იუპიტერის გარშემო კიდევ 12 თანამგზავრის არსებობა დადასტურდა
ჩვენი მზის სისტემის უდიდესი პლანეტა მის გარშემო მოძრავი ბუნებრივი თანამგზავრების რაოდენობით მართლაც გამორჩეულია. მეცნიერებმა ახლახან კიდევ 12 მათგანის არსებობა დაადასტურეს, რამაც აირის გიგანტის უახლოესი ციური სხეულების რიცხვი 92-მდე გაზარდა. ამით მან სატურნს, რომლის ირგვლივაც 83 ასტრონომიული ობიექტი გადაადგილდება, პირველობა ჩამოართვა.
ამ ორივე პლანეტის ორბიტაზე, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი თანამგზავრია, რომლებიც მცირე ზომის გამო ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია. მათ დასანახად ძალიან მძლავრი ტელესკოპებია საჭირო, რომელთაც ხედვის ფართო არეალი არ ექნება და პატარა ობიექტებზე ფოკუსირების საშუალებას მოგვცემს. ამას იუპიტერის სიკაშკაშეც უშლის ხელს.
აღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, მეცნიერები 12 ახალი თანამგზავრის ორბიტას წლების განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად, დავრწმუნდით, რომ თითოეული მათგანი ნამდვილად იუპიტერის სისტემაში შედის, რაც ოფიციალურ ბაზაშიც აისახა. ბოლოს მსგავსი რამ 2018 წელს მოხდა.
12-დან 9 თანამგზავრი აირის გიგანტის გარშემო რეტროგრადულ ორბიტაზე მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მათი ტრაექტორია იუპიტერთან უფრო ახლომდებარე სხვა მსგავსი ობიექტების საპირისპიროა. დანარჩენი 3 თანამგზავრიდან 2 პლანეტისგან 11-12 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, მესამე კი — 17 მილიონი კილომეტრით.
12-ვე მათგანის ორბიტული პერიოდი 340 დღეს აღემატება. ისინი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ოფიციალური სახელი არ გააჩნია. სავარაუდოდ, ეს თანამგზავრები უფრო დიდი სხეულების შეჯახებისა და დანაწევრების შედეგადაა ფორმირებული.
კომენტარები