რომელიც ქვიარ ფართის არ აორგანიზებს. ეს შეიძლება მხოლოდ გასართობ მოვლენად წარმოედგინოს ვინმეს, მაგრამ რეალურად, უდიდესი სოციალური დატვირთვა აქვს".

გარდა ამისა, გიორგი საუბრობს თაობის ცვლილებაზე, ასევე, გამოკითხვებზე, რომლის მიხედვით, უფრო მეტ ადამიანს მიაჩნია, რომ ლგბტ უფლებები მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კანონმდებლობას, ის ფიქრობს, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომლის მიხედვით ოჯახი ქალისა და კაცის ერთობად განისაზღვრა, მთლიანობაში უკეთესი კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე იყო და ამას განაპირობებს ანტიდისკრიმინაციული კანონიც.

"ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ უკეთეს გარემოში იმ პერიოდთან შედარებით, როცა მე ვიწყებდი. წარმოუდგენელი სხვაობაა. თუმცა ახლა მიგრაცია გვაქვს ქვიარ თემში და ეს დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ალბათ. ამის მიუხედავად, მგონია, რომ პროგრესი არის შეუქცევადი და ვერაფერი შეაჩერებს — გაიზარდა განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ახალი თაობა, ასევე, 50 წლამდე ადამიანები ბევრად გახსნილები არიან რიგი საკითხების მიმართ, ვიდრე წინა თაობა. ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ მალე გავარღვევთ ამ ზღვარს და ბევრად მეტი ადამიანი იფიქრებს იმაზე, რომ It’s okay to be gay".

დაყოფა და ერთობა

აქტივიზმის პერიოდში ყველაზე რთულად 2018 წლის 17 მაისის და 2021 წლის 5 ივლისის პერიოდები ახსენდება — ამბობს, რომ 2018 წელი იყო წყალგამყოფი, როცა ძალიან დიდი გაყოფა მოხდა ქვიარ მოძრაობაში, ხოლო 5 ივლისის პერიოდი ემოციურად ძალიან მძიმე იყო და დღემდე რთულად ახსენდება.

თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ.

"2018 წელს, როცა 17 მაისს ვაორგანიზებდით, ბევრი ადამიანი იყო ჩართული და რამდენიმე დღით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ თუ გარეთ გავიდოდით, ამას შესაძლოა მოჰყოლოდა დაპირისპირება, დაიღვრებოდა სისხლი და ა.შ. ამ ინფორმაციისთვის მზად არ აღმოვჩნდით. საერთო გადაწყვეტილება იყო, რომ არ გავდიოდით გარეთ და ვაუქმებდით ღონისძიებას. მე, ნინო ბოლქვაძე და ანა სუბელიანი ამას არ ვეთანხმებოდით. იმის მიუხედავად, რომ სრულ უმცირესობაში ვიყავით და ვმუშაობდი თანასწორობის მოძრაობაში, მართალია, ორგანიზებაში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ გავედი აქციაზე. ძალიან რთული პერიოდი იყო, ალბათ ყველაზე დრამატული, რაც მახსენდება ქვიარ მოძრაობაში, როცა მთელმა ქვიარ კომუნამ გაგვრიყა ეს სამი ადამიანი. რთული იყო ამ პროცესის გავლა. მერე მეტ-ნაკლებად აღვადგინეთ ურთიერთობები, მაგრამ თანასწორობის მოძრაობის განვითარების პროცესში საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის ადვოკატირების ნაწილი პრიორიტეტად ვეღარ დავინახე. ჩავთვალე, რომ იყო დრო, რაღაც ახალი გამეკეთებინა".

როგორც ამბობს, 17 მაისის გამოცდილება იყო ის, რამაც დაარწმუნა, რომ ნაბიჯი უნდა გადაედგათ და საჯარო შეკრებისთვის ბრძოლა უფრო მეტი ხილვადობით გაეგრძელებინათ — "ამას ემატებოდა ისიც, რომ თითქოს 17-მა მაისმა თავი ამოწურა, ძალიან საკრალური თარიღი გახდა საპატრიარქოს გამო".

მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა.

გადაწყვიტეს, გაეკეთებინათ ღონისძიება სრულიად ახალ მოცემულობაში, რომელიც შეიცავდა პრაიდის ელემენტებს და მათი ნიშა იქნებოდა ხილვადობისა და ადვოკატირების ნაწილი. მზადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო, უნდა ეზრუნათ სტრატეგიაზე და სხვა დოკუმენტებზე, გუნდზე.

"პრაქტიკულად ყოველ დღე მივდიოდით სოციალურ სივრცეებში, საქსეს ბარში, ჰორუმზე და ა.შ. და ვლაპარაკობდი პრაიდის იდეაზე, ძალიან მოტივირებული ვიყავი. იმ გადმოსახედიდან ორ რაღაცას ვანიჭებდი მნიშვნელობას: ისეთი აქტივისტები უნდა მომეძებნა, ვინც უკან არ დაიხევდა ხილვადობის საკითხში. რეალურად, როცა ამ საქმეს აკეთებ, გჭირდება, იყო ხილვადი, სხვანაირად პრაიდს ვერ გააკეთებ. აქტივისტების შერჩევისას, მეორე საკითხი იყო, რამდენად შეიძლებოდა დავყრდნობოდით ისეთი რთული გამოწვევების დროს, რომელიც აუცილებლად დაგიდგება და ამას სჭირდება ემოციური მზაობა და სიმამაცე, რადგან ძალიან დიდი წნეხია. ასე შევიკარით 7 ადამიანი, რომლებმაც დავაფუძნეთ თბილისი პრაიდი".

ამბობს, რომ ორგანიზაციის კეთება სრულიად ნულიდან, მოხალისეობრივ საწყისებზე დაიწყეს და დღემდე აქვს სიამაყის შეგრძნება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს. მათ შორის, მემორანდუმი პოლიტიკურ პარტიებთან, როცა 15-მა პარტიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, პირობას დებდნენ, რომ უზრუნველყოფდნენ თანასწორობას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

"დღევანდელ რეალობაში იშვიათად შეძლებთ გაიხსენოთ ისეთი ფაქტი, როცა 15 პოლიტიკური პარტია რამეზე შეთანხმდა. მე და ანა სუბელიანი ვმუშაობდით ამაზე და როცა ვიწყებდით, არც კი სჯეროდათ, ალბათ 2-3 პარტია მოგიწერთ ხელსო. ჩვენ მართლა შეუძლებელი შევძელით და ისეთმა ადამიანებმაც კი მოგვიწერეს ხელი, რომლებზეც ვერ ვიფიქრებდი, რომ რაიმე ფორმით მოუნდებოდათ აფილირება დოკუმენტთან, სადაც ლგბტქი უფლებები ან ჰომოფობია იქნებოდა ნახსენები. მნიშვნელოვანია, რომ ჰომოფობია, როგორც პრობლემა, იყოს აღიარებული. ცვლილებები უცებ არ ხდება. დაიძრა ყინული, რომ პოლიტიკურ პარტიებთან რაღაც ტიპის თანამშრომლობა გვქონოდა. თუ საკანონმდებლო ცვლილებები ან რაიმე თემაზე ადვოკატირება გვჭირდება, ეს ხდება პოლიტიკის გავლით. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ან თავს იტყუებს, ან არაეფექტური მეთოდები აქვს პოლიტიკის განსახორციელებლად".

მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა.

გიორგის აზრით, იმაში, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანების დამოკიდებულებები შეიცვალა და უფრო მეტი ფიქრობს, რომ ლგბტქი უფლებები მნიშვნელოვანია, თბილისი პრაიდმა დიდი როლი ითამაშა. მისი თქმით, ორგანიზაციამ ეფექტურად იმუშავა მედიასთანაც და საზოგადოებასთანაც.

"თვითმიზანი სადღაც ჩავლა არასდროს ყოფილა. ჩვენი მიზანი ყოველთვის უსაფრთხო და თანასწორ გარემოში ცხოვრება იყო, სადაც ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ. რიგი საკითხების უფრო გაპოლიტიკურება, პრობლემებზე პირველ პირში საუბარი რეალურად ჩვენ დავიწყეთ აქტიურად და ყველაზე ხილვადი ჯგუფი გავხდით ქვიარ თემში, რაც ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებს ჰყავდეთ ხილული მაგალითები, ვის რა საკითხი აწუხებს. ხშირად საუბრობენ ხოლმე, რომ ხილვადობის ყველა იმ აქტს, რომელიც თბილისი პრაიდს ჰქონდა, ძირითადად, მარშის ირგვლივ, ახლავს ხოლმე ნეგატიური რეაქცია, რომ უფრო მწვავდება უსაფრთხოების გამოწვევები. მოლოდინიც გვქონდა, რომ ასე იქნებოდა, ცვლილებები მარტივად არ ხდება. ჩემს წარმოდგენაში, მე არ მაქვს ბევრი დრო, რომ 20-წლიან პერსპექტივაზე მქონდეს წარმოდგენილი, როგორ შეიცვლება ადრე თუ გვიან სიტუაცია თავისით, პატარ-პატარა აქტივობებით. ეს არ მაკმაყოფილებდა არასდროს, მინდოდა, ცოტა დამეჩქარებინა ის პროცესი, რომელიც ამ მიმღებლობას გაზრდიდა".

ფოტო: ვახო ქარელი

გიორგი თაბაგარს ვკითხე იმის შესახებაც, რას ფიქრობს ქვიარ აქტივისტებს შორის თვალსაჩინო აზრთა სხვადასხვაობის, ხშირად დაპირისპირების შესახებაც. მისი თქმით, არასწორია იმის მოლოდინი, რომ იმხელა ჯგუფში, როგორიცაა ქვიარ თემი, ჰარმონია უნდა იყოს — "იმდენი სხვადასხვა ჯგუფია, სხვადასხვა გამოცდილებით, რომ ჩაგვრები კი გვაერთიანებს, მაგრამ ბევრი საკითხია, რომელზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი. სტრატეგიაშიც შეიძლება გქონდეს აცდენა, თუ როგორ ვხედავთ პრობლემის მოგვარების გზას. გარდა ამისა, პოლარიზება მხოლოდ პოლიტიკურ ველზე არ არის, ეს აისახება მედიაზე, სამოქალაქო მოძრაობებსა თუ აქტივისტებზეც".

აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი.

თუმცა ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, მათ შორის, ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, არ უნდა, ეს ურთიერთობები იყოს არაკონსტრუქციულ ფორმატში.

"ამ განხილვებში ჩვენ დიდი დრო დავკარგეთ წარსულში. ამიტომ თბილისი პრაიდის პირველი წლის გამოცდილების შემდეგ, გუნდში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ არ შევსულიყავით დაპირისპირებაში, განსაკუთრებით, საჯარო ველზე იმ ადამიანებთან, რომლებიც თემს ან სხვა ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეიძლება მცირე გადაცდომები იყო ამ პროცესში, იმიტომ, რომ ადამიანები ვართ, მაგრამ ყოველთვის ვაკონტროლებდით ერთმანეთს".

ფიქრობს, რომ ეს მეტ-ნაკლებად წარმატებით გააკეთეს, თუმცა სასურველ უკუკავშირს ხშირად ვერ იღებდნენ. მაგალითად ასახელებს 5 ივლისის პერიოდს, როცა პრაიდის ორგანიზებაში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩართული და ამბობს, რომ აკლდათ ქვიარ ორგანიზაციები.

"ეს ჩემთვის ცოტა გაუმართლებელია და რადგან აღარ ვმუშაობ ამ სფეროში, შემიძლია ცოტა რეფლექსია მქონდეს — ცოტა სამარცხვინო იყო ალბათ, რიგი ორგანიზაციები და ადამიანები არასწორ მხარეს აღმოჩნდნენ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, როდის რას აკეთებ, რამდენად იაზრებ კულტურულ-პოლიტიკურ პროცესს და როცა ამხელა საერთო მტერი გვყავს, ცოტა უფრო მეტი სოლიდარობა, გვერდში დგომა და ნაკლები ფეხის დადებაა საჭირო იმისთვის, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ. რესურსის ნაკლებობას არ განვიცდიდით, მხარდაჭერა გვაკლდა. დღემდე გული მწყდება რიგ ადამიანებზე. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მესმის რაღაც მომენტში, ვცდილობ წარმოვიდგინო რაღაც საკითხები მათი მხრიდან, რატომ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში ისე, როგორც მოიქცნენ. მაგრამ გული მწყდება ვიღაცებზე, კი და დღემდე მომყვება რაღაც ეტაპზე ეს გულისწყვეტა. თუმცა ამას არ ვიყენებ ბოროტად".

როგორც გვიყვება, 2021 წლის დასაწყისში, სანამ 5 ივლისი მოხდებოდა, ორგანიზაციის გამგეობასა და თანამშრომლებს უთხრა, რომ თბილისი პრაიდს ტოვებდა.

რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს.

"3 წელი ვიყავი ორგანიზაციის დირექტორი, მანამდე ჯამში სამოქალაქო აქტივიზმის დაახლოებით 12 წელი დამიგროვდა და ძალიან დიდი გზა გამოვიარე ამ პერიოდში. თითქოს ამოვწურე საკუთარი თავი სამოქალაქო აქტივიზმში იმ ფორმით, რა ფორმითაც ვიყავი. ჩემი ასაკიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, უკეთესი ანაზღაურება მქონდეს. ის სტრესი და გამოცდილება, რომელიც გავიარე, საკმარისი იყო, რომ ჩემი ცხოვრების ის თავი დამეხურა".

როგორც ამბობს, ძალიან შორსაც არ წასულა და ზოგადად, საქმე, რომელიც აინტერესებს, სოციალურ ცვლილებებთან უნდა იყოს ბმაში — "ამის ირგვლივ ვიტრიალებ ალბათ მთელი ცხოვრება, ალბათ ეს არის ჩემი როლი, რომელიც მინდა, რომ მქონდეს".

ფოტო: ვახო ქარელი

მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება სხვადასხვა პროექტისგან შედგება და თბილისი პრაიდიც ერთი ასეთი, დიდი პროექტი იყო.

"აქტივიზმში ჩემს ჩართულობას მხოლოდ ის განზომილება არ ჰქონდა, რომ თემის წევრი ვარ. მე ეს საქმე მეხერხება, პროფესიულად მაინტერესებდა აქტივიზმი".

სამოქალაქო პარტნიორობა

გიორგი თაბაგარი ახლა პარტნიორთან ერთად ცხოვრობს და აღელვებს ის საკითხი, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა საშუალებას, მათი ურთიერთობა სამართლებრივ ფორმებში მოექცეს. ამ შემთხვევაში ის საუბრობს სამოქალაქო პარტნიორობაზე ყველა იმ უფლების გათვალისწინებით, რომლებიც აქვთ თანაცხოვრებაში მყოფ ადამიანებს, გარდა ქორწინების და შვილად აყვანის საკითხისა.

"თანაცხოვრებას აქვს ბენეფიტები, რომლებიც ნორმალურ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. მაგალითად, როდესაც ორი ადამიანი აგროვებს საერთო ქონებას, მათ სჭირდებათ ისეთ რაღაცებზე წვდომა, როგორიც არის, მაგალითად, მემკვიდრეობა ან თუნდაც ქონებრივი დავა — თუ ცხოვრობ ადამიანთან ერთად 10 წლის განმავლობაში და ერთად შეიძინეთ ბინა, მანქანა, ნებისმიერი მცირე თუ დიდი ნივთი, ეს ყველაფერი არის თანაცხოვრების დროს შეძენილი და გჭირდება რაღაც საკანონმდებლო ჩანაწერი. იგივე ეხება, ვთქვათ, სესხის გამოტანას ბანკიდან, როცა ოჯახის წევრებს შეუძლიათ ერთობლივი სესხი გააკეთონ. გარდა ამისა, თუ ერთი პარტნიორი აღმოჩნდა საავადმყოფოში, მეორეს უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგივე ეხება ციხეს, ჩვენების მიცემის ნაწილს და ა.შ.".

გიორგი ფიქრობს, როგორც საზოგადოება, ისე პოლიტიკოსები უკვე მზად არიან იმისთვის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყოს, მაგრამ ამას სჭირდება სხვა ტიპის საკანონმდებლო რეგულირება, ხედვა და სწორი მუშაობა. მისი თქმით, სწორი არ არის შეხედულება, რომ ამ საკითხის წინ წამოწევა უფრო მეტ აგრესიას იწვევს. ის იხსენებს საკუთარ გამოცდილებას, როცა თანასწორობის მოძრაობაში სამოქალაქო კამპანიის წარმოების პროცესში ფოკუს ჯგუფები ჩაატარეს სხვადასხვა რეგიონის, ჯგუფის, ასაკის ადამიანებთან და გამოიკვეთა, რომ "როცა საქმე არ მიდგება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ქორწინება და შვილად აყვანა და საუბარია სამოქალაქო პარტნიორობის იმ გაგებაზე, რომელიც კონკრეტულ უფლებრივ ჩამონათვალს გულისხმობს, მოსახლეობას ამაზე პრობლემა არ აქვს".

შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი.

"თუ არ იმუშავებ, რა თქმა უნდა, მარტივია თქვა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად. არასდროს იქნება მზად, თუ არ დაიწყება ამაზე მუშაობა".

მისი თქმით, სამოქალაქო პარტნიორობა ქვიარებს შეუქმნის მეტ-ნაკლები თანასწორობის შეგრძნებას, რომ "ჩვენც ვართ ამ საზოგადოების მეტ-ნაკლებად თანასწორი ნაწილი, რომ ყოველ ნაბიჯზე არ ვგრძნობდეთ განსხვავებას".

ჰომოფობიაზე საუბრისას გიორგი ამბობს, რომ ბევრი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ კითხვები უნდა დასვას. მისი თქმით, მთელი ამ პროცესის კრიტიკული გააზრება, საერთოდ რატომ გვაწუხებს სხვა ადამიანების ორიენტაცია, კრიტიკული ანალიზის ნაკლებობის და გაუნათლებლობის შედეგია.

"რატომ ვართმევთ ადამიანებს თანასწორად ცხოვრების შესაძლებლობას? რას ვკარგავთ ჩვენ იმით, რომ ვიღაცას აქვს სამოქალაქო პარტნიორობის უფლება? — ეს კითხვა ალბათ ყველა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, როცა მეორე ადამიანის უფლებრივ თანასწორობაზე მიდგება საუბარი. არაფერს, არაფერს კარგავენ რეალურად ადამიანები, არც პრაიდ მარშით კარგავენ. ეს პოლიტიკური და ყურით მოთრეული თემაა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის და პირდაპირ კრემლის პოლიტიკის შედეგია ამ ქვეყანაში. 2022 წლის პრაიდ კვირეული იყო ზუსტად იმის მაგალითი, რომ თუ ფულს არ ჩადებენ ჰომოფობიის ორგანიზებაში, საშუალო სტატისტიკური ქართველი ქუჩაში ქვას არ გესვრის. ამის უკან ყოველთვის დგანან რაღაც ინსტიტუციები, როგორიცაა ეკლესია, რომელიც რუსეთის მთავარი გავლენის აგენტია საქართველოში, ასევე, ალტინფო და კონსერვატიული პარტიები, რომლებიც პირდაპირ დაფინანსებას იღებენ რუსეთიდან. შესაბამისად, ჰომოფობია არის მართული პროცესი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს. კი, არიან ჰომოფობები ბუნებრივადაც ამ საზოგადოებაში, მაგრამ ქვით არ მოგდევენ".

რაც შეეხება მის პირად გამოცდილებებს, ამბობს, რომ რაღაც ტიპის გამოწვევებს აწყდება და მისი საქმიანობიდან გამომდინარე, დღეს აღარ არის მარტივი იცხოვროს ისე, როგორც ცხოვრობდა წარსულში.

"მე ასე ვუყურებ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრების გამოცდილება მქონდა პროფესიული ზრდის თვალსაზრისითაც და თვითრწმენის გაუმჯობესების კუთხითაც. შეიძლება სინანულის რამდენიმე კონკრეტული მიზეზი იყოს მთლიანად პროცესში, მაგრამ ერთიანობაში არა, პირიქით — მგონია, რომ სადაც არ უნდა მეცხოვრა, სხვაგან ასეთ საინტერესო ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვერ მივიღებდი".