ფოტო-ვიდეო: რა ხდება თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შემდეგ
თურქეთში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელსაც 6,7 მაგნიტუდის ბიძგები მოჰყვა. საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, ეს მიწისძვრა ისეთივე ძლიერი იყო, როგორც 1939 წელს.
ეპიცენტრი თურქეთ-სირიის საზღვართან, ქალაქ გაზანთეპთან ახლოს იყო, შედეგად ბიძგები რეგიონის 4 ქვეყანაში იგრძნობოდა, მათ შორის, ლიბანსა და ისრაელშიც.
მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია, რასაც ორ ქვეყანაში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქტაის თქმით, სულ მცირე 284 ადამიანი დაიღუპა და 2 300-ზე მეტი დაშავდა. სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო კი სულ მცირე 237 დაღუპულსა და 630-ზე მეტ დაშავებულზე იტყობინება.
სირიის სამოქალაქო დაცვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ტვიტერზე დაწერა, რომ ჩრდილო-დასავლეთ სირიაში ათეულობით ადამიანი ნანგრევებში დარჩა. ადგილობრივ მედიებზე კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულთა რაოდენობის გამო საავადმყოფოები გადავსებულია.
აღსანიშნია ისიც, რომ თურქეთის პროვინციები გაზიანთეპი და კაჰრამანმარასი, რომლებიც მიწისძვრის ეპიცენტრთანაა, ასიათასობით სირიელი ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელია. ამ ეტაპზე მათ შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ქვეყნებში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. თურქული ტელეარხი იტყობინება, რომ ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბუნებრივი აირის მილები აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
გარდა ამისა, დაზიანდა ჰატაის აეროპორტის ერთადერთი ასაფრენი ბილიკი და გამოუსადეგარი გახდა.
მიწისძვრამ ჩამოანგრია მეჩეთი მალათიაში. როგორც NY Times წერს, მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა სტამბულშიც, არ ყოფილა პირველადი ცნობები ცისფერი მეჩეთისა და აია სოფიას დაზიანების შესახებ.
Al Jazeera ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთში 1 700-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა. აქედან 900-მდე გაზიანთეპსა და კაჰრამანმარასის პროვინციებში.
თურქულ მედიებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ჩამოინგრა ერთ-ერთი დაზიანებული შენობა დღეს.
გადარჩენილები ცდილობენ, სოციალური მედიის პოსტებით მაშველებს ხმა მიაწვდინონ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ტელეფონით და ინტერნეტით კომუნიკაციის პრობლემები იყო, რამდენიმე მათგანმა კომუნიკაცია შეძლო.
"მიშველეთ" — ამ წარწერით ატვირთა ტვიტერზე ნანგრევებში მოყოლილმა ქალმა თავისი ფოტო. თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შემდეგ მას მისამართისა და კოორდინატების დაზუსტება სთხოვეს და ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაემართა.
კომენტარები